საფრანგეთის პირველი ლიგის სატურნირო ცხრილში საოცარი სიმჭიდროვეა, ამიტომაც იქ თითოეულ ქულას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. პსჟ-სა და “მარსელის” მატჩი კი რიგითი არასდროს ყოფილა და შესაბამისად, მას მხოლოდ პრაგმატული მნიშვნელობა არ ჰქონია.
“პარკ დე პრენსზე” გამარჯვების შემთხვევაში, “მარსელი” სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცეოდა, მაგრამ ორი სწრაფი გოლი მიიღო და 1:2 დამარცხდა, რითაც თავად მეოთხე ადგილზე დარჩა, პსჟ კი მესამეზე გაუშვა.
ბუნებრივია, პარიზელთა თავკაცი ანტუან კამბუარე ამ გამარჯვებამ ჩინებულ ხასიათზე დააყენა: “ვერ წარმოიდგენთ, როგორი გახარებული ვარ. უზომოდ კმაყოფილი ვარ როგორც შედეგით, ასევე ჩემი გუნდის
მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხით. “მარსელის” ძლევა ყველასთვის დიდი პატივია და ამით ჩვენც ვამაყობთ. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ეს განსაკუთრებული მოგებაა. თუმცა გამარჯვებით ტკბობას დიდი ხნით ნამდვილად არ ვაპირებთ, დროა, შემდეგ შეხვედრებზე ვიფიქროთ და ჩვენი წარმატება განვავრცოთ”.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"