ლიგა 1. XXX ტურის წინ: ზღვისპირელთა დერბი

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზის შემდეგ, საფრანგეთის ჩემპიონატი ძალიან საინტერესო მატჩით განახლდა, რომელშიც მოქმედი ჩემპიონი ლიდერს შეხვდა. კიდევ 9 მატჩი უნდა გაიმართოს, რომელთაგანაც რამდენიმე საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს...

პირველ რიგში, საინტერესოა როდემდე გაგრძელდება "სენტ ეტიენის" დაუმარცხებელი სერია - კრისტოფ გალტიეს გუნდს 2013 წელს ერთი მატჩიც კი არ წაუგია და ამჟამად "მწვანეები" მე-4 ადგილზე არიან. ამ ტურში, საფრანგეთის 10-გზის ჩემპიონი სტუმრად "ტრუას" ეთამაშება, რომელიც "ნანსისთან" ერთად ბოლო ორ ადგილს იყოფს. "ტრუამ" ბოლო დროს მოუმატა და უკანასკნელი 8 თამაშიდან მხოლოდ ერთი წააგო, თუმცა 5 მატჩი
ფრედ დაასრულა.

"სენტ ეტიენის" შეტევა უბრალოდ შეუჩერებელია - ჩემპიონატის ბოლო 4 შეხვედრაში გუნდმა 11 გოლი გაიტანა, თუმცა საკუთარი კარი მშრალად მხოლოდ ერთხელ, განახევრებული შემადგენლობით მოთამაშე "ნიცასთან" (4:0) შეინახა. ჟერემი კლემანის გარდა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ უმძიმესი ტრავმა მიიღო (ფეხი მოიტეხა), სეზონი დასრულდა მაქს-ალან გრადელისთვისაც, ვინც სანაკრებო შეკრებაზე მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. კოტ დივუარელი ფეხბურთელი "მწვანეების" ერთ-ერთი ლიდერია და მისი გამოკლება გუნდის თამაშზე უარყოფითად უნდა აისახოს.

ტურის ცენტრალური მატჩი კვირას ნიცაში გაიმართება, სადაც სტუმრად მარსელის "ოლიმპიკი" ჩადის. ზღვისპირელთა დერბიში (ქალაქებს შორის სულ 200 კილომეტრია), ბოლო წლებში "მარსელი" დომინირებს, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის. ამ გუნდების უკანასკნელი 10 მატჩიდან "ოლიმპიკმა" 7 მოიგო, "ნიცამ" კი მხოლოდ 1 - 2010 წელს, საშინაო მოედანზე ემერს ფაეს მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით.

ზოგადად, ეს შეხვედრა ამ გუნდებს შორის 90-ე იქნება. "მარსელმა" 47 მატჩი მოიგო, 21 შეხვედრა ფრედ დასრულდა და ამდენივე შემთხვევაში "ნიცამ" იმარჯვა (ბურთების სხვაობა: 149-97 "ოლიმპიკის" სასარგებლოდ). I წრის დაპირისპირებაში "მარსელი" ორჯერ იგებდა, მაგრამ "ნიცამ" ანგარიში ორჯერვე გაათანაბრა, მეორე 88-ე წუთზე და თავი ყოფილმა "მარსელელმა" ფაბრის აბრიელმა გამოიჩინა.

ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე გახლავთ ის, რომ ამ შეხვედრაში შესაძლოა მოედანს დაუბრუნდეს დარიო ცვიტანიჩი, რომელსაც თებერვლის შემდეგ არ უთამაშია. არგენტინელი ფორვარდი 12 გოლით საკუთარი გუნდის საუკეთესო სნაიპერია და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ტურებში კლოდ პუელის გუნდში რამდენიმე ახალგაზრდა და ნიჭიერი გოლეადორი გამოჩნდა (ბოსეტი, მოპეი, ბაოკენი), ცვიტანიჩი "ნიცას" ძალიან აკლდა. "მარსელს" მორგან ამალფიტანო უბრუნდება, თუმცა მისი თამაში საეჭვოა, რადგან 28 წლის ნახევარმცველს მუხლის ტრავმის გამო საკმაოდ დიდი დრო გაუცდა.

კონკურენტების ურთიერთშეხვედრით სარგებლობა შეუძლია "ლილს", რომელიც ამ ტურში ბრესტს ეწვევა. რუდი გარსიას შეგირდებმა მეორე წრე ძალიან კარგად დაიწყეს, მაგრამ წინა ტურში შინ "ევიანთან" წააგეს და 5-მატჩიანი მოგებათა სერიაც შეწყვიტეს. აქვე აღვნიშნოთ, რომ "ბრესტთან" გამართულ 5 შეხვედრაში "ლილმა" 4-ჯერ იმარჯვა და ამჯერადაც ფავორიტია. ლანდრი შოვენის გუნდი ზედ გასავარდნი ზონის თავზეა, მაგრამ წაგების შემთხვევაშიც იქ არ უნდა ჩაეშვას, რადგან...

...მე-18 ადგილზე მყოფი "სოშო" სტუმრად ლიონში ჩადის და წესით, "სტად ჟერლანიდან" დამარცხებული უნდა გამობრუნდეს. "ლიონს" ზედიზედ სამი ტურია არ მოუგია და თუ არ უნდა, რომ ლიგა 1-ს ინტრიგა ნაადრევად დაუკარგოს, კვირას 3 ქულა უნდა აიღოს.

მოგეხსენებათ, "სოშოს" ლიგა 1-ში ყველაზე მეტი სეზონი აქვს ჩატარებული, შესაბამისად, გასაკვირი არ არის ის, რომ ეს გუნდები ერთმანეთს 92-ედ შეხვდებიან. ლიონში გამართულ მატჩებში მასპინძლები აშკარა უპირატესობას ფლობენ: 30 მოგება 6-ის წინააღმდეგ (9 მატჩი ფრედ დასრულდა). საერთოდ, "სტად ჟერლანზე" გამართული ბოლო 15 მატჩიდან სტუმრებმა მხოლოდ 1 მოიგეს და 4 შეხვედრა ფრედ დაასრულეს. მონბელიარელებთან კარგი მოგონებები აკავშირებს ალექსანდრ ლაკაზეტს - ახალგაზრდა ფეხბურთელმა ლიგა 1-ში თავისი სადებიუტო გოლი სწორედ "სოშოს" გაუტანა. იმ თამაშის შემდეგ (2010 წელი) დიდი დრო გავიდა და ლაკაზეტი ახლა გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. მის გარდა, მწყობრში არიან ლისანდრო ლოპესი და ბაფეტიმბი გომისი, ასე რომ რემი გარდს ყველა წამყვანი ფეხბურთელი მზად ჰყავს, თუ არ ჩავთვლით მილან ბიშევაცს, რომელიც დისკვალიფიცირებულია.

"რენი", რომელიც რომენ ალესანდრინის ტრავმის შემდეგ თამაშს ვეღარ იგებს, შინ "ნანსის" ხვდება და 5-მატჩიანი მოუგებელი სერიის დასრულებას ეცდება. "ნანსიმ" თითქოს გამოიღვიძა - პატრიკ გაბრიელის გუნდმა უკანასკნელი სამი თამაშიდან 2 მოიგო და მართალია, ჯერ ისევ ბოლო ადგილზეა, მაგრამ "ბრესტს" მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება.

6-ქულიანი მატჩი გაიმართება "ევიანსა" და "რეიმსს" შორის. ეს გუნდები, 30-30 ქულით, მე-15-16 პოზიციებზე არიან. მასპინძლებს, რომლებმაც ზედიზედ ორი მატჩი მოიგეს (5:1 "სოშოსთან" და 2:1 "ლილთან" სტუმრად), სიდნი გოვუ და სედრიკ ბარბოსა არ ეყოლებათ. ბოლო სამი მატჩიდან ორი მოიგო "რეიმსმა", თანაც უბერტ ფურნიეს გუნდმა პსჟ და "რენი" დაამარცხა, თუმცა ეს "რეიმსმა" შინ გააკეთა, სადაც ძალიან კარგად თამაშობს, რასაც ნამადვილად ვერ ვიტყვით სტუმრად ასპარეზობაზე - "რეიმსმა" გასვლაზე მხოლოდ 6 ქულა აიღო და ამ შედეგით, 20 გუნდს შორის მე-19 ადგილს იკავებს. მასზე უარესი შედეგი მხოლოდ "ტრუას" აქვს, რომელიც ამავე დროს, ერთადერთი გუნდია, ვისაც გასვლაზე არ მოუგია (5 ფრე და 9 წაგება).

ლიგა 1. XXX ტური

29 მარტი
პსჟ-მონპელიე 1:0

30 მარტი
ტრუა-სტ. ეტიენი 20:00
აიაჩო-ტულუზი 23:00
ევიანი-რეიმსი 23:00
ბორდო-ლორიანი 23:00
რენი-ნანსი 23:00
ვალანსიენი-ბასტია 23:00

31 მარტი
ნიცა-მარსელი 16:00
ბრესტი-ლილი 19:00
ლიონი-სოში 23:00

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge

შენიშვნა: "აიაჩოს" - 2 ქულა

ბომბარდირები: 25 - იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი); 16 - ობამეიანი (სენტ ეტიენი); 12 - ცვიტანიჩი (ნიცა), გომისი (ლიონი); 11 - ალიადიერი (ლორიანი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული