ლიგა 1. XXXVI ტურის წინ: ჩემპიონობა "ჟერლანზე"

AutoSharing Option
ტურის ცენტრალური და შესაძლოა საჩემპიონო მატჩი "სტად ჟერლანზე" გაიმართება, სადაც "ლიონთან" სათამაშოდ "პარი სენ ჟერმენი" ჩადის. პარიზელები ამ შეხვედრას სერიოზული დანაკლისით ხვდებიან. დისკვალიფიკაციის გამო გუნდს სალვატორე სირიგუ, ტიაგო სილვა და მარკო ვერატი ვერ დაეხმარებიან. გარდა ამისა, ტრავმირებულია ლუკას მოურა, რომელიც სამკურნალოდ ბრაზილიაში გაემგზავრა. მართალია, ბრაზილიელი დღეს საფრანგეთში ბრუნდება, მაგრამ ამ შეხვედრაში არ ითამაშებს.

რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი რემი გარდსაც აკლია. რაშიდ გეზალი (დისკვალიფიკაცია), რემი ვერკუტრი (ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა) და ალექსანდერ ლაკაზეტი ნამდვილად ვერ ითამაშებენ. ასევე, საეჭვოა ლისანდრო ლოპესის ასპარეზობა, რომელმაც წინა
ტურში (ნანსისთან) ტრავმა მიიღო და არგენტინელი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

"ლიონის" და პსჟ-ს დაპირისპირება ყოველთვის ძალიან საინტერესოა, მაგრამ ეს შეხვედრა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რადგან სასწორზე ძალიან ბევრი რამ არის შემოდებული. მასპინძლებს ქულების დაკარგვის უფლება არ აქვთ - "ლიონი" მესამე ადგილზეა და მდევარ "ნიცას" მხოლოდ 3 ქულით უსწრებს. ჩემპიონთა ლიგის საგზურის დაკარგვის შემთხვევაში, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რემი გარდი სამსახურს დაკარგავს. პარიზელები ჩემპიონობისთვის იბრძვიან და გამარჯვების შემთხვევაში, 19-წლიანი პაუზის შემდეგ პირველ ტიტულს მოიპოვებენ. არის შანსი, რომ პსჟ ჩემპიონი მატჩის დაწყებამდეც გახდეს. ამისთვის საჭიროა, რომ "მარსელმა" "ტულუზს" ვერ მოუგოს.

სხვათა შორის, ზუსტად ათი წლის წინ, 2003 წლის 11 მაისს, ასევე 36-ე ტურში, "ლიონი" და "პარი სენ ჟერმენი" ერთმანეთს პარიზში, "პარკ დე პრენსზე" შეხვდნენ. მაშინ, "ლიონმა" სონი ანდერსონის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო და ისტორიაში მეორედ გახდა ჩემპიონი. ახლა, 10 წლის და ერთი დღის შემდეგ, ისტორიის გამეორების შანსი არსებობს, ოღონდ ამჯერად ჩემპიონი პსჟ ხდება.

რახან ძველი შეხვედრა გავიხსენეთ, აქვე ვთქვათ, რომ ამ გუნდებს "სტად ჟერლანზე" სულ 33 მატჩი აქვთ გამართული და უპირატესობა მასპინძლების მხარეს არის - "ლიონმა 14 მატჩი მოიგო, 12 ფრედ დაასრულა და 7 წააგო, უკანასკნელად 2004/05 წლების სეზონში. თუ პარიზში გამართულ შეხვედრებსაც მივამატებთ, ურთიერთშეხვედრებში ასეთ შედეგს მივიღებთ: პსჟ - 24 მოგება, ფრე - 22, "ლიონი" 21 მოგება.

"მარსელი", "ნიცა", "სენტ ეტიენი"
"მარსელი" არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც ჩემპიონატისთვის ინტრიგის შენარჩუნება შეუძლია. მთავარია, ელი ბოპის შეგირდებმა უმოტივაციო "ტულუზი" დაამარცხონ და თუ კვირას "ლიონი" მოიგებს, ლიდერთან სხვაობა 4 ქულა გახდება. პროვანსელების მიზანი მაინც მეორე ადგილის დაკავებაა, ამიტომ არ გამოვრიცხოთ, რომ გულის სიღრმეში პსჟ-საც უგულშემატკივრონ, რადგან სხვაობის შემცირების შემთხვევაშიც, "მარსელს" გაჩემპიონების მიზერული შანსები ექნება.

შესანიშნავ ფორმაშია ანდრე-პიერ ჟინიაკი, რომელმაც წინა ტურში დუბლი შეასრულა და ახლა ის თავის ყოფილ კლუბს დაუპირისპირდება, სადაც 2009 წელს ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულიც მოიპოვა (24 გოლით). სხვათა შორის, "ტულუზს" კარგად იცნობს ელი ბოპიც, ვინც ამ გუნდში 2006-08 წლებში მუშაობდა.

"ლიონის" მთავარი კონკურენტი "ნიცა", რომელიც 60 ქულით მეოთზე ადგილზეა, სტუმრად "ევიანს" ეთამაშება. ალპელები კარგ ხასიათზე არიან - "ლორიანის" განადგურების შემდეგ (4:0), პასკალ დუპრაზის გუნდი საფრანგეთის თასის ფინალში გავიდა, თუმცა "ევიანის" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მათი უმთავრესი მიზანი არა თასის მოგება, არამედ ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებაა, ასე რომ, "ნიცა" იოლ გასეირნებას არ უნდა ელოდოს.

მეხუთე ადგილზეა "სენტ ეტიენი", ვისაც 2013 წელს თამაში არ წაუგია, სამაგიეროდ გუნდმა ბოლო 8 მატჩიდან 6 ფრედ დაასრულა და ძალიან ბევრი ქულა დაკარგა - 6 ფრე, დაკარგული ქულების მიხედვით, ხომ 4 მარცხის ტოლფასია. ამ ტურში "მწვანეები" სწორედ შერცხვენილ "ლორიანს" სტუმრობენ, რომელიც გულშემატკივართა თვალში რეაბილიტაციას ეცდება, თუმცა ამის გაკეთება გურკუფის გუნდს ძალიან გაუჭირდება, რადგან მასპინძლებს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ტრავმების (ჟიული, ოტრე, კერსია, ალენ ტრაორე) თუ დისკვალიფიკაციის (ფაბიან ოდარი) გამო აკლიათ.

ლიგა 1. XXXVI ტური

10 მაისი
ლილი-რეიმსი 3:0

11 მაისი
მარსელი-ტულუზი 19:00
აიაჩო-ტრუა 22:00
ბორდო-ნანსი 22:00
ბასტია-მონპელიე 22:00
ბრესტი-სოშო 22:00
ვალანსიენი-რენი 22:00

12 მაისი
ლორიანი-სტ. ეტიენი 16:00
ევიანი-ნიცა 19:00
ლიონი-პსჟ 23:00

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge
შენიშვნა: "აიაჩოს" - 2 ქულა

ბომბარდირები: 27 - იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი); 19 - ობამეიანი (სენტ ეტიენი); 17 - ცვიტანიჩი (ნიცა); 16 - გომისი (ლიონი); 15 - ალიადიერი (ლორიანი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული