ლიდერი ნიცას გამოცდის
თასის გათამაშებიდან გამოვარდნილი "პარი სენ ჟერმენი" "ნიცას" მასპინძლობს და ჩემპიონატში 3-მატჩიანი მოგებათა სერიის გაგრძელებას ეცდება.მასპინძლებს იოლი გასეირნება რომ არ ელით ამაზე სტუმრების სატურნირო მდომარეობაც მეტყველებს და კლოდ პუელის გუნდის ფორმაც - ზღვისპირელებმა ბოლო ორი მატჩი მოიგეს
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, პარიზელებს "ნიცასთან" შინ გამართულ მატჩებში უარყოფითი ბალანსი აქვთ. კერძოდ, "პარკ დე პრენსზე" გამართული ბოლო შვიდი შეხვედრიდან, სტუმრებმა 3 მოიგეს და 2 მატჩი ფრედ დაასრულეს. ზოგადად, ბოლო 15 ურთიერთშეხვედრიდან პსჟ-მ "ნიცას" მხოლოდ 3 მოუგო, 3 ფრედ დაასრულდა და 9 წააგო, მათ შორის ერთი ამ სეზონში - 1 დეკემბერს გუნდები ერთმანეთს ნიცაში დაუპირისპირდნენ და მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. "ნიცას" მხრიდან გოლები ბოტეაკმა და ეისერიკმა გაიტანეს, პარიზელთაგან კი თავი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გამოიჩინა.
როგორც ხედავთ, "ნიცა" დედაქალაქელებისთვის უხერხული მეტოქეა, რაც კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ ვივარაუდოთ: კარლო ანჩელოტის გუნდს საკმაოდ მძიმე მატჩი ელის.
მდევარი აუტსაიდერის წინააღმდეგ
მეორე ადგილზე მყოფი "მარსელი" ლიგა 1-ის მასშტაბით ყველაზე ცუდ ფორმაში მყოფ გუნდს ხვდება - "ბრესტმა" უკანასკნელი 5 მატჩი წააგო (ბურთების სხვაობა: 1-13) და მე-19 ადგილზე იმყოფება. "ოლიმპიკს" "ბრესტთან" შინ არასდროს წაუგია (7 მოგება, 2 ფრე) და წესით, ელი ბოპის შეგირდებმა ეს სერია შაბათსაც უნდა გააგრძელონ. პირველ წრეში "მარსელმა" სტუმრად 2:1 იმარჯვა და საინტერესოა, რომ "ოლიმპიკისთვის" ეს იყო "ბრესტთან" სტუმრად მოპოვებული პირველი გამარჯვება (მანამდე 3 ფრე და 6 წაგება ჰქონდა).
"მარსელს" განსაკუთრებული დანაკლისი არ აქვს. აი, სტუმრებს კი რამდენიმე ლიდერი აკლიათ (ლესუამიე, დერნისი, ბეისი), რაც "ბრესტის" მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
ბრძოლა გადარჩენისთვის
"ნანსის" და "ევიანის" მატჩი ე.წ. "6-ქულიანთა" კატეგორიიდან არის. მასპინძლები გასავარდნ ზონაში არიან, თუმცა იმავე "ევიანს", რომელიც მე-16 ადგილზეა, მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან.
"ნანსის" ბენჟამინ მუკანჯო ჰყავს დისკვალიფიცირებული, სტუმრებს კი ტრავმის გამო სიდნი გოვუ და ჯონათან მენსა აკლიათ. "ევიანის" ფეხბურთელები ამაღლებულ განწყობაზე უნდა იყვნენ, მათ ხომ საფრანგეთის თასის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია მოახდინეს, 1/4 ფინალში პსჟ დაამარცხეს და თასის 1/2 ფინალში ისტორიაში პირველად გავიდნენ.
პატრიკ გაბრიელის "ნანსის" 4-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. გუნდი ბოლო დროს ძალიან კარგ ფორმაშია და თუ ასე გააგრძელა, სეზონის ბოლომდე გასავარდნი ზონიდან აუცილებლად ამოვა. გადარჩენისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯის გადადგმა ნიცელებს კვირას შეუძლიათ.
სანახაობის მოლოდინში
უხვგოლიანი უნდა გამოდგეს "ბასტიას" და "ლილის" შეხვედრა. კორსიკელებს ძალიან ბევრი გოლი გააქვთ და ბევრსაც უშვებენ, რის გამოც მათი მონაწილეობით გამართული თამაშები ყოველთვის კარგი საყურებელია. "ბასტიას" მონაწილეობით გამართულ მატჩებში 103 გოლი გავიდა (43 გაიტანა და 60 გაუშვა). მსგავსი შედეგი მხოლოდ "ლორიანს" აქვს (52 გატანილი და 51 გაშვებული ბურთი), რომელთანაც "ბასტიამ" წინა ტურში 1:4 წააგო. კუნძულელები 39 ქულით მე-11 ადგილზე არიან და გავარდნა აღარ უნდა დაემუქროთ. საინტერესოა, როგორ ითამაშებს უნიჭიერესი ფლორიან ტოვენი, რომელიც იანვარში "ლილმა" იყიდა და სეზონის ბოლომდე ისევ "ბასტიაში" გაანათხოვრა.
მონპელიე-ლიონი 1:2
20 აპრილი
მარსელი-ბრესტი 19:00
21 აპრილი
ბასტია-ლილი 16:00
ნანსი-ევიანი 19:00
სოშო-ბორდო 19:00
რეიმსი-ვალანსიენი 19:00
ტულუზი-ლორიანი 19:00
პსჟ-ნიცა 23:00
24 აპრილი
სტ. ეტიენი-აიაჩო 20:30
რენი-ტრუა 20:30
სატურნირო მდგომარეობა
შენიშვნა: "აიაჩოს" - 2 ქულა
ბომბარდირები: 26 - იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი); 17 - ობამეიანი (სენტ ეტიენი); 14 - ალიადიერი (ლორიანი), ცვიტანიჩი (ნიცა), გომისი (ლიონი); 12 - მოდესტი (ბასტია), ბენ იედერი (ტულუზი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"