დღეს
ოსერი-ნანსი 21:00
კაენი-ბორდო 21:00
ლორიანი-მონაკო 21:00
მარსელი-სოშო 21:00
მონპელიე-არლი 21:00
ნიცა-რენი 21:00
ლიონი-სენტ-ეტიენი 23:00
ხვალ
ბრესტი-ვალანსიენი 19:00
ტულუზი-ლილი 19:00
ლანსი-პსჟ 23:00
საფრანგეთის ჩემპიონატმა ტემპი განავითარა და უკვე რაღაც-რაღაცები იკვეთება კიდეც. შორსმიმავალი დასკვნების გამოტანისთვის ჯერ მეტისმეტად ადრეა, თუმცა ის კი ფაქტია, რომ პირველობის მთავარმა პრეტენდენტებმა სეზონი საზიზღრად დაიწყეს, ხოლო ლიდერებში ისეთი გუნდები არიან, რომლებიც აუტსაიდერებად თუ არა, საშუალო დონისებად კი მიიჩნევიან.
მართლაც მოულოდნელობაა, როცა მოქმედი ჩემპიონი "მარსელი" მერვე ადგილზეა და ლიდერს 5 ქულით ჩამორჩება, შარშანდელი ჩემპიონი "ბორდო" მეცამეტეა, ხოლო ბოლო ათწლეულის საუკეთესო ფრანგული კლუბი
მეშვიდე ტურის მთავარ მატჩი კი ლიონში გაიმართება – იმიტომ რომ, ჯერ ერთი, "სტად ჟერლანზე" ვიცე-ჩემპიონი "ლიონი" ლიდერ "სენტ-ეტიენს" უმასპინძლებს; მეორეც, სულ რომ ქვედა ლიგაში თამაშობდნენ, ამ გუნდების დაპირისპირებას საფრანგეთში რონული დერბი ეწოდება, რაკიღა ორივე გუნდი რონის რეგიონის ქალაქებისაა, ხოლო დერბი რომ ყოველთვის ბრძოლას და კონკურენციას ნიშნავს, ახსნა რად უნდა; მესამე და მთავარი კი ისაა, რომ ეს იქნება "ლიონისა" და "სენტ-ეტიენის" საიუბილეო, მე-100 შეხვედრა! რა თქმა უნდა, შიდაგანწყობა ბანაკებში განსხვავებულია, მაგრამ საფრანგეთის შვიდგზის ("ლიონის") და ათგგზის ("სენტ-ეტიენის") თითოეული მატჩი პრინციპულ ხასიათს ატარებს. ბარემ ვთქვათ, რომ წინა 99 შეხვედრიდან დღევანდელ მასპინძელთა სასარგებლოდ 31 მატჩი დასრულდა, "მწვანეებს" კი ლიონელი მეტოქისთვის 38-ჯერ მოუგიათ, ხოლო 30 შემთხვევაში ისინი ფრეზე გაიყარნენ.
ზემოთაც ვთქვით და გავიმეორებთ კიდეც, რომ დღეს ეს გუნდები ცხრილის სხვადასხვა პოლუსებზე არიან და სატურნირო მდგომარეობასაც რომ დავანებოთ თავი, მუდამ მრისხანე ლიონურმა შეტევამ ექვს ტურში მხოლოდ ოთხი გოლის გატანა მოახერხა, "მწვანეებმა"კი 11-ჯერ გაამწარეს მეტოქე გუნდის მეკარეები, თანაც სენტეტიენელთა გოლების ნახევარზე მეტი საკუთარ ანგარიშზე დიმიტრი პეიემ ჩაიწერა - ინდოეთის ოკენის პატარა კუნძულ რეიუნიონზე დაბადებული 23 წლის ფორვარდი 6 გოლით ლიგა 1-ის ბომბარდირთა დავას ლიდერობს. მაგრამ მარტო პეიე არა, კრისტოფ გალტიეს ყველა შეგირდი გამოიყურება დამაჯერებლად და გუნდის მიერ აქამდე ნაჩვენები თამაშის ხარისხი "სენტ-ეტიენის" ლიდერობის სამართლიანობას ადასტურებს.
"გუნდში გალტიეს მოსვლის შემდეგ ახალმა სიომ დაუბერა. კრისტოფი რომ არა, გასულ სეზონში უთუოდ გავვარდებოდით. დღევანდელი "სენტ-ეტიენის" წარმატებები მთლიანად მწვრთნელის დამსახურებაა", - ასე შეაფასა თავისი დამრიგებლის ღვაწლი "მწვანეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ბაკარი საკომ.
"ლიონის" წარუმატებლობას კი ობიექტური მიზეზები აქვს – სეზონის სტარტზევე კლოდ პიუელის ხელთ არსებული ჯანმრთელი კადრები ყოველდღიურად მცირდებოდა. ხან ვინ მიიღებდა ტრავმას, ხან ვინ... მწვრთნელი იძულებული იყო, ზოგიერთ პოზიციაზე სულ სხვა ამპლუის ფეხბურთელები დაეყენებინა და სტრატეგია-ტაქტიკაზე ფიქრის დროც აღარ რჩებოდა. ბოლოხანს ამ მხრივ სიტუაცია რამდენადმე გამოსწორდა და ლაზარეთიც თითქოსდა დაიცალა, მაგრამ ახლა პიუელს საუკეთესო ფორვარდი ლისანდრო ლოპესიც გამოაკლდა, ხოლო ედერსონზე ლაპარაკიც არ ღირს – ბრაზილიელი გარემარბი სეზონის უდიდეს ნაწილს გააცდენს. ლისანდროს არყოფნაში მასპინძელთა შეტევას ბაფეტიმბი გომისი ულიდერებს, რომელიც ლიონურ კლუბში სწორედ "სენტ-ეტიენიდანაა" მისული.
სტუმარ გუნდს, შესაძლოა, ხსენებული პეიე გამოაკლდეს, რომელმაც ორიოდე დღის წინ ლიგის თასის მატჩში ნაკლებად სერიოზული დაზიანება მიიღო. ბუბაკარ სანოგო და იოან ანდრეუ კი საკლუბო ექიმების პაციენტები კიდევ საკმაო ხანს იქნებიან.
"სენტ-ეტიენივით" 13-ქულიანია "ტულუზიც", თუმცა ბურთების უარესი ბალანსი აქვს. ალენ კაზანოვას გუნდმა სეზონი მიჯრით ოთხი მოგებით დაიწყო, მაგრამ მომდევნო 2 მატჩში კინკილა ქულას მოუყარა თავი, ხოლო შუაკვირაში მეორელიგელ "ბულონთან" 1:2 დამარცხდა. კვირას ტულუზელები "ლილს" უმასპინძლებენ და ქულის აღებაც გაუჭირდებათ, იმდენად სუსტად თამაშობენ ამ ბოლო დროს. კარგი ამბავი ისაა, რომ იოან პელე გამოჯანმრთერლდა და "ტულუზის" კარშიც ეს კიპერი ჩადგება, ხოლო შუახაზს კვლავ მუსა სისოკო უხელმძღვანელებს, ვინც ასევე მოიშუშა ტრავმა.
"ლილი" კი, "რენსა" და "მონაკოსთან" ერთად ჯერაც დაუმარცხებელია. მართალია, ჩრდილოელებს მხოლოდ ორი მატჩი აქვთ მოგებული, მაგრამ საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობენ და აუტსაიდერის როლში ალბათ არც ტულუზში იქნებიან.
"რენი" ვახსენეთ და ამ ბრეტონულ გუნდს დღეს მეტად რთული მატჩი ელის – რივიერაზე "ნიცას" წინააღმდეგ. ეს გუნდი "რენისთვის" უხერხული მეტოქე სულაც არ არის, უბრალოდ, სათავეში ერიკ რუას მისვლის შემდეგ ლაჟვარდოვანი სანაპიროს ბინადრები ძალზე საიმედოდ ათამაშდნენ და ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ დამარცხდნენ, ბოლოს – ერთი კვირის წინ მონბელიარში. გასულ ტურში "სოშომ" მეტად მწარე სილა გააწნა ნიცელებს - 4:0 დაამცირა. იმ მატჩისგან განსხვავებით, დღეს ნიცელთა წინა ხაზი უფრო სოლიდური იქნება – მამადუ ბაგაიოკო და ლარის მაბიალა სრულ ჯანზე არიან და ითამაშებენ.
საფრანგეთის ჩემპიონატში დაუმარცხებელი კიდევ "მონაკოცაა", რომელიც დღეს ლორიანში ითამაშებს, სადაც, სხვათა შორის, ისტორიაში ერთადერთხელ მოუგია და ისიც – 12 წლის წინათ.
ჩემპიონი "მარსელი" ერთი კვირის წინ გოლების იშტაზე მოვიდა – "არლთან" სტუმრად სამჯერ გაიტანა. იმ შეხვედრაში აბედი პელეს ორივე ვაჟმა ითამაშა, უფროსმა კი დუბლი მიითვალა. დღეს მარსელელებს სტრავმამოშუშებული ლუჩო გონსალესი, ლეიტი ნდიაი, სულეიმან დიავარა და ლოიკ რემიც დაემატებიან, ანუ გუნდი სათამაშოდ საუკეთესო შემადგენლობით გავა. ეჭვიც არაა, რომ ჩემპიონის დღევანდელ მეტოქეს პრობლემები ექნება – მერე რა, რომ "სოშომ" ერთი კვირის წინ "ნიცა" გაანადგურა. ეს ხომ დიდიე დეშანის "მარსელია", ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, თანაც მატჩი "ველოდრომზე" გაიმართება...
"ოსერისთვის" სეზონი რთულად დაიწყო – გუნდი ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად იბრძოდა და მიზანს მიაღწია კიდეც, მაგრამ შიდა პირველობისთვის ძალები აღარ ყოფნის. თუმც, იგივეს თქმა საკუთრივ ჩემპიონთა ლიგაზეც შეიძლება – ჟან ფერნანდესის გუნდი იქაც დამარცხდა...
"ბორდოს" კაენში მძიმე გასვლა აქვს. ერთწლიანი პაუზის შემდეგ ელიტაში დაბრუნებული "კაენი" საკმაოდ სოლიდურ ფეხბურთს დემონსტრირებს და ყველას ერთნაირი მოდნომებით ეთამაშება – გრანდი იქნება მისი მეტოქე თუ რიგითი ფრანგული გუნდი. წესით, "ბორდო" გრანდია, მაგრამ მიმდინარე ჩემპიონატში ევროსაგზურების ზონაში რომ მოხვდეს, თამაშის ხარისხი კარდინალურად უნდა გამოასწოროს.
"არლი" ელიტაში ისტორიული ქულის მოპოვებას მეშვიდე ჯერზე შეეცდება, თუმცა ვარაუდს გამოვთქვამთ, რომ ავინიონელებს არც მონპელიეში გამოუვათ რამე, რადგან მასპინძელი გუნდი წინა ორი მატჩის წაგებით გამწარებულია და რენომეს აღსადგენად "არლზე" უკეთეს მეტოქეს ვერც ინატრებდა, თანაც დღევანდელ ოპონენტზე ობიექტურად ძლიერიცაა. მოკლედ, ავინიონური გუნდის პრობლემებს ბოლო არ უჩანს...
1. სტ.-ეტიენი 6 4 1 1 11:6 13
2. ტულუზი 6 4 1 1 8:3 13
3. რენი 6 3 3 0 7:2 12
4. კაენი 6 3 2 1 7:6 11
5. სოშო 6 3 1 2 12:7 10
6. ლილი 6 2 4 0 7:3 10
7. ნიცა 6 2 3 1 6:8 9
8. მარსელი 6 2 2 2 11:8 8
9. პსჟ 6 2 2 2 9:6 8
10. მონაკო 6 1 5 0 6:4 8
11. ბრესტი 6 2 2 2 5:4 8
12. მონპელიე 6 2 2 2 3:5 8
13. ბორდო 6 2 1 3 7:7 7
14. ვალანსიენი 6 1 4 1 6:6 7
15. ნანსი 6 2 1 3 5:10 7
16. ლორიანი 6 1 2 3 5:7 5
17. ლიონი 6 1 2 3 4:8 5
18. ლანსი 6 1 2 3 7:12 5
19. ოსერი 6 0 4 2 5:8 4
20. არლი 6 0 0 6 2:13 0
ლელო