"სენტ ეტიენი" და "ლიონი" საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვან გუნდებში კი შედიან ("სენტ ეტიენი" ყველაზე ტიტულოვანია), მაგრამ მათი ზეობის პერიოდები სხვადასხვა ეპოქაში იყო - როდესაც "სენტ ეტიენი" დომინირებდა, "ლიონი" მოსისხლე მტერს კონკურენციას ვერ უწევდა, ხოლო როდესაც "ოლიმპიკი" ზედიზედ 7-ჯერ ხდებოდა საფრანგეთის ჩემპიონი, "მწვანეები" ამ დროს ლიგა 1-ს და ლიგა 2-ს შორის მოგზაურობდნენ...
დერბი დუ რუნი
წელს კი განსხვავებული სიტუაციაა - ორივე გუნდი ცხრილის ზედა ნაწილშია. "სენტ ეტიენმა" შაბათს ლიგის თასი მოიგო, რაც
ორივე კლუბი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და მათ შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა.
ზოგადად, ამ გუნდებს უმაღლეს დივიზიონში 93 მატჩი აქვთ გამართული. აქედან 34 "სენტ ეტიენმა" მოიგო, 28 ფრედ დასრულდა, "ლიონმა" კი 31 შეხვედრაში იმარჯვა. როგორც ხედავთ, უპირატესობას "მწვანეები" ფლობენ, მაგრამ თუ ბოლო წლების შედეგებს გადავხედავთ, "ლიონის" კატასტროფულ უპირატესობას მივიღებთ.
თავად განსაჯეთ: ბოლო 25 მატჩიდან "ლიონმა" მოიგო 15, 9 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო "სენტ ეტიენმა" მხოლოდ ერთხელ იმარჯვა.
ეს ერთადერთი გამარჯვება "მწვანეებმა" სტუმრად, "სტად ჟერლანზე" მოიპოვეს, როდესაც 2010 წელს დიმიტრი პაიეს ერთადერთი გოლით იხეირეს.
ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტების მიუხედავად, ფავორიტის დასახელება მაინც გაგვიჭირდება. "ლიონს" მცირე ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ რემი გარდის გუნდმა ბოლო ორი მატჩი მოიგო და მესამე ადგილი დაიბრუნა, "სენტ ეტიენი" კი (ჩემპიონატში) 2013 წელს წაუგებელია - 8 მოგება და 6 ფრე.
რაც შეეხება დანაკლისს: მასპინძლებს ალექსანდრ ლაკაზეტი არ უნდა ჰყავდეთ, რომელიც დაშავებულია, სტუმრებს კი გაცილებით სერიოზული საკადრო პრობლემები აქვთ. დისკვალიფიცირებულნი არიან რომენ ამუმა და ფაბიენ ლემუანი, გარდა ამისა, ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ ჟონათან ბრისონი, ჟერემი კლემანი და მაქს-ალან გრადელი, თუმცა ეს ორი უკანასკნელი უკვე დიდი ხანია ტრავმირებულია და კრისტოფ გალტიეს გუნდი მათ გარეშეც მშვენივრად ასპარეზობს.
ლიდერი და მდევარი
ჩემპიონატის ლიდერი "ევიანს" ესტუმრება და 4-მატჩიანი მოგებათა სერიის გაგრძელებას ეცდება.
კარლო ანჩელოტის გუნდი მხოლოდ ლიგა 1-ს შემორჩა და ახლა პარიზელთა მიზანი ჩემპიონობის რაც შეიძლება სწრაფად განაღდებაა.
სტუმრები ამ შეხვედრას განსაკუთრებული დანაკლისის გარეშე ხვდებიან. რა თქმა უნდა, მოედანზე იქნება ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც ბოლო 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა. სულ შვედის ანგარიშზე 27 ბურთია და მან უკვე გაიმეორა ჟან-პიერ პაპენის მიღწევა, რომელიც 1991/92 წლების სეზონში, ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი 27 გოლით გახდა.
აქვე აღვნიშნოთ, რომ სულ პაპენი საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერი ზედიზედ ხუთჯერ გახდა და მისი საუკეთესო მიღწევა ერთ სეზონში გატანილი 30 გოლი იყო. როგორც ხედავთ, ამ ნიშნულამდე ზლატანს მხოლოდ 3 გოლი აშორებს.
"პარი სენ ჟერმენის" უახლოესი მდევარი, მარსელის "ოლიმპიკი" ამ ტურში უმოტივაციო "ლორიანს" სტუმრობს, ვინც ცხრილის შუაშია განლაგებული და მაყურებლებს უხვგოლიანი მატჩებით ართობს.
"ლორიანის" მიერ ჩატარებულ მატჩებში 104 გოლია გატანილი, რაც "ბასტიას" შემდეგ (106) საუკეთესო შედეგია. ამ მხრივ, ეს შეხვედრა მართლაც საინტერესოა, რადგან "მარსელი" საპირისპიროდ, ჩაკეტილ და ცოტა არ იყოს, მოსაწყენ ფეხბურთს თამაშობს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამას გუნდისთვის შედეგი მოაქვს.
"ოლიმპიკს" უკვე 7 მატჩია არ წაუგია და მეტიც, ბოლო 6 შეხვედრაში გოლიც კი არ გაუშვია! ბოლო ბურთი "მარსელს" "ტრუას" ფეხბურთელმა მარკოსმა, 3 მარტს გაუტანა. იქიდან მოყოლებული, სტივ მანდანდამ 6 "შათაუტი" შეასრულა და 560-წუთიანი "მშრალი" სერია "გამოაცხო".
ორი გაჭირვებული
ერთი ძალიან საინტერესო მატჩი უნდა გაიმართოს ბრესტში. ადგილობრივი "ბრესტი", რომელიც მე-19 ადგილზეა, საფრანგეთის ლიგის თასის ფინალში დამარცხებულ "რენს" უმასპინძლებს.
ალბათ, ცხრილს ჩახედეთ და ამ შეხვედრას ინტრიგა ვერაფრით უპოვეთ. ინტრიგა კი მართლაც არის. ეს ორი გუნდი ხომ კატასტროფულ ფორმაშია.
"ბრესტმა" უკანასკნელი 6 მატჩი წააგო (ბურთების სხვაობა: 1-14), "რენი" კი ბოლო 5 (თასის ჩათვლით 6) შეხვედრაში დამარცხდა (ბურთების სხვაობა: 3-11).
ასე რომ, "სტად ფრანსის ლე ბლეზე" ერთმანეთს ლიგა 1-ის ორი ყველაზე გაჭირვებული გუნდი შეხვდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"