ფელიპე ანდერსონი: შანსები თანაბარია, "ბაიერთან" "ლაციოს" კოზირი კი ტიფოზებია

AutoSharing Option
სერია A-ს გასული სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა ფელიპე ანდერსონია, რომელმაც "ლაციოს" რიგებში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმარა.

22 წლის ბრაზილიელ შემტევს ლომის წვლილი მიუძღვის იმაში, რომ "ბიანკოჩელესტემ" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ფელიპე ანდერსონის გადაბირება არაერთ ევროპულ გრანდს სურდა, მაგრამ რომში დარჩენა და "ლაციოსთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ამჯობინა. თუმცა, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად რომაელებს ლევერკუზენის "ბაიერის" ბარიერის გადალახვა მოუწევთ.

ანდერსონთან ინტერვიუც ამ თემით დაიწყო. აქვე ვთქვათ, რომ "ლაციო"-"ბაიერის" პირველი შეხვედრა
"სტადიო ოლიმპიკოზე" დღეს, 18 აგვისტოს გაიმართება...

- რომელი გუნდია ამ წყვილში ფავორიტი?
- ასეთ დროს ფეხბურთელები ხშირად ამბობენ, რომ შანსები თანაბარია და, უმეტეს შემთხვევაში, უბრალოდ, ცრუობენ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც შანსები მართლაც 50/50-ზეა. ალბათ, დამეთანხმებით, რომ "ლაციო" და "ბაიერი" დაახლოებით თანაბარი დონის გუნდები არიან და ასეთ დროს ფავორიტად რომელიმეს შერაცხვა გაუმართლებელია.

ის გუნდი გავა ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც კონკრეტული მატჩებისთვის უკეთ იქნება მომზადებული.

- რა არის "ლაციოს" კოზირი ამ რთულ დაპირისპირებაში?
- ვფიქრობ, ჩვენი კოზირი გულშემატკივარია და ეს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. პირველ თამაშს საკუთარ მოედანზე ვატარებთ და ქომაგებმა მეთორმეტე ფეხბურთელის როლი უნდა ითავონ. მგონია, რომ ჩვენ უფრო ემოციური გულშემატკივრები გვყავს და მხურვალე მხარდაჭერა გარანტირებული გვექნება. ჩვენი მხრივ, თავს არ დავზოგავთ, რომ ტიფოზები გავახაროთ.

- ალბათ, სწორედ ჩემპიონთა ლიგა იყო უმთავრესი სტიმული საიმისოდ, რომ რომში დარჩენილიყავით...
- "ლაციოში" თავს ბედნიერად ვგრძნობ, აქ სრულად მენდობიან და სიმართლე გითხრათ, წასვლაზე არც მიფიქრია. იყო საინტერესო შემოთავაზებები, მაგრამ დარჩენა მსურდა. ერთ-ერთი მიზეზი, უდავოდ, ჩემპიონთა ლიგაა, მაგრამ მთავარი მაინც ის ატმოსფეროა, რომელიც გუნდში სუფევს და რომლის დატოვებაც არ მსურს.

- რა იყო გასულ სეზონში პირადად თქვენი წარმატების საიდუმლო?
- ვიგრძენი, რომ მწვრთნელი მენდობოდა და ყველაფრის საფუძველი სწორედ ეს იყო. სანამ გუნდში სტეფანო პიოლი მოვიდოდა, შესაძლებლობების ნახევარსაც ვერ ვავლენდი, მაგრამ გასულ სეზონში ყველაფერი შეიცვალა. როდესაც ვარჯიშზე მისვლაც კი გსიამოვნებს, იქ ყველაფერი კარგად იქნება.

ურთულესი სეზონი იყო, რომელიც, საბედნიეროდ, წარმატებით დავასრულეთ. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში, "ნაპოლის" და "ფიორენტინას" მძაფრ კონკურენციაში ვაჯობეთ და ასევე, ჩამოვიტოვეთ მილანური და გენუური გუნდები. მართლაც საოცარი სეზონი იყო, თუმცა მთავარი წარმატებები წინ გველოდება.

- მაინც რას უმიზნებთ, თუნდაც იმავე ჩემპიონთა ლიგაზე?
- ჯერ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უნდა მოვხვდეთ და დანარჩენზე შემდეგ ვილაპარაკოთ. რაც შეეხება სერია A-ს, მიზნად სამეულში მოხვედრა უნდა დავისახოთ და იმედია, კიდევ ერთხელ გავახარებთ გულშემატკივრებს. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ურთულესი ამოცანაა, რადგან კონკურენტები გვარიანად გაძლიერდნენ. "მილანმა" და "ინტერმა" ტრანსფერებში დიდი ფული დახარჯეს.

- კონკურენტები ძლიერდებიან, "ლაციოს" კი ძველი ტრიო ჰყავს შეტევაში...
- ჩემთან ერთად ანტონიო კანდრევას და მიროსლავ კლოზეს გულისხმობთ. საკუთარი თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ და ისეთი ტრიოა, რომელსაც ნებისმიერი დაცვის გარღვევა შეუძლია. არც ფილიპ ჯორჯევიჩი უნდა დაგვავიწყდეს, რომელიც მზადაა ნებისმიერ დროს ჩაერთოს თამაშში და გამარჯვების გოლი გაიტანოს.

ჩემი აზრით, "ლაციოს" წარმატების ფორმულა მაინც გუნდურობაშია.

- თქვენი ოცნების გუნდზე რას გვეტყვით?
- დღეს მხოლოდ "ლაციოში" თამაშზე ვარ კონცენტრირებული და არსად გადასვლა არ მსურს. ისე კი, რომელ ფეხბურთელს არ უნდა ისეთ გუნდებში ასპარეზობა, როგორებიც მადრიდის "რეალი", "ბარსელონა" ან "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან. მომავალში, შესაძლოა, ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ დღეს "ლაციოს" ფეხბურთელი ვარ და სხვა არაფერი მაინტერესებს.

- რით ახსნით "ლაციოს" პასიურობას სატრანსფერო ბაზარზე?
- ტრანსფერები მე არ მეხება და შესაბამისად, კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემთ. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ გუნდში ისედაც კონკურენტუნარიანი შემადგენლობაა, რომელიც კიდევ უკეთესად ითამაშებს, ვიდრე გასულ სეზონში. ამას მარტივი ახსნა აქვს - უფრო გამოცდილები და შეთამაშებულები ვართ.

- როგორია მიროსლავ კლოზეს გვერდით თამაში?
- ჩემი აზრით, კლოზე თანამედროვეობის საუკეთესო და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. თანაბრად კარგად თამაშობს ფეხით და თავით. ამასთან, აქვს საოცრად კარგი საგოლე ალღო. ყოველთვის იქ არის, სადაც საჭიროა და სადაც პასის მიცემა შეგიძლია. ამის სწავლა შეუძლებელია, ეს თანდაყოლილი უნდა გქონდეს. ბედნიერი ვარ, რომ კლოზესთან ერთად ვთამაშობ.

- რას უნდა ველოდოთ ფელიპე ანდერსონისგან ახალ სეზონში?
- გასულ სეზონში ბევრი გოლი გავიტანე, მაგრამ ჩემთვის ეს თვითმიზანი ნამდვილად არ ყოფილა. ყოველთვის გუნდის ინტერესებიდან გამოვდიოდი და ასე იქნება ახალ სეზონშიც. ყველაფერს გავაკეთებ, რომ "ლაციოსთან" ერთად დიდ წარმატებებს მივაღწიო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული