ლიგა 1. XXXVII ტურის წინ: კლოდ პუელი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ

AutoSharing Option
ნიცა-ლიონი
მთავარი დაპირისპირება, რა თქმა უნდა, ნიცაში შედგება, სადაც სტუმრად "ლიონი" ჩადის. მასპინძლები საფრანგეთის 7-გზის ჩემპიონს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან და გამარჯვების შემთხვევაში სატურნირო ცხრილში წამოეწევიან, თუმცა ვერ გადაასწრებენ, რადგან რემი გარდის გუნდს უკეთესი ბურთების სხვაობა აქვს.
სწორედ ამაზე ისაუბრა მატჩის წინ მასპინძელთა მწვრთნელმა კლოდ პუელმა, ვინც 2008-11 წლებში სწორედ "ლიონს" წვრთნიდა:

"უკეთესი იქნებოდა, რომ ორი ქულით უკან ვყოფილიყავით, რადგან გამარჯვების შემთხვევაში მაინც მეოთხეზე დავრჩებით. ჩვენ მაინც ბოლომდე ვიბრძოლებთ და იმედი გვაქვს, რომ საბოლოო მიზანს მივაღწევთ. მართლაც საოცარი სეზონი გვქონდა,
მაგრამ წინ კიდევ ორი მატჩია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ორ შეხვედრაში ექვსი ქულა ავიღოთ და შემდეგ ვნახავთ, რომელ ადგილს დავიკავებთ".


"ნიცას", რა თქმა უნდა, ვერ დაეხმარებიან ვალენტინე ეისერიკი, რომელმაც 27-ე ტურში ჟერემი კლემანთან უხეშობის გამო 11-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და ნილ მოპეი, ვინც რამდენიმე ტურის წინ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. მასპინძელთა რიგებში საეჭვოა კამელ მერიემის და ყოფილი "ლიონელის", ჟერემი პიეს თამაში. ორივე გამოცდილ ფეხბურთელს მცირე ტრავმა აქვს.

"ლიონმა" წინა ტურში პსჟ-სთან წააგო და "მარსელის" დაწევის ყველანაირი შანსი დაკარგა. ახლა, "ოლიმპიკის" მთავარი მიზანი მესამე ადგილის შენარჩუნებაა. შეგახსენებთ, რომ შარშან "ლიონი" მეოთხე ადგილზე გავიდა და 1999 წლის შემდეგ პირველად დარჩა ჩემპიონთა ლიგის მიღმა. ამ წარუმატებლობის გამეორების შემთხვევაში, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რემი გარდი, ვინც "ლიონს" სათავეში 2011 წლიდად უდგას, სამსახურს აუცილებლად დაკარგავს. სტუმრებს ძირითადი მეკარე რემი ვერკუტრი და ალექსანდრ ლაკაზეტი არ ეყოლებათ. სხვა დანაკლისი "ლიონს" არ აქვს.

მონპელიე-ლილი
კიდევ ერთი გუნდი, რომელიც "ლიონს" 3 ქულით ჩამორჩება სტუმრად უკვე ყოფილ ჩემპიონს ხვდება. "ლილმა" (სადაც კლოდ პუელი ასევე მუშაობდა, 2002-08 წლებში) ჩემპიონატის მეორე წრე შესანიშნავად ჩაატარა და ამჟამად მეოთზე ადგილს იკავებს. თუ "ნიცამ" "ლიონს" მოუგო და რუდი გარსიას შეგირდებმა "მონპელიეს" სძლიეს, ბოლო ტურის წინ მესამე პოზიციაზე სწორედ "ლილი" აღმოჩნდება.

გუნდებს ახალი დანაკლისი არ აქვთ და ამ თამაშისთვის საბრძოლო შემადგენლობით ემზადებიან. მასპინძელთა რიგებში, შესაძლოა, ქარიმ აიტ-ფანა ვნახოთ, რომელმაც 6-თვიანი ტრავმა მოირჩინა და წინა კვირას რეზერვისტთა შეხვედრაშიც ითამაშა.

ამ გუნდების პირველი წრის დაპირისპირება "ლილის" გამარჯვებით, 4:1 დასრულდა. იქამდე, ზედიზედ 4 შეხვედრა "მონპელიეს" ჰქონდა მოგებული და სულაც არ არის გასაკვირი, რომ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას საფრანგეთის 2012 წლის ჩემპიონი ფლობს.

მართალია, "მონპელიეს" სატურნირო მოტივაცია აღარ შერჩა, სამაგიეროდ ფეხბურთელებს სხვა სახის მოტივაცია აქვთ. სეზონის ბოლოს გუნდს რენე ჟირარი ტოვებს, ადამიანი, რომელმაც ამ კლუბს ისტორიაში პირველი საჩემპიონო ტიტული მოუპოვა. ეს მატჩი ჟირარისთვის ბოლო საშინაო შეხვედრა იქნება და მოთამაშეები მწვრთნელის ტრიუმფით გაცილებას ეცდებიან.

სენტ ეტიენი-მარსელი
კიდევ ერთი უაღრესად საინტერესო მატჩი "ჟოფრუა გიშარზე" გაიმართება, სადაც 10-გზის ჩემპიონი, 9-გზის ჩემპიონს უმასპინძლებს. საფრანგეთის ორი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის დაპირისპირება გაცილებით საინტერესო იქნებოდა "სენტ ეტიენს" ბოლო რამდენიმე ტური რომ არ ჩაეგდო. "მწვანეებმა" უკანასკნელ 3 ტურში მხოლოდ 2 ქულა აიღეს, წინა კვირას კი 2013 წელს პირველი მარცხიც განიცადეს ("ლორიანთან" 1:3). ამჟამად, კრისტოფ გალტიეს გუნდი მე-6 ადგილზეა და "ლიონს" 4 ქულით ჩამორჩება. იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს, "სენტ ეტიენს" დარჩენილ ორ ტურში მცირე სასწაული სჭირდება, რომელიც ალბათ არ მოხდება.

"მარსელს", როგორ უკვე აღვნიშნეთ, მეორე ადგილი გარანტირებული აქვს. სტუმართა რიგებში შესაძლოა დაბრუნდნენ ბენუა შეირუ და როდ ფანი - ამ ფეხბურთელებმა უკანსკნელი ორი ტური გამოტოვეს და ვარჯიში ცოტა ხნის წინ დაიწყეს.

ბრძოლა გადარჩენისთვის
მე-14 ადგილზე მყოფი "სოშოდან" დაწყებული, ლიგა 1-ში ადგილი ჯერ არავის აქვს გარანტირებული. დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ "ბრესტს" არაფერი უშველის; აი, ვინ იქნება სხვა ორი უიღბლო, ამას, ალბათ, ბოლო ტურის უკანასკნელ წუთებამდე ვერ გავარკვევთ.

"ტრუა", რომელმაც შუა კვირაში, საფრანგეთის თასის 1/2 ფინალში, რამდენიმე ლიდერი დაასვენა და "ბორდოსთან" 1:2 წააგო, ამ ტურში... "ბორდოს" ხვდება. საქართველოში, ასეთ შემთხვევებზე ყოველთვის ერთი მოსაზრება აქვთ... ვნახოთ, მოიგებს თუ არა "ტრუა" ლიგა 1-ში ზედიზედ მესამე შეხვედრას.

ლიგა 1. XXXVII ტური

18 მაისი
ნანსი-ბასტია 23:00
სტ. ეტიენი-მარსელი 23:00
ტრუა-ბორდო 23:00
ევიანი-ვალანსიენი 23:00
სოშო-ტულუზი 23:00
მონპელიე-ლილი 23:00
ნიცა-ლიონი 23:00
პსჟ-ბრესტი 23:00
რეიმსი-ლორიანი 23:00
რენი-აიაჩო 23:00

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge
შენიშვნა: "აიაჩოს" - 2 ქულა

ბომბარდირები: 27 - იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი); 19 - ობამეიანი (სენტ ეტიენი); 17 - ცვიტანიჩი (ნიცა), 16 - გომისი (ლიონი); 15 - ალიადიერი (ლორიანი); 14 - მოდესტი (ბასტია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული