და მაინც, რამდენი წლისაა მეკარე ედელი?

AutoSharing Option
გეხსომებათ, ამ რამდენიმე დღის წინათ საფეხბურთო აგენტმა ნიკოლა ფილიბერმა სენსაციური განცხადება გააკეთა - აქაოდა, "პარი სენ-ჟერმენისა" და სომხეთის ნაკრების მეკარემ ედელ აპულა ედიმა ბეტემ სხვისი სახელ-გვარი მიითვისა და თავისი საპასპორტო მონაცემები გააყალბაო. ჰოდა, ამ ფეხბურთელმა ბრალდების გასაბათილებლად პარიზულ პოლიციაში მისვლა და საბუთების წარდგენა გადაწყვიტა.

ასეც მოიქცა – საფრანგეთის დედაქალაქის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში ჯერ პასპორტი შეისწავლეს, შემდეგ ედელის მონაცემები სხვადასხვა კომპიუტერულ ბაზებთან შეადარეს და დაადგინეს, რომ მათ წინაშე მართლაც ედელ აპულა ედიმა ბეტე იდგა.

საკუთარი პირადობის დადგენის გარდა ედელს პოლიციაში სხვა
საქმეც ჰქონდა – გოლკიპერმა გამომძიებლებს ჩვენება მისცა იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ედელის განცხადების საფუძველზევე აღიძრა – თურმე, ხსენებული ფილიბერი ამ ჩვენს ნატურალიზებულ სომეხს 30 ათას ევროს სძალავს, ვითომდა ედელს მისი ვალი აქვსო.

საინტერესო მომენტი: მიმდინარე წლის თებერვალში ედელმა გაზეთ Le Parisien-ის ჟურნალისთს თავისი მაჯები წარუდგინა. აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელს მარცხენა მაჯაზე "19" აქვს ამოსვირინგებული, ხოლო მარჯვენაზე - "86". ეს ჩემი დაბადების წლის დამადასტურებელი საბუთიაო, თქვა ედელმა. ამასობაში, ის კამერუნელი მეკარე, რომელიც თავად ფილიბერმა ოდესღაც სომხეთში ჩაიყვანა, სინამდვილეში 28 წლისაა, რისი დამადასტურებელი საბუთებიც ფილიბერს ხელთ ჰქონია.

თავის მხრივ, ფეხბურთელის ადვოკატი კრისტოფ ბიგო აცხადებს, რომ მის ხელთაცაა რაღაც-რაღაც დოკუმენტები, მაგალითად, ედელის დაბადების მოწმობა და პასპორტი, რომელშიც დაფიქსირებულია კამერუნელი ფეხბურთელის სომხეთის ტერიტორიაზე შესვლის თარიღი...

მოკლედ, ერთ-ერთი მხარე ცრუობს. კერძოდ რომელი, ამას დრო და პარიზული პოლიციის გამოძიება გვიჩვენებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული