საფრანგეთი. ლიგა 1. XIV ტური: ვის არ ეამა ენიეამა?

AutoSharing Option
იოლი გამარჯვებები
ელი ბოპმა და მისმა "მარსელმა" ცოტა ამოისუნთქეს. პარასკევს "ოლიმპიკმა" კორსიკაზე იდეაში არც ისე ადვილი გასვლა იოლად მოიგო. ყველაფერი დიმიტრი პაიეს კოხტა გოლით დაიწყო. მართალია, მასპინძლებმა წონასწორობა მალე აღადგინეს, მაგრამ იქვე ანდრე-პიერ ჟინიაკმა კვლავ წინ გაიყვანა სტუმრები, თანაც ულამაზესი დარტყმით და დაამტკიცა, რომ მისი ადგილი ძირითად შემადგენლობაშია.

წერტილი კი მშვენიერ ფორმაში მყოფმა ფლორიან ტოვენმა დასვა. ასე რომ, ბოპმა ლიგა 1-ში თავისი მე-500 მატჩი გამარჯვებით აღნიშნა.

შაბათის პირველ შეხვედრაში პსჟ-ს ერთ ლუკმად
არ ეყო "რეიმსი". უბერ ფურნიეს ბიჭები გვაოცებენ, ფაქტობრივად, არ აგებენ და ცოტას უშვებენ, მაგრამ პარიზელებთან თავს ზემოთ ძალა არ იყო. დედაქალაქელებმა ცოტა მძიმედ დაიწყეს, მაგრამ 25-ე წუთზე ყველაფერი თავის ადგილას დადგა - ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ლუკასს გაატანინა.

მე-60 წუთზე კარგად მოთამაშე ჟერემი მენეზმა იხეირა მარკო ვერატის პასით, ხოლო 90-ეზე რეიმსელთა მეკარემ კოსი აგასამ იბრას აჩუქა გოლი და ამ ბურთით ზლატანი ედინსონ კავანის წამოეწია ბომბარდირთა დავაში. ურუგვაელი ლორან ბლანმა დაასვენა.

იოლზე იოლი იყო "ლორიანის" გამარჯვება "ევიანთან", მაგრამ საკმაოდ მოულოდნელი. ჯერ ერთი, ბრეტონელებს იქამდე გასვლაზე 7-დან 7 წაგება ჰქონდათ და მერე მეორე - 0:4-ს ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა. ექსვალანსიენელმა ვენსან აბუბაქარმა დებიუტშივე დუბლი გაახერხა და კამერუნელს უკვე 7 გოლი მოუგროვდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კი მასპინძლები ათნი დარჩნენ და ცხადი გახდა, რომ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. "ლორიანმა" სეზონში მეორე თამაში მოიგო და 4 ქულით მოწყდა გასავარდნ ზონას.

1:1-ები
ლიგა 1-ის მოდის კვირეულმა 1:1 ბრძანა და ეს ანგარიში მე-14 ტურში ძალიან პოპულარული იყო. ყველაზე მოულოდნელი 1:1 "ჟერლანზე" დაფიქსირდა. იქ "ლიონს" უნდა დაემტკიცებინა, რომ კრიზისი ბოლომდე დაძლეულია და გუნდი ევროსაგზურებისკენ უკანმოუხედავად მიიწევს - ამისთვის რემი გარდის შეგირდებს აუტსაიდერი "ვალანსიენი" უნდა დაემარცხებინათ.

მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და საწადელს მე-17 წუთზე მიაღწიეს - ანრი ბედიმომ იოან გურკუფთან კედელი გაათამაშა და მშვენივრად ჩააწოდა, სადაც ბურთს ბაფეტიმბი გომისი დახვდა და ის გააკეთა, რაც მას ევალება.

ლიონელებმა სხვაობა ვერ გაზარდეს და 66-ე წუთზე აქეთ გაუშვეს. თავი პსჟ-ის აღზრდილმა, 20 წლის ჟან-კრისტოფ ბაებეკმა გამოიჩინა ძლიერი და ეფექტური დარტყმით. წესით, "ლიონს" მაინც უნდა მოეგო, მაგრამ მატჩის მიწურულს ფოფანამ ისეთი პოზიციიდან ვერ იხეირა, რომლიდანაც აცილება უფრო ძნელი იყო.

ბრეტონის დედაქალაქ რენში საინტერესო მატჩი გაიმართა. სანახაობრივი მხარისა რა გითხრათ, მაგრამ დაძაბული შეხვედრა კი გამოვიდა. ორივე გუნდს მოგება სურდა, მაგრამ საბოლოოდ თითო ქულა შერჩათ. "რენი" ჟან-არმელ კანა-ბიიკის გოლით იგებდა და ჰქონდა იმედი, რომ სახლში ორთვიან მოუგებელ სერიას ახლა მაინც შეწყვეტდა, მაგრამ... მასპინძლებმა სულ ერთი წუთი გაიხარეს - შეიკ დიაბატემ ლანდრი ნგემოსგან მიიღო ბურთი, ჩინებულად დაამუშავა და ჩემპიონატში თავისი მე-7 გოლი გაიფორმა.

1:1-ების გარდა, ეს იუბილეებისა და ლამაზი გოლების ტურიც გახლდათ. ასე მაგალითად, ჟან ფერნანდესი თავის მე-600 მატჩს ატარებდა ლიგა ერთში მწვრთნელის რანგში, ხოლო მისი გუნდი რემი კაბელიამ ბრწყინვალე დარტყმით დააწინაურა. თუმცა ცოტა ხანში სტუმრებმა გათანაბრება შეძლეს და "მონპელიეს" შანსების მიუხედავად, საბოლოოდ ქულის დაცვა მოახერხეს.

სტუმრად პირველ 3 ქულასთან ახლოს იყო "ბასტია", რომელიც "ოგუსტ-ბონალიზე" საკმაო ხანი იგებდა, თანაც, ექსმონბელიარელ რიად ბუდებუზის გოლით. ზაფხულში "სოშოდან" კორსიკელთა რიგებში მილიონ ევროდ გადასულმა ალჟირელმა ჯანი ბრუნოს დარტყმულს დაამატა. "ლომებმა" ძალიან იაქტიურეს და ეს 77-ე წუთზე დაუფასდათ, როდესაც შეცვლაზე შემოსულმა და "საუთჰემპტონიდან" ნათხოვარმა ზამბიელმა ემანუელ მაიუკამ გაათანაბრა.

კვირის გმირები
"ლილმა" კარი ზედიზედ მეცხრედ შეინახა მშრალად და ისევ მოიგო. თუმცა საქმე არც ისე მარტივად გახლდათ, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ის, რომ ლილელებმა არ გაუშვეს, პირადად ვინსენტ ენიეამას დამსახურებაა, რომელმაც არაერთი რთული ბურთი მოიგერია. რენე ჟირარს დისკვალიფიკაციის გამო ნოლან რუ არ ჰყავდა, მის გუნდს კი მომენტების შექმნა ცოტა უჭირდა.

56-ე წუთზე ტულუზელებს ოსკარ ტრეხო გაუძევეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ალენ კაზანოვას შეგირდები მეტოქეს არაფრით ჩამოუვარდებოდნენ და შანსები კიდევ ჰქონდათ, მაგრამ ნიგერიელი გოლკიპერი შეუვალი იყო. ერთი სიტყვით, ის, რაც 85-ე წუთზე მოხდა, ცოტა უსამართლობა იყო, მაგრამ ცხრილის ზედა ნაწილის გუნდები სწორედ ასეთი ნერვიული მატჩების მოგებით ამტკიცებენ, რომ მათი ადგილი იქ არის და ასე მოიქცა "ლილიც" - პაპე სუარემ თავის გუნდს თავურით მოაგებინა.

1:1-ებმა საბოლოოდ ის მოიტანა, რომ ლიგა ერთში პირველი ხუთეული გამოიკვეთა და შედარებით წინ გაიქცა. ხუთეულსა და დანარჩენ გუნდებს შორის ერთგვარ შუამავლად გვევლინება "სენტ ეტიენი", რომელმაც "ნიცასთან" მოგებით ერთბაშად 5 საფეხურით აინაცვლა და მე-6 ადგილზე დამკვიდრდა. "მწვანეებს" "ალიანს რივიერაზე" დისკვალიფიცირებული ბრანდაოს ნაცვლად მოთამაშე მევლუთ ერდინჩი მოევლინათ გმირად და თურქის ერთადერთი გოლით იმარჯვეს.

"ნიცა" კი სერიოზულ კრიზისშია. ეს გუნდის მიჯრით მე-4 მარცხი იყო. ბოლო 6 შეხვედრიდან კლოდ პუელმა 5 წააგო და პოსტის დაკარგვა ემუქრება.

ლიგა 1. XIV ტური

აიაჩო-მარსელი 1:3
გოლები: 0:1 პაიე (27), 1:1 პეროსო (31), 1:2 ჟინიაკი (39), 1:3 ტოვენი (58)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - აბდალა, ნკულუ, დიავარა, მენდი - რომაო, შეირუ - ვალბუენა (73. ლემინა), ტოვენი (86. ხელიფა), პაიე - ჟინიაკი (79. ჯ. აიუ)

რეიმსი-პსჟ 0:3
გოლები: 0:1 ლუკასი (25), 0:2 მენეზი (60), 0:3 იბრაჰიმოვიჩი (90)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ჟალე, ალექსი, ტიაგო სილვა, დინე - ტიაგო მოტა (87. პასტორე), რაბიო (72. მატუიდი), ვერატი - ლუკასი, მენეზი (72. ლავესი), იბრაჰიმოვიჩი

ლიონი-ვალანსიენი 1:1
გოლები: 1:0 გომისი (17), 1:1 ბაებეკი (66)
ლიონი (4-3-3): ვერკუტრი - მიგელ ლოპეში, ბიშევაცი, უმტიტი, ბედიმო - გონალონი, მალბრანკი, ფოფანა - გურკუფი (74. პლეა), ლაკასეტი, გომისი (65. ბრიანი)

მონპელიე-გენგამი 1:1
გოლები: კაბელია (69), 1:1 ტ. ჟირესი (77-პენ.)

ევიანი-ლორიანი 0:4
გოლები: 0:1 აბუბაქარი (6), 0:2 აბუბაქარი (13), 0:3 დიალო (82), 0:4 ჟუფრე (87-პენ.)
გაძევება: ერე (58. ევიანი)

რენი-ბორდო 1:1
გოლები: 1:0 კანა-ბიიკი (63), 1:1 დიაბატე (64)

სოშო-ბასტია 1:1
გოლები: 0:1 ბუდებუზი (31), 1:1 მაიუკა (74)

ლილი-ტულუზი 1:0
გოლი: 1:0 სუარე (84)
გაძევება: ო. ტრეხო (56. ტულუზი)

ნიცა-სტ. ეტიენი 0:1
გოლი: 0:1 ერდინჩი (23)

ნანტი-მონაკო 0:1

ბომბარდირები: 9 - ედინსონ კავანი (პსჟ), რადამელ ფალკაო (მონაკო), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 8 - ფილიპ ჯორჯევიჩი (ნანტი); 7 - ნელსონ ოლივეირა (რენი), შეიკ დიაბატე (ბორდო), დარიო ცვიტანიჩი (ნიცა), ვენსან აბუბაქარი (ლორიანი);

მომდევნო ტური
29 ნოემბერი.
მარსელი-მონპელიე

30 ნოემბერი.
მონაკო-რენი, გენგამი-ნანტი, ლორიანი-ნიცა, სტ. ეტიენი-რეიმსი, ტულუზი-სოშო, ვალანსიენი-ლილი;

1 დეკემბერი.
ბორდო-აიაჩო, ბასტია-ევიანი, პსჟ-ლიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული