საფრანგეთი. ლიგა 1. VII ტურის წინ: "ვეფხვი" ნადირობას აგრძელებს

AutoSharing Option
24 სექტემბერს ფრანგულ ლიგა 1-ში მორიგი ტური ორი თამაშით გაიხსნა, ოთხშაბათ-ხუთშაბათს დანარჩენი შეხვედრები გაიმართება.

ლიდერი "მონაკო" კორსიკული ბარიერის დაძლევას შეეცდება, ხოლო "პარი სენ-ჟერმენი" "ვალანსიენს" ესტუმრება.

"ალიანს არენაზე"
მომავალ ტურამდე წინა ტურის სტატისტიკიდან საინტერესო დეტალებს შეგახსენებთ. მას მერე, რაც კოლუმბიელმა რადამელ ფალკაომ პარიზში უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა პსჟ-ის კარში, "ელ ტიგრე" (ვეფხვი) ბომბარდირთა დავაში თანაგუნდელ ემანუელ რივიერს და "ევიანის" შემტევ კევინ ბერიგოს შეუერთდა. ამ ტრიოს 5-5 გოლი აქვს გატანილი.

* "ნიცამ" პირველი მატჩი გამართა "ალიანს არენაზე", ახალთახალ სტადიონზე, რომელმაც ევრო 2016-ს უნდა
უმასპინძლოს. დაწყებაც ასეთი უნდა - 35 ათასი მაყურებლის თვალწინ "ვალანსიენი" 4:0 გაანადგურა. ახალ სტადიონზე პირველი გოლი დარიო ცვიტანიჩმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.

* რადამელ ფალკაომ პირველ 6 ტურში 5 გოლი 5 სხვადასხვა კლუბს გაუტანა. ამით მან თავისივე რეკორდი გაიმეორა "პორტუში" ასპარეზობისას. ფალკაოს ანგარიშზე უკვე 2 პენალტია. შარშან მან 8 პენალტი გაიტანა, ყველაზე მეტი ტოპ-5 ლიგებში. სულ ევროპულ პირველობებზე (პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი) რადამელმა 125 მატჩში 98 გოლი გაიტანა. ფენომენური შედეგია.

* პსჟ-ს ლიგა 1-ში 17 თამაშია, არ წაუგია: 12 მოგება და 5 ფრე. ბოლო 10 წელში პსჟ-ის საუკეთესო შედეგია.

* "მონაკო" უკვე 8 თამაშია, არ აგებს "პარი სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ.

პრინცის გარეშე
ლიგა 2-დან აღზევებული მონაკო რომ ტიტულის პრეტენდენტია, თქმა აღარ უნდა - ეს კლაუდიო რანიერის გუნდმა პარიზში დაამტკიცა. ჩემპიონატში მხოლოდ "ლიონს" აქვს გატანილი "მონაკოზე" მეტი გოლი, ხოლო დაცვა ჩემპიონატის ახალწვეულის აშკარად საუკეთესოა.

კორსიკელები თითქოს უშანსოდ ჩანან, ისტორია მათ საწინააღმდეგოდ მეტყველებს - "ბასტიამ" მხოლოდ ერთხელ მოიგო "ლუი II"-ზე და ეს ზუსტად 40 წლის წინათ მოხდა. მასპინძლებმა კი სულ 24 შეხვედრიდან 19-ში დაჯაბნეს კუნძულელები.

"ბასტია" სტუმრად ვერც ამ სეზონში თამაშობს კარგად, გუნდის ანგარიშზე სულ 1 გოლია საგარეო მატჩებში. კლუბი აშკარად დაასუსტა ორი ლიდერის, ანტონი მოდესტესა და ფლორიან ტოვენის წასვლამ.

თუმცა "ბასტიას" ჩამოწერა რომ არ შეიძლება, წინა ტურმაც დაადასტურა, როცა კუნძულს "მარსელი" ეწვია და ქულა ძლივს წამოიღო.

"მონაკოს" ორი ტრავმირებული ჰყავს: ჟერემი ტულალანი და ნაბილ დირარი. "ბასტიას" დისკვალიფიკაციამოხდილი ჟულიენ პალმიერი უბრუნდება, მაგრამ ამ მიზეზით კორსიკელებს ილანი და დრისა დიაკიტე დააკლდებიან.

დაბოლოს, კლუბის მფლობელი რიბოლოვლიევი სტადიონზე კი იქნება, მაგრამ "მონაკოს" დიდი ფანი, პრინცი ალბერი თამაშს ვერ დაესწრება - ის ამერიკაშია ვიზიტით.

იბრას უნდა უფრთხილდნენ
ლორან ბლანის პსჟ "ვალანსიენთან" მატჩში შეეცდება, დაუმარცხებელი სერია ჩემპიონატში 18 შეხვედრამდე გაზარდოს. სწორედ ამ სტადიონზე შეძლო მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჯერჯერობით ლიგა 1-ში ჰეთ თრიქის შესრულება. ასე რომ, "ვალანსიენის" მცველებმა კარგად იციან, პირველ რიგში ვის უნდა უფრთხილდნენ.
მასპინძლებს ტრავმების გამო აბდუ კამარა და მარკო და სილვა დააკლდებიან. საეჭვოა ნახევარმცველ ტონგო დუმბიას თამაშიც.

ლორან ბლანს ერთი, მაგრამ დიდი დანაკლისი აქვს - სექტემბერ-ოქტომბერში გუნდმა ტიაგო სილვას გარეშე უნდა ითამაშოს.

საფრანგეთი. ლიგა 1. VII ტური
ლილი-ევიანი 3:0
გოლები: 1:0 კალუ (12), 2:0 ჰანსენი (32 ს.კ.), 3:0 როდელინი (71)

მარსელი-სტ. ეტიენი 2:1
გოლები: 1:0 მენდი (22), 2:0 იმბულა (26), 2:1 ღულამი (32)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - ფანი, ნკულუ, მენდეში, მენდი - რომაო, იმბულა - პაიე (81. ლემინა), ვალბუენა (77. ტოვენი), ა.აიუ (87. ხალიფა) - ჯ. აიუ

25 სექტემბერი
აიაჩო-ლიონი 21:00
ბორდო-რეიმსი 21:00
გენგამი-სოშო 21:00
ნანტი-ნიცა 21:00
ტულუზი-ლორიანი 21:00
ვალანსიენი-პსჟ 21:00
მონაკო-ბასტია 23:00

26 სექტემბერი
მონპელიე-რენი 23:00

ბომბარდირები: 5 - კევინ ბერიგო (ევიანი), ემანუელ რივიერი (მონაკო), რადამელ ფალკაო (მონაკო); 4 - მუსტაფა იატაბარე (გენგამი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საფრანგეთი. ლიგა 1. VI ტური: სტატუს-კვო "მონაკოს" სასარგებლოდ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული