კლაუდიო რანიერიმ ოქროს თევზი დაიჭირა

AutoSharing Option
ბოლო ფრანგული კლუბი, რომელმაც ჩეპიონთა ლიგაზე სერიოზულ წარმატებას მიაღწია "მონაკოა". "ლუი მეორის" ბინადრები 2004 წელს ფინალში იყვნენ და სულ ცოტა დააკლდათ სრულ ტრიუმფამდე. მას მერე ბევრი დრო გავიდა, "მონაკომ" გავარდნაც მოასწრო და ხმაურიანი დაბრუნებაც.

გუნდში ახალი ინვესტიციები ჩაიდო, ზაფხულში ტრანსფერებზე დაახლოებით 170 მილიონი ევრო დაიხარჯა და ბუნებრივია, შედეგის მოლოდინიც არის. წარმატებების მიღწევა კლაუდიო რანიერის ევალება, რომელმაც რა, რა და კლუბის აწყობა შესანიშნავად იცის, მაგრამ მერე უჭირს ხოლმე... და აი, კარგი სტარტის შემდეგ, თითქოს კლუბს კრიზისი ეწყება, მაგრამ იტალიელი სპეციალისტი პრობლემებს
არ გაურბის და სირთულეებს არ უფრთხის.

კრიზისის დასაწყისი
ორი ტურის წინ "მონაკომ" "ლილთან" პრინციპული მატჩი წააგო და მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა. ეს გუნდის პირველი მარცხი იყო ჩემპიონატში და მიჯრით მეორე, თუ "რეიმსთან" ლიგის თასზე წაგებასაც დავუმატებთ. "ლუი მეორის" მკვიდრებმა ორივე შეხვედრა გასვლაზე დათმეს და სტუმრად თამაში ამჟამად მათ მთავარ პრობლემად ჩანს.

კლაუდიო რანიერი: "პირველ ტაიმში რამდენიმე შეცდომა დავუშვით და მეტოქემ, რომელიც უფრო თავდაჯერებული იყო, ამით ისარგებლა. მეორე ნახევარში უკეთესად ვითამაშეთ, მაგრამ "ლილის" მეკარე ბრწყინვალე გახლდათ".

რანიერის არ ეშინია
ხსენებულ წაგებებს, "ევიანთან" საშინაო ფრე მოჰყვა, თანაც "მონაკო" ისე ცუდად გამოიყურებოდა, რომ მატჩის შემდეგ თავად რანიერიმ თქვა, მეტოქეს უნდა მოეგოო. შედეგად, მონაკოელები უკვე 5 ქულით ჩამორჩებიან ლიდერ პსჟ-ს და კრიტიკოსებიც უმალვე გამოჩდნენ. თუმცა იტალიელს, რომელიც 27 წელია მწვრთნელად მუშაობს არაფრის არ ეშინია და პირიქით, ისე საუბრობს, გეგონება უხარია კიდეც გუნდის სირთულეები და ძალით ცდილობს პრობლემების გაჩენასო...

"ზოგჯერ ხალხს ფეხბურთი ცარიელი სტრესი ჰგონია, დიდი ზეწოლის გამო. არა! სტრესი მაშინ მაქვს, როცა უქმად ვარ, უმუშევრად. მიყვარს ჩემი საქმე და როცა ვმუშაობ ბედნიერი ვარ. ფსიქოლოგიური წნეხიც ნორმალირია, ამას მივეჩვიე და პირიქით, მაბალანსებს. აი, როდესაც თავისუფლად ვარ, არ მომწონს, ძალიან არ მომწონს" - განმარტა მან.

მიქსი
ლიგა 2-ის მოგების შემდეგ, რანიერის კონტრაქტი 2015 წლამდე გაუგრძელეს და თუ "მონაკომ" ძალიან არ აურია, გამოცდილ მწვრთნელს კიდევ დიდი ხანი ექნება ეს სამსახური. როგორც ჩანს, რუსი მილიარდერი დიმიტრი რიბალოვლევი იტალიელს ბოლომდე ენდობა და ფულსაც არ იშურებს, გუნდმა არაერთი ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა. რანიერიმ კი რიბოლოვლევის სახით "ოქროს თევზი" დაიჭირა, რომელიც მას სურვილებს უსრულებს, თანაც სამზე მეტს. ყველაფერი დიდებულად დაიწყო და ახლა პატარა ჩავარდნა კი არის, მაგრამ მონაკოელებს ისეთი შემადგენლობა ჰყავთ, წესით სირთულეები მალე უნდა დაძლიონ. ეს ერთგვარი მიქსი ანუ ახალგაზრდა ტალანტების გამოცდილ ფეხბურთელებთან შერწყმა გამართლებული გამოდგა. ზაფხულში გუნდმა 13 ახალი მოთამაშე დაიმატა და 22 გაყიდა ანაც გაანათხოვრა.

"ასეთი სტარტი სიურპრიზიც კი იყო, რადგან გუნდის ერთ თვეში გაკეთება ადვილი არ არის. თუმცა მე ძალიან კარგი ფეხბურთელები მყავს. რაც შეეხება მიქსს, ეს ხელმძღვანელის იდეა იყო, და მეც ამ ფილოსოფიას მივყვები. გვინდოდა როგორც გამოცდილი ფეხბურთელების, ჩემპიონების მოყვანა, ასევე ნიჭიერი ახალგაზრდების. ამიტომაც გვყავს მაგალითად ერიკ აბიდალის, ჟერემი ტულალანის, რიკარდო კარვალიოს, ჟოაო მოუტინიოსა და რადამელ ფალკაოს დარი გამოცდილი მოთამაშეების პარალელურად - ლუკას ოკამპოსის, ჯეიმს როდრიგესის, იანიკ ფერეირა-კარასკოს, ჯეიმს როდრიგესის, ლეივინ კურზავასა და ფაბინიოსნაირი ნორჩი ტალანტები".

სამაგალითო კაპიტანი
ერიკ აბიდალის კაპიტნად დანიშვნა, ზოგმა რანიერის პოპულისტურ ნაბიჯად ჩათვალა, მაგრამ 34 წლის მცველმა დაამტკიცა, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებთან ორწლიანი ომისა, მას მაღალ დონეზე თამაში ისევ შეუძლია და სამკლავურიც ეკუთვნოდა.

"მინდოდა კაპიტანი ფრანგი ყოფილიყო, თანაც კარგი სახელით. აბიდალი უბრალოდ შეუდარებელია. ის გაუთავებლად შრომობს, როდესაც ვეუბნები რომ საკმარისია და გასახდელისკენ წავიდეს, მპასუხობს - არა, არა, კიდევ მინდა ვარჯიში. იგი სხვა ფეხბურთელებისთვის სამაგალითო ფიგურაა" - ამბობს რანიერი.

უგულშემატკივრო სამოთხე
მონაკო დიდებული, ლამაზი ადგილია, მაგრამ პატარა და "ლუი მეორეზე" დასწრების პრობლემა ბუნებრივად აქტუალურია. თუმცა მწვრთნელი ამაში დამღუპველ პრობლემას ვერ ხედავს და პირიქით, კმაყოფილია გარემოთი.

"მონაკო ფანტასტიური ადგილია და თავად გახლავთ მოტივატორი. დასაწყისში ჩვენი მთავარი მიზანი ისეთი ფეხბურთელების პოვნა იყო, რომლებსაც გამარჯვება ენდომებოდათ თავისთვის, კლუბისთვის, პროექტისთვის... მივიჩნევ, რომ ეს შევძელით, რადგან გამარჯვება უნდა ანდრეა რაჯის, აბიდალს, მოუტინიოს, ტულალანს... ეს შემართება უნდა გადაედოთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს.

რასაკვირველია, "მონაკოს" არც ისე ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, რადგან ადგილია საკმაოდ პატარა. ცხადია, ჯობია როდესაც სტადიონი სავსეა და პუბლიკა გამხნევებს. თუმცა არა უშავს, ჩვენთან ნამდვილი სამოთხეა" - განაცხადა რანიერიმ.

მთავარი მიზანი
"მონაკოს" მთავარი მიზანი ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა. ეს პროგრამა მინიმუმია, მაგრამ ნელ-ნელა ან პირდაპირ თუ ვიტყვით, მომავალი სეზონისთვის მოთხოვნები გაიზრდება და საფრანგეთის ჩემპიონობაც დადგება დღის წესრიგში. რანიერი არ ჩქარობს და ამბობს, რომ ეტაპობრივად ყველაფერი იქნება.

"ჩვენზე და პსჟ-ზე ჯერ კიდევ წინა სეზონში დაიწყეს ლაპარაკი და ეს ნორმალურია, რადგან "მონაკოს" მართლაც აქვს სურვილი და პოტენციალი იმისა, რომ ამ დონეზე ავიდეს. თუმცა შეგახსენებთ, რომ ჩვენ ლიგა 2-დან ახლა ამოვედით, ხოლო პსჟ-ს პროექტი სამი წლის წინ დაიწყო. რა თქმა უნდა, მინდა პარიზელებთან ჭიდილი და ჩემპიონობისთვის ბრძოლა. ამ სეზონში ისინი შესაძლოა ცოტათი უფრო ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრობენ. ჩვენთვის კი სწორედ ლიგა ერთი და მომავალი სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა მთავარი" - განაცხადა საუბრის ბოლოს რანიერიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კლაუდიო რანიერი: პსჟ არა ვართ, მაგრამ ჩემპიონობა გვინდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული