საფრანგეთი. ლიგა 1. XII ტური: ჩაო, რავანელი

AutoSharing Option
ვარსკვლავური ომები პარიზში
ზლატან იბრაჰიმოვიჩს თამაში შეეზარა და დაისვენა. პსჟ-ს მის გარეშეც ერთ ლუკმად არ ეყო "ლორიანი", რომელთანაც შინ ბოლო 4 მატჩი არ ჰქონდა მოგებული.

ლორან ბლანის შეგირდებმა თავიდანვე აგრძნობინეს ბრეტონელებს, რომ ამჯერად "პარკ დე პრენსიდან" ისინი ხახამშრალები წავიდოდნენ. მე-3 წუთზე "ლილიდან" ნაყიდმა 20 წლის ნიჭიერმა მცველმა ლუკას დინიემ თავის მარცხენა ფლანგზე ჩაირბინა და კარგად ჩააწოდა. საჯარიმოში ბურთს მეორე ლუკასი (მოურა) ჩაუსაფრდა და კოხტა დარტყმით ანგარიში გახსნა.

პარიზელებმა ისეთ დღეში ჩააგდეს სტუმრები, რომ მესამე ლუკასი, პატივცემული ჯორჯი, უკვე რომ არ
მუშაობდეს "ვარსკვლავური ომების" ახალ ეპიზოდზე, ამას პირველი ტაიმის ნახვის შემდეგ იზამდა, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ მას ამ მატჩისთვის არ უყურებია. სამაგიეროდ, დედაქალაქელებმა მშვენიერი სანახაობა შესთავაზეს ქომაგებს და შესვენებაზე ვალმოხდილები გავიდნენ - 3:0.

მეორე გოლი მარკო ვერატის ჩინებული თამაშის შემდეგ ჟერემი მენეზმა შეაგდო. მესამე გოლისას ლუკას მოურამ მეტოქის დაცვისა და მეკარის შეცდომით ისარგებლა, ბურთი "მოიპარა" და ედინსონ კავანის გაატანინა.

პარიზელებს თავი აღარ მოუკლავთ და მეორე ნახევარში ერთ გოლს დასჯერდნენ. კავანიმ კვლავაც თავით გაიტანა და "ელ მატადორი" ბომბარდირთა დავის სათავეშიც აღმოჩნდა. ბლანის გუნდს ბურთების შეფარდება +17 გაუხდა, ხოლო "მონაკოს" გამარჯვება ლილში 5-ბურთიანი ან უფრო დიდი სხვაობით იმდენად ფანტასტიკის სფერო გახლდათ, რომ აქ უკვე ჯორჯ ლუკასიც ვერ მოიფიქრებდა ვერაფერს. ასე რომ, პარასკევსვე შეგვეძლო თამამად თქმა - პსჟ პირველ ადგილზე რჩება.

გაგდებული და გადარჩენილები
ამ ტურში ერთბაშად რამდენიმე მწვრთნელის მოხსნა არ იყო გამორიცხული. ერთ-ერთი კანდიდატი რემი გარდი გახლდათ. მისმა "ლიონმა" ამ სეზონისთვის უჩვეულოდ მსუბუქად იმარჯვა ბოლო დროს ცოტა გათამამებულ და გათავხედებულ "გენგამთან".

"ოლიმპიკმა" წუთში მოამთავრა ყველაფერი. გაგდებას გადაურჩა ელი ბოპიც, რომლის "მარსელმაც" წაგებების სერია რენში შეწყვიტა. სტუმრებმა უკვე მე-9 წუთზე გაუშვეს, ნელსონ ოლივეირამ ჩემპიონატში მეშვიდედ გაიტანა. იგი მართლაც აღარ ხუმრობს და ნუთუ პორტუგალიას ბოლო-ბოლო გამოუჩნდა კარგი გამოკვეთილი ფორვარდი?

თუმცა, ნუ ვიჩქარებთ, სწორედ ოლივეირამ ვერ გამოიყენა 79-ე წუთზე პენალტი და "მარსელს" ქულა აჩუქა, ხოლო ბოპს პოსტი შეუნარჩუნა - კეთილი ყოფილა 22 წლის თავდამსხმელი. სტუმართა მხრიდან გამათანაბრებელი ჯორდან აიუმ შეაგდო და მწვრთნელის ნდობა გაამართლა.

სამაგიეროდ, გაშვებას ვერ გადაურჩა ფაბრიციო რავანელი, რომლის "აიაჩომაც" აუტსაიდერების დუელში 6-ქულიანი კი არა, 9-ქულიანი მატჩი წააგო შინ "ვალანსიენთან" და კორსიკელებმა იტალიელს ხელი დაუქნიეს.

"ბორდო" და სხვა
ტურის წინათქმაში აღვნიშნეთ, "ბორდოსთვის" ნიცაში სტუმრობა ერთგვარი ტესტიაო და ჟირონდელებმა გამოცდა წარმატებით ჩააბარეს. როგორც ჩანს, კრიზისი დაძლეულია! სტუმრებმა ნიცას ლაჟვარდოვანი ცა ბორდოსფრად შეღებეს და გასვლაზე თავიანთი პირველი მატჩი მოიგეს. ნიცელებმა კი შინ პირველი მარცხი იწვნიეს.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია - "სოშო" უკეთ ათამაშდა, "სენტ ეტიენთანაც" არ წააგო და მაინც ბოლო ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა, თუ მონბელიარელები ასე გააგრძელებენ, ჭაობიდან აუცილებლად ამოვლენ. ამ შეხვედრაში გოლები არა, მაგრამ ორი წითელი ბარათი იყო.

"ევიანმა" სედრიკ მონგონგუს 92-ე წუთზე გატანილი პენალტით მოუგო და "ტულუზს" ქულებით წამოეწია. გოლების წვიმა იყო რეიმსში. ადგილობრივები ჩვენს გაოცებას აგრძელებენ და მათი მსხვერპლი ამჯერად "ბასტია" გახლდათ.

დრამატული გამოდგა "დე ლა მოსონზე" გამართული მატჩიც, რომელშიც "ნანტი" ფილიპ ჯორჯევიჩის სეზონში გატანილი მეშვიდე გოლით უგებდა მასპინძლებს. სერბმა დაამტკიცა, რომ "ლაციო", "რომა", "უდინეზე", "სამპდორია" და "ფიორენტინა" მისით ტყუილად არ არიან დაინტერესებულნი. თუმცა შეცვლაზე შემოსულმა ჯამალ ბაქარმა 90-ეზე გაათანაბრა და მე-12 მატჩში მე-7 ფრე გაუფორმა. "იადონებმა" 2 ქულა დასანანად დაკარგეს, მაგრამ მეოთხე ადგილზე კვლავაც მყარად არიან მოკალათებულნი.

საფრანგეთი. ლიგა 1. XII ტური
პსჟ-ლორიანი 4:0
გოლები: 1:0 ლუკასი (3), 2:0 მენეზი (39), 3:0 კავანი (43), 4:0 კავანი (81)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ჟალე, ალექსი, მარკინიოსი, დინიე - ვერატი (69. მატუიდი), ტიაგო მოტა (69. პასტორე), რაბიო - ლუკას მოურა (76. ლავესი), მენეზ, კავანი

რენი-მარსელი 1:1
გოლები: 1:0 ნელსონ ოლივეირა (9), 1:1 ჯ. აიუ (16)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - აბდალა, ნკულუ, დიავარა, მორელი - რომაო, იმბულა - ვალბუენა (84. შეირუ), ტოვენი (90+5. ჟინიაკი), პაიე (71. ხელიფა) - ჯ. აიუ

აიაჩო-ვალანსიენი 1:3
გოლები: 0:1 პუჟოლი (26), 1:1 მატერი (32-ს.კ-ში), 1:2 დოსევი (67), 1:3 პუჟოლი

ევიანი-ტულუზი 1:1
გოლები: 0:1 ორიე (52), 1:1 ვასი (61)

ლიონი-გენგამი 2:0
გოლები: 1:0 ლაკასეტი (12), 2:0 გომისი (13)
ლიონი (4-3-1-2): ლოპეში (32. გორგელენი) - დაბო (51. ტოლისო), ბიშევაცი, უმტიტი, ბედიმო - გონალონი (54. ფერი), ფოფანა, მალბრანკი, გრენიე (89. ბრიანი) - ლაკასეტი, გომისი
გაძევება: დიალო (53. გენგამი)

რეიმსი-ბასტია 4:2
გოლები: 1:0 დე პრევილე (25), 2:0 კრიჩოვიაკი (44-პენ.), 2:1 რომარიკი (48), 3:1 ონიანგი (50), 4:1 ატარი (81), 4:2 ხაზრი (90)

სოშო-სტ. ეტიენი 0:0
გაძევება: კ. ზუმა (29. სტ. ეტიენი), ბუმალი (73. სოშო)

ნიცა-ბორდო 1:2
გოლები: 0:1 სერტიჩი (31), 0:2 ობრანიაკი (59), 1:2 ცვიტანიჩი (77-პენ.)

მონპელიე-ნანტი 1:1
გოლები: 0:1 ჯორჯევიჩი (22), 1:1 ბაქარი (90)

ლილი-მონაკო 2:0
გოლები: 1:0 რუ (27), 2:0 რუ (71)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - რაგი (83. ფაბინიო), რ. კარვალიო, აბიდალი, კურზავა - ტულალანი, ობადი - ჯ. როდრიგესი, მოუტინიო, ფერეირა (46. რივიერი) - ფალკაო

ბომბარდირები: 9 - ედინსონ კავანი (პსჟ); 8 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 7 - ნელსონ ოლივეირა (რენი), დარიო ცვიტანიჩი (ნიცა), ფილიპ ჯორჯევიჩი (ნანტი); 6 - კევინ ბერიგო (ევიანი), ემანუელ რივიერი (მონაკო), შეიკ დიაბატე (ბორდო)

მომდევნო ტური
8 ნოემბერი:
მონაკო-ევიანი;

9 ნოემბერი:
პსჟ-ნიცა, ბასტია-რენი, გენგამი-ლილი, ლორიანი-რეიმსი, ტულუზი-აიაჩო, ვალანსიენი-მონპელიე;

10 ნოემბერი:
ბორდო-ნანტი, მარსელი-სოშო, სტ. ეტიენი-ლიონი.

გიორგი კაკაბაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული