ტური "ველოდრომზე" დაიწყო, სადაც ფორმაში შესული "მარსელისგან" გულშემატკივრები "ნანტთან" პრინციპულ მატჩში გამარჯვებას ელოდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა. "იადონებს" ალეხანდრო ბედოიამ მოაგებინა, ამერიკელის დარტყმა ბენჟამინ მენდის მოხვდა და სტივ მანდანდა ამ რიკოშეტმა უშანსოდ დატოვა. მასპინძლებმა რამდენიმე მომენტი შექმნეს და შეეძლოთ თამაშის გადარჩენა. თუნდაც შეცვლაზე შემოსული საბერ ხელიფას მომენტი შეგვიძლია გავიხსენოთ - ტუნისელმა ახლო მანძილიდან ააცილა. ნანტელებს ქების მეტი არაფერი ეკუთვნით, მიშელ დერ ზაქარიანის გუნდი მე-4 ადგილზე გადავიდა.
შაბათი პარიზული შოუთი გაიხსნა. თუმცა ვისთვის შოუ და ვისთვის კოშმარი... "ევიანთან" წაგებით გაბრაზებულმა
ბრეტონული დერბი "ლორიანმა" იან ჟუფრეს წყვილი გოლით მოიგო. 29 წლის ნახევარმცველს უკვე 5 ბურთი მოუგროვდა. პირველი მან მე-7 წუთზე პენალტით გაიტანა და პლუს სტუმრები 10 კაცით დარჩნენ. მიუხედავად ამისა, "რენი" რაღაცას ცდილობდა, მაგრამ მაინც ვერ გაათანაბრა და ბოლოს, ჟუფრემ მეორეც შეაგდო. "ლორიანმა" მიჯრით მეოთხე მატჩი მოიგო, თანაც გოლგაუშვებლად. თუ ამას იქამდე ნათამაშებ 0:0-ს დავუმატებთ, გამოვა, რომ კრისტიან გრკუფის შეგირდებს ხუთი ტურია არ წაუგიათ და თან კარს მშრალად ინახავენ.
უცნაური თამაში იყო "ოგუსტ-დელანი მეორეზე". ბურთი ძირითადად "რეიმსს" ეჭირა, მაგრამ სახიფათო მომენტებს "ნიცა" უფრო ქმნიდა. თუმცა მასპინძელთა გოლკიპერი კოსი აგასა ჩინებულად გამოიყურებოდა და საბოლოოდ, ნიცელებმა მაინც წააგეს. გაეტან შაბრონიეს გაახსენდა, რომ მისი უშუალო მოვალეობა გოლების გატანაა და 93-ე წუთზე მოაგებინა "რეიმსს".
"ნიცასთვის" ეს ზედიზედ მე-7 მარცხი იყო ჩემპიონატში, რითაც გუნდმა 1960 წელს დამყარებული შიდასაკლუბო ანტირეკორდი გაიმეორა.
მალელი ტონგო ჰამედ დუმბიას გოლით "ვალანსიენს" ნანატრი და ძალიან საჭირო გამარჯვების იმედი ჰქონდა, მაგრამ "დიჟონიდან" ნათხოვარმა იუნუსი სანხარემ 70-ე წუთზე გაათანაბრა და "გენგამს" ქულა მოუტანა. "სენტ ეტიენისა" და "ევიანის" მატჩი კი იმიტომ გადაიდო, რომ "ჟოფრუა გიშარზე" ჰოკეის უფრო ითამაშებდა კაცი, ვიდრე ფეხბურთს, მინდორი მთლიანად მოყინული იყო. თუ როდის ჩატარდება ეს შეხვედრა, ჯერ არ გადაწყვეტილა.
არშემდგარი რეკორდი და დრამატული კვირა
რეკორდი აღარ იქნება - ვინსენტ ენიაემამ გოლი გაუშვა... ნიგერიელის 11-ტურიანი მშრალი სერია ზუსტად იმ გუნდთან შეწყდა, რომლის ყოფილი მეკარის მიერ 20 წლის წინ დამყარებულ რეკორდსაც უმიზნებდა ენიაემა.
გრძელდება ის ტენდენციაც, რომ თუ "ლილი" გოლს უშვებს, მაშინ აგებს. რენე ჟირარის გუნდმა ჩემპიონატში სამჯერ გაუშვა, ხოლო თასზე ერთხელ და ოთხივე შეხვედრა დათმო. ციხე შიგნიდან ტყდებაო - ეს სიტყვები კიდევ ერთხელ გამართლდა, ენიაემას კარი მართლაც აუღებელი ციხესიმაგრე იყო და აფრიკელ მეკარეს ისევ თავისიანმა უმტყუნა.
27-ე წუთზე კამერუნელმა ლანდრი ნგემომ შორიდან დაარტყა და ოფიციალურად გოლი მას ჩაუწერეს, მაგრამ გზად ბურთი დანიელ სიმონ კიაერს მოხვდა და მიმართულება იცვალა. ჟირონდელები იმ წუთას გაეტან ორდისკენ გაიქცნენ საზეიმოდ, რომლის რეკორდის მოხსნასაც ლამობდა ენიაემა.
ფრანსის ჟიიოს ძალიან კი გაუხარდა ეს მოგება, მაგრამ თან ძვირი დაუჯდება - მწვრთნელმა პირობა დადო, რომ თუ მისი შეგირდები "ლილს" გოლს გაუტანდნენ, მთელ გუნდს სადილად დაპატიჟებდა. ამ ხუმრობა-ხუმრობაში "ბორდო" უკვე მე-5-მე-6 ადგილებს იყოფს "მარსელთან" ერთად. ჟირონდელთა ეს მოგება მით უფრო დასაფასებელია, რომ გუნდი ნახევარ საათზე მეტი ხანი 10 კაცით თამაშობდა.
"არმან სეზარიზე" "ბასტიამ" პირველი ტაიმი მოუგო "ლიონს", მაგრამ ყველაფერი 2-3-წუთიან მონაკვეთში გადაწყდა, როდესაც სტუმართა მხრიდან ჯერ ალექსანდრ ლაკასეტმა გაათანაბრა, მერე კი 19 წლის იასინ ბენზიამ სულაც წინ გაიყვანა რემი გარდის კლუბი. წერტილი შეცვლაზე შემოსულმა ბაფეტიმბი გომისმა დასვა და "ლიონი" მეოთხე ადგილს მიუახლოვდა, ხოლო "ბასტიამ" სეზონში პირველი მატჩი წააგო საკუთარ კედლებში.
დიდი ამბავი იყო ტულუზში, სადაც ადგილობრივი გუნდი ჟან ფერნანდესის გარეშე დარჩენილ "მონპელიეს" მასპინძლობდა. სტუმრები სულეიმან კამარამ დააწინაურა რენატო კაბელიას პასის მერე, თუმცა 51-ე წუთზე დანიელ კონგრემ პენალტი და წითელი ბარათი ერთად აიკიდა და "მონპელიე" რთულ მდგომარეობაში ჩავარდა, მაგრამ ედენ ბენ ბასატმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
ჯონათან ძებინას მშვიდად რა მოასვენებდა, 68-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ძებინამ ორი ყვითელი ბარათი ერთად "დაიმსახურა" და რიცხობრივი კუთხით წონასწორობა აღადგინა. მალე კი მასპინძლებმა ანგარიშიც გაათანაბრეს - თავი მრავალკლუბგამოცვლილმა კოლუმბიელმა აბელ აგილარმა გამოიჩინა. საბოლოოდ, "მონპელიესა" და მის დროებით მწვრთნელს, პასკალ ბაილს ქულა შერჩათ.
ლიგა 1. XVII ტური
მარსელი-ნანტი 0:1
გოლი: 0:1 ბედოია (16)
მარსელი (4-3-3): მანდანდა - ფანი, ნკულუ, დიავარა, მენდი - ლემინა (46. ხელიფა), რომაო, შეირუ (82. იმბულა) - ტოვენი, პაიე (75. ჯ. აიუ), ჟინიაკი
პსჟ-სოშო 5:0
გოლები: 1:0 ტიაგო სივა (14), 2:0 ლვეცი (47), 3:0 კავანი (62), 4:0 იბრაჰიმოვიჩი (87), 5:0 იბრაჰიმოვიჩი (90)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ჟალე, ალექსი (60. მარკინიოსი), ტიაგო სილვა, მაქსველი - მატუიდი (73. პასტორე), ტიაგო მოტა, ვერატი - ლავეცი (78. ლუკასი), კავანი, იბრაჰიმოვიჩი
ლორიანი-რენი 2:0
გლები: 1:0 ჟუფრე (7-პენ.), 2:0 ჟუფრე (87)
გაძევება: არმანი (6. რენი)
რეიმსი-ნიცა 1:0
გოლი: 1:0 შარბონიე (90)
სტ. ეტიენი-ევიანი გადაიდო
ვალანსიენი-გენგამი 1:1
გოლები: 1:0 დუმბია (18), 1:1 სანხარე (70)
ბორდო-ლილი 1:0
გოლი: 1:0 ნგემო (27)
გაძევება: პუნჟე (58. ბორდო)
ბასტია-ლიონი 1:3
გოლები: 1:0 რასპენტინო (34), 1:1 ლაკასეტი (54), 1:2 ბენზია (56), 1:3 გომისი (85)
ლიონი (4-3-3): ვერკუტრი - მიგელ ლოპეში, კონე, უმტიტი, ბედიმო - ფერი (80. ტოლისო), გონალონი, ფოფანა - გრენიე, ლაკასეტი (89. დანიკი), ბენზია (73. გომისი)
ტულუზი-მონპელიე 1:1
გოლები: 0:1 ს. კამარა (19), 1:1 აგილარი (72)
გაძევება: კონგრე (50. მონპელიე), ძებინა (68. ტულუზი)
მონაკო-აიაჩო 1:0
გოლი: რივიერი (75)
გაძევება: პიერაცი (62. აიაჩო)
ბომბარდირები: 13 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 11 - ედინსონ კავანი (პსჟ); 9 - ვინსენტ აბუბაქარი (ლორიანი), რადამელ ფალკაო (მონაკო); 8 - ალექსანდრ ლაკასეტი (ლიონი), ფილიპ ჯორჯევიჩი (ნანტი)
მომდევნო ტური
13 დეკემბერი.
მონპელიე-სტ. ეტიენი;
14 დეკემბერი.
რენი-პსჟ, აიაჩო-ლორიანი, ევიანი-რეიმსი, გენგამი-მონაკო, ნანტი-ტულუზი, ნიცა-სოშო;
15 დეკემბერი.
ბორდო-ვალანსიენი, ლილი-ბასტია, ლიონი-მარსელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"