ლიგა 1. XXIV ტურის: "ოლიმპიკების" ბოლო შანსი

AutoSharing Option
ჩემპიონატის ლიდერმა პარასკევს ითამაშა და 3:1 მოიგო, რადგან სამშაბათს პარიზელებს ჩემპიონთა ლიგაში, "ვალენსიასთან" დაპირისპირება ელით. კარლო ანჩელოტის გუნდის მეტოქე "ბასტია" იყო. 

ტურის ყველაზე გამორჩეული მატჩი, როგორც ყოველთვის, კვირას, თბილისის დროით შუაღამით საათზე გაიმართება. "სტად ჟერლანზე" სათამაშოდ ჩადის "ლილი", რომელსაც ერთი თვის წინ აღმავლობის პერიოდი ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ აშკარად ჩავარდნა აქვს და უკვე ოთხი მატჩია არ მოუგია. ამის გამო, რუდი გარსიას გუნდი მე-10 ადგილამდე ჩამოქვეითდა და იმავე "ლიონს" 14 ქულით ჩამორჩება.

"ლიონმა" წინა ტურში "აიაჩოსთან" წააგო და ერთპიროვნული ლიდერობა პსჟ-ს
გადააბარა. "ოლიმპიკს" ქულების დაკარგვის უფლება აღარ აქვს, თორემ ჩემპიონობის შანსი მკვეთრად შეუმცირდება. მასპინძლებს დეიან ლოვრენი არ ეყოლებათ, რომელიც "აიაჩოსთან" გააძევეს, გარდა ამისა, საეჭვოა ლისანდრო ლოპესის თამაში, რომელმაც "ლილს" ბოლო 6 შეხვედრაში (ჩემპიონატში და თასზე) 5 გოლი გაუტანა - არგენტინელს წვივის კუნთი აწუხებს.

რუდი გარსიას ფრანკ ბერიას
და რიო მავუბას იმედი არ უნდა ჰქონდეს, სამაგიეროდ აფრიკის თასიდან დაბრუნდნენ სალომონ კალუ და რაიან მენდესი. "ლილმა" ლიონში ბოლოს 2005 წელს მოიგო და მას შემდეგ ჩატარებულ 7 შეხვედრაში 4-ჯერ დამარცხდა, სამჯერ კი შინ ქულა წაიღო. ამ გუნდების შეხვედრებში უგოლო ფრე ბოლოს 2003 წელს დაფიქსირდა, ასე რომ გოლებს ახლაც უნდა ველოდოთ.

ძალიან მოუკლო "მარსელმა", რომელმაც 2013 წლის დადგომის შემდეგ, ჩემპიონატში ჩატარებულ 4 შეხვედრაში მხოლოდ 4 ქულა აიღო. 23-ე ტურში, ელი ბოპის გუნდი "ნანსითან", თანაც საკუთარ მოედანზე დამარცხდა, რაც ამ სეზონის ერთ-ერთ მთავარ სენსაციად უნდა შევაფასოთ. სხვათაშორის, "მარსელმა" ამ სეზონში "ტრუასთანაც" წააგო - რომ არა აუტსაიდერებთან დაკარგული 6 ქულა, "ოლიმპიკი" ახლა ლიგა 1-ის თანალიდერი იქნებოდა.

პროვანსელთა მომდევნო მეტოქე "ევიანი" გახლავთ, რომელსაც შინ ზუსტად იმდენი ქულა აქვს მოგროვებული (11), რამდენიც სტუმრად. "მარსელი" კი ამ ჩემპიონატში გასვლაზე უკეთ გამოიყურება (შინ - 20 ქულა, სტუმრად - 22) და სტუმრად მოგროვებული ქულების მიხედვით მხოლოდ "პარი სენ ჟერმენს" (24) ჩამორჩება.

სტუმართა რიგებში დებიუტი უნდა ჰქონდეს ალექსის რომაოს, რომელიც გუნდში "ლორიანიდან" იანვარში გადავიდა, მაგრამ აფრიკის თასზე იმყოფებოდა, საიდანაც ტოგოს ნაკრების გამოვარდნის შემდეგ დაბრუნდა.

29 წლის ნახევარმცველმა ჯოი ბარტონის ადგილი უნდა დაიკავოს - ინგლისელი "ნანსისთან" გააძევეს და მას ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს.

"მარსელს" "ევიანთან" სტუმრად სულ ერთი თამაში აქვს ჩატარებული. ეს შეხვედრა შარშან შედგა და ის მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა (2:0). იმ შეხვედრაში ორივე გოლი ყოფილმა "ოლიმპიკელმა" ჟერომ ლერუამ გაიტანა, რომელმაც ცოტა ხნის წინ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

კარგ ფორმაში მყოფი "სენტ ეტიენი", რომელმაც ზედიზედ სამი მატჩი მოიგო, საკუთარ მოედანზე "მონპელიეს" მასპინძლობს. საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონს, სენტ ეტიენში ისტორიის განმავლობაში სულ ერთხელ (1995 წელს) აქვს მოგებული (2 ფრე და 11 წაგება).

მომდევნო 17 წლის განმავლობაში, ეს გუნდები "ჟოფრუა გიშარზე" ერთმანეთს სულ 4-ჯერ შეხვდნენ, რადგან ამ პერიოდში, ორივე გუნდი ლიგა 1-სა და ლიგა 2-ს შორის მოგზაურობდა, თუმცა ქვედა დივიზიონში ერთად ერთხელაც არ ყოფილან.

რენე ჟირარს აფრიკის თასიდან იუნეს ბელჰანდა და აბდელჰამიდ ელ კაუტარი დაუბრუნდნენ, სამაგიეროდ ლაზარეთში გადაინაცვლეს ჟორის მარვომ და სულეიმან კამარამ. გაძლიერდა "სენტ ეტიენიც", რომელსაც აფრიკიდან მაქს-ალენ გრადელი (კოტ დივუარი) და ფაუზი გულამი (ალჟირი) დაუბრუნდნენ.

ბოლო ოთხ ტურში მოპოვებული სამი გამარჯვების შემდეგ, მეოთზე ადგილზე გადასული "ბორდო" კორსიკას ეწვევა, სადაც 4-მატჩიანი წაუგებელი სერიის მქონე "აიაჩოს" შეხვდება.

მართალია, კორსიკელები შინ კარგად თამაშობენ, მაგრამ ბოლო პერიოდში "მარსელის" უსუსურობის გამო, გიომ ჟიოს გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი გაუჩნდა, რაც ჟირონდელებს მოტივაციას გაუორმაგებს.

დიდ ინტერესს იწვევს "ნიცას" თამაში, რომელსაც "ბორდოს" მსგავსად ასევე 38 ქულა აქვს. ზღვისპირელებმა ბოლო ტურში "ბრესტთან" კი მოიგეს, მაგრამ ტრავმის გამო დარიო ცვიტანიჩი დაკარგეს, რომელიც საკუთარ გუნდს "ლორიანთან" ვერ დაეხმარება.

მართალია, ბოლო შეხვედრებში კლოდ პუელის გუნდიდან გოლების გატანა სხვა ფეხბურთელებმაც დაიწყეს, მაგრამ არგენტინელის გამოკლება მაინც ძალიან დიდი, შეიძლება ითქვას, აუნაზღაურებელი დანაკლისია.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXIV ტური
8 თებერვალი
პსჟ-ბასტია 3:1

9 თებერვალი
სტ. ეტიენი-მონპელიე 20:00
აიაჩო-ბორდო 23:00
ნანსი-რეიმსი 23:00
ტრუა-სოშო 23:00
ნიცა-ლორიანი 23:00
ვალანსიენი-ბრესტი 23:00

10 თებერვალი
ევიანი-მარსელი 17:00
რენი-ტულუზი 20:00
ლიონი-ლილი 00:00

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

ბომბარდირები
: 21 - იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი); 12
- ცვიტანიჩი (ნიცა), გომისი (ლიონი); 10 - ობამეიანი (სენტ ეტიენი); 9 - ალესანდრინი (რენი), ალიადიერი (ლორიანი), ბენ ბასატი (ბრესტი/ტულუზი), ბენ იედერი (ტულუზი), მოდესტი (ბასტია). 

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიგა 1. XXIII ტურის სტატისტიკური შეჯამება: მეკარეები ყურადღების ცენტრში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული