პსჟ სანაკრებო პაუზაზე გულდამშვიდებული გავა. ლორან ბლანის გუნდმა "ანდერლეხტთან" ვერმოგების ჯავრი "ნიცაზე" იყარა, რომელსაც ცალი ფეხით გაუსწორდა და იმის წყალობით, რომ უშუალო კონკურენტებმა "იყოჩაღეს", მდევრებთან სხვაობაც კიდევ უფრო გაზარდა.
"ნიცა" შეხვედრის დებიუტში კინაღამ დაწინაურდა და მერე მეტოქეს დიდხანს უძალიანდებოდა, მაგრამ 39-ე წუთზე მაინც გატყდა - გრეგორი ვან დერ ვილმა თავის მარჯვენა ფლანგზე გაინავარდა და მორიგი საგოლე პასი მიითვალა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დავიდ ოსპინას არყოფნაში ნიცელთა კარში ჩამდგარ ლუკა ვერონეზეს დაასწრო.
სხვაობა იმავე იბრაჰიმოვიჩის ჯადოქრობის წყალობით გაიზარდა - მან დიდებული, დახვეწილი
სტუმრებმა პსჟ-ს ოდნავ მოდუნება კი არ აპატიეს და სხვაობა შეამცირეს, მაგრამ პარიზელებმა ისინი უმალვე თავიანთ ადგილას დააყენეს - შეცვლაზე წუთის შემოსულმა ლუკასმა ფლანგზე იცელქა და იბრაჰიმოვიჩს ჩაუწოდა, რომელმაც ჰეთ თრიქი გაიფორმა. ეს ლუკასის მეოთხე საგოლე პასი იყო. იგი გუნდის საუკეთესო მეპასეა. ხოლო იბრამ მერვე გოლი გაიტანა. ცოტაც და ის ბომბარდირთა სიის სათავეში აღმოჩნდება.
"პირველ 5 წუთში "ნიცას" გატანა შეეძლო, თუმცა ამის შემდეგ ჩვენ მატჩის მსვლელობას ვაკონტროლებდით. მინდვრის საფარი არც ისე კარგ მდგომარეობაში იყო და ეს ხელისშემშლელი ფაქტორი გახლდათ. მშვენიერი საღამო გამოვიდა სანაკრებო პაუზის წინ" - თქვა ბლანმა.
"ნიცას" თავკაცი კლოდ პუელი: "თამაშით კმაყოფილი ვარ. გვქონდა მომენტებიც და შემართება მომეწონა. წავაგეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემი ახალგაზრდა გუნდისთვის ეს მატჩი ძალიან სასარგებლო იყო".
კეთილი და პატიოსანი
"მონაკო" საკუთარ "ლუი მეორეზე" ძალიან მძიმედ გამოიყურებოდა და ნელ-ნელა კრიზისზეც იწყება ლაპარაკი. გუნდს ვერც ემანუელ რივიერის დაბრუნებამ უშველა. კლაუდიო რანიერი წესიერი, კეთილი და პატიოსანი კაცია, უპრობლემოდ აღიარა, წაგება გვეკუთვნოდაო. "ევიანი" იგებდა კიდეც, გოლი გუნდის დაუღალავმა დანიელმა გარემარბმა დანიელ ვასმა გაიტანა მოდუ სუგუს პასით, თუმცა "მონაკომ" მალევე გაათანაბრა, კლასისა და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე - ჯეიმს როდრიგესმა რადამელ ფალკაოს მე-9 გოლი გაატანინა, რომელიც კავანისთან ერთად, ბომბარდირთა სიაში გაალიდერა. როდრიგესი კი მეპასეთა რეიტინგშია პირველი 5 საგოლე გადაცემით.
სტუმართა მხრიდან მარტო სუგუს რამდენჯერმე უნდა გაეტანა, მაგრამ სენეგალელმა ვერ იხეირა. მონაკოელებმა კი მეტოქეს კარში სულ ორჯერ დაურტყეს.
"ჩვენ ქულა მოვიპოვეთ. "ევიანს" მოგება ეკუთვნოდა, სტუმრებს 3:1 რომ მოეგოთ, სამართლიანი იქნებოდა. გუნდურობა გვაკლდა და მარტო ინდივიდუალურად ვცდილობდით ფონს გასვლას, ეს კი ცუდია. მე მსურს, მინდორზე მებრძოლი და შემართული ჩემპიონები ვნახო ხოლმე. შეიძლება ვინმე ფიქრობდა, რომ ყველაფერი ადვილი იქნებოდა, მაგრამ ფეხბურთი ადვილი არ არის და სულ კონცენტრირებული უნდა იყო" - განაცხადა რანიერიმ.
იქით-აქეთ
ეს ტური ფრეებითა და წითელი ბარათებით დახუნძლული გამოდგა. დავიწყოთ იმით, რომ "გენგამთან" რთული გასვლა ვერ მოიგო "ლილმა", მაგრამ არც წააგო და გოლი კვლავაც არ გაუშვა. საინტერესოა, რომ ორივე მწვრთნელი კმაყოფილი დარჩა შედეგით. რენე ჟირარმა თქვა, როცა ვერ იგებ, უნდა იცოდე, როგორ არ წააგოო... მას 4 წამყვანი ფეხბურთელი აკლდა და გადაადგილებების გაკეთება მოუხდა.
ჟირარმა თავისი შეგირდები შეაქო და ისურვა, რომ სანაკრებო პაუზის მერე ყველა მწყობრში ჰყავდეს. "ლილი", რომელმაც მატჩის ბოლო 10 წუთი რიცხობრივ უპირატესობაში ჩაატარა, მეორე ადგილზე რჩება.
უგოლობა და წითელი ბარათი იყო ლორიანშიც. ისევ არ წააგო "რეიმსმა", არადა, მასპინძლებს, მიუხედავად იმისა, რომ ფლობდნენ უპირატესობას, დაახლოებით 20 წუთი ათი კაცით მოუხდათ თამაში. თუმცა რეიმსელთა ტოგოელმა მეკარემ კოსი აგასამ მეხუთედ შეინახა კარი მშრალად, ეს გუნდის მეოთხე 0:0 იყო.
"ვალანსიენი" სწრაფი გოლის წყალობით მთელი მატჩის მანძილზე უგებდა "მონპელიეს" და გასავარდნი ზონიდანაც ამოდიოდა, მაგრამ 91-ე წუთზე უკვე ათი კაცით დარჩენილმა სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს და უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სამართლიანი იყო, რადგან ჟან ფერნანდესის გუნდს მომენტები ჰქონდა.
"ტულუზმა" "აიაჩო" დაბომბა, მაგრამ ერთი გოლის მეტი ვერ გაუტანა, ხოლო კორსიკელებმა ერთხელ დაარტყეს და... ალენ კაზანოვა გაცეცხლებული იყო, "აიაჩოს" ახალი თავკაცი კრისტიან ბრაკონი კი პირიქით, გახარებული, მას კარგი დებიუტი გამოუვიდა.
"არმან სეზარიზე" "ბასტიამ" "ლილიდან" ნათხოვარი ჯანი ბრუნოს ადრეული გოლით "რენი" დასცა. ბრეტონელების თავკაცი ფილიპ მონტანიე მატჩის შემდეგ ყველაფერს ქარს, უიღბლობასა და მინდვრის საფარის უხარისხობას აბრალებდა. ისე, კორსიკაზე მართლა სერიოზული ქარი იყო.
კვირა
მშვენიერი სერიის მერე "ბორდომ" ძალიან პრინციპული მატჩი წააგო მიშელ დერ ზაქარიანის "ნანტთან", რომელიც აღარ ხუმრობს. "იადონებმა" "შაბან დელმაზე" შთამბეჭდავად მოიგეს და მეოთხე ადგილზე კომფორტული ბუდე აქვთ გაკეთებული. ცოტაც და, ისინი ნისკარტს ჩემპიონთა ლიგის ზონაში ჩაყოფენ - შემდეგ ტურში "ნანტი"-"მონაკოა".
ისევ გაიტანა ფილიპ ჯორჯევიჩმაც. სერბს უკვე 8 გოლი აქვს, თანაც, უშუალო კონკურენტებისგან განსხვავებით - ყველა თამაშიდან, არც ერთი პენალტით.
"მარსელმა" უკვე იცოდა, რომ "მონაკომ" და "ლილმა" ქულები დაკარგეს, ხოლო "ნანტმა" მოიგო და ძალიან წინ "გაიქცა". ამიტომაც ელი ბოპს მოგება უკვე ორმაგად ესაჭიროებოდა. აკი გითხარით, ფლორიან ტოვენი ბრწყინვალე ფორმაშიაო, მან უკვე მე-4 წუთზე დააწინაურა "მარსელი".
თუმცა "სოშოს" მხრიდან "საუთჰემპტონიდან" მოყვანილმა ემანუელ მაიუკამ გაათანაბრა და "ველოდრომი" ისევ ცრემლების ღვრისთვის ემზადებოდა, სტუმართა კარში პენალტი რომ დაინიშნა. შეცვლაზე 3 წუთის შემოსულმა ანდრე პიერ ჟინიაკმა ზუსტად დაარტყა და მატჩის გმირადაც იქცა.
ლიგა 1. XIII ტური
მონაკო-ევიანი 1:1
გოლები: 0:1 ვასი (20), 1:1 ფალკაო (27)
მონაკო (4-3-3): სუბაშიჩი - ფაბინიო (83. რაჯი), რ. კარვალიო, აბიდალი, კურჟავა - მოუტინიო (68. კონდოგბია), ჯ. როდრიგესი, ტულალანი - ოკამპოსი, ფერეირა კარასკო (68. რივიერი), ფალკაო
პსჟ-ნიცა 3:1
გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (39), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (57-პენ.), 2:1 პიეჩინოვიჩი (70), 3:1 იბრაჰიმოვიჩი (76)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილო, ალექსი, ტიაგო სილვა, მაქსველი - მატუიდი, ტიაგო მოტა, რაბიო - პასტორე (75. ლუკასი), კავანი (79. მენეზი), იბრაჰიმოვიჩი
ბასტია-რენი 1:0
გოლი: 1:0 ჯ. ბრუნო (8)
ლორიანი-რეიმსი 0:0
გაძევება: ბარტელმე (72)
გენგამი-ლილი 0:0
გაძევება: მატის (80. გენგამი)
ტულუზი-აიაჩო 1:1
გოლები: 0:1 ლასნე (7), 1:1 სილა (42)
ვალანსიენი-მონპელიე 1:1
გოლები: 1:0 ანგუა, 1:1 სტამბული (90)
გაძევება: დეპლანი (74. მონპელიე)
ბორდო-ნანტი 0:3
გოლები: 0:1 ბესატი (41), 0:2 ჯილობოჯი (60), 0:3 ჯორჯევიჩი (64)
მარსელი-სოშო 2:1
გოლები: 1:0 ტოვენი (4), 1:1 მაიუკა (60), 2:1 ჟინიაკი (83-პენ.)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - აბდალა, ნკულუ, დიავარა, მენდი - რომაო, შეირუ (75. ხელიფა) - ვალბუენა (84. იმბულა), ტოვენი, პაიე - ჯ. აიუ (80. ჟინიაკი)
სტ. ეტიენი-ლიონი 1:2
ბომბარდირები: 9 - ედინსონ კავანი (პსჟ), რადამელ ფალკაო (მონაკო); 8 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), ფილიპ ჯორჯევიჩი (ნანტი); 7 - ნელსონ ოლივეირა (რენი), დარიო ცვიტანიჩი (ნიცა); 6 - კევინ ბერიგო (ევიანი), ემანუელ რივიერი (მონაკო), შეიკ დიაბატე (ბორდო)
მომდევნო ტური
22 ნოემბერი.
აიაჩო-მარსელი;
23 ნოემბერი.
რეიმსი-პსჟ, ევიანი-ლორიანი, ლიონი-ვალანსიენი, მონპელიე-გენგამი, რენი-ბორდო, სოშო-ბასტია;
24 ნოემბერი.
ლილი-ტულუზი, ნიცა-სტ. ეტიენი, ნანტი-მონაკო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"