საფრანგეთში ახალი ლიდერია

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატში ლიდერი შეიცვალა. მერვე ტურამდე ცხრილის პირველ ადგილზე "სენტ-ეტიენი" იმყოფებოდა, რომელიც შაბათს ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ "მარსელს" 1:1 დაუზავდა და "მწვანეთა" ამ წაფორხილებით ტურის დასკვნით მატჩში "რენმა" ისარგებლა, რომელმაც სეზონის სტარტის საუკეთესო ფრანგული კლუბი "ტულუზი" 3:1 დაამარცხა.

ადამიანია თუ კატა?
სენტ-ეტიენის "ჟოფრუა-გიშარზე" მასპინძლები დომინირებდნენ და, როგორც "მწვანეების" გოლკიპერმა ჟერემი ჟანომ თქვა, ჩემი მარსელელი კოლეგა რომ არა, ამ თამაშს უთუოდ მოვიგებდითო.

"სტივ მანდანდამ რამდენიმე მკვდარი ბურთი აიღო, ერთ მომენტში კი უბრალოდ გამაოგნა – კატაა, თუ ადამიანი? ისეთი რექცია გამოავლინა, განცვიფრებული დავრჩი",
- თქვა ჟანომ.

"მარსელის" დამრიგებელი დიდიე დეშანი კი შედეგით კმაყოფილი იყო. "ქულის მოპოვებით კმაყოფილი ვარ. პირველი ტაიმის მეორე ნახევარი ჩვენი კარნახით წარიმართა, შესვენების შემდეგ კი "სენტ-ეტიენმა" დაწოლას მოუმატა და ძლიერ გაგვიჭირდა, - თქვა ნამატჩევს დეშანმა, - "სენტ-ეტიენი" ცხრილის სათავეში განა შემთხვევით იმყოფებოდა. თანაც მეტოქე ჩვენზე დასვენებული იყო – ეს ხომ მესამე მატჩი იყო ჩემი გუნდისთვის ბოლო ერთი კვირის განმავლობაში".

რენი ჩემპიონობისთვის იბრძოლებსო
ლიდერი კი, როგორც ზემოთ ვთქვით, "რენია". ამ გუნდმა "ტულუზის" წინააღმდეგ ძალიან ორგანიზებულად და ჭკვიანურად ითამაშა. შედეგიც ლოგიკური მიიღო – 3:1.

ბრეტონულ კლუბში ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მისულ ნახევარმცველ სტეფან დალმას მიაჩნია, რომ მის ახალ გუნდს საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლა სავსებით ხელეწიფება. 31 წლის დალმას თქმით, "რენის" ლიდერობაში გასაკვირი არაფერი უნდა იყოს – ყოველივე დიდი შრომის ლოგიკური ნაყოფიაო.

"ზაფხულში ნაყოფიერად ვიმუშავეთ, სეზონისთვის საუცხოოდ მოვემზადეთ და თითქოს ყველა ნიუანსი დავამუშავეთ. ჩვენი წარმატებული თამაში უფრო კანონზომიერებაა, ვიდრე მოულოდნელობა. არ ვიცი, რა ხდება "ლიონში" თუ "მარსელში". არც მაინტერესებს. ფაქტია, რომ ორივე გრანდში გარკვეული პრობლემებია. "ბორდო" კი ჩემპიონობისთვის ალბათ ვერ იბრძოლებს – ასეთი სუსტი თამაშით უფრო მოკრძალებული მიზნები უნდა გქონდეს. ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, წყალს ჩვენს წისქვილზე ასხამს, თუმცა ასეც რომ არა, მაინც ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებოდით ფრანგული ფეხბურთის მასშტაბით", - თქვა მრავალნაცადმა დალმამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული