ლიგა 1. სეზონის I ნაწილის შეჯამება: იბრა, პსჟ და სხვები

AutoSharing Option
ლიგა 1-ის პირველმა წრემ ტრადიციულ დაძაბულობაში, საინტერესო ბრძოლებსა და სიმჭიდროვეში ჩაიარა. დავინახეთ და ვისწავლეთ ის, რომ "პარი სენ-ჟერმენი" ყველაზე ერთი-ორი თავით მაღლაა. ეს არ არის გასაკვირი, მაგრამ გასაკვირია ის, რომ დედაქალაქელებს ამ წუთისთვის უფრო დიდი უპირატესობა არ აქვთ.

პსჟ-ის კონკურენტები
გამოჩნდა ისიც, რომ "მონაკო" დიდი პოტენციალის პატრონია. გუნდი უამრავი ტალანტითაა დაკომპლექტებული, მაგრამ ჩემპიონობას სამომავლოდ თუ მოვთხოვთ, არა ამ სეზონში.

მეორე წრეში მონტეკარლოელები, სავარაუდოდ, კიდევ არაერთხელ ანერვიულებენ თავიანთ ქომაგებს. ამჯერად ჩემპიონთა ლიგის საგზურიც კარგი შედეგი იქნება. რასაკვირველია, საინტერესოა, დარჩება თუ არა
რადამელ ფალკაო და მოგვარდება თუ ვერა საბოლოოდ მისი და კლაუდიო რანიერის კონფლიქტი.

"ლილი" უფრო გუნდურია, ვიდრე "მონაკო", რომელიც რომელიმე ფეხბურთელის ინდივიდუალური ოსტატობით თუ გადის ხოლმე ფონს. შესაძლოა, ვინმეს რენე ჟირარის შეგირდების ბურთაობა სანახაობრივად არ მოსწონდეს, მაგრამ შედეგი დიდებულია და დაფასებას იმსახურებს.

შემდეგ საგრძნობი სხვაობაა და "ბორდო", "სენტ ეტიენი" და "მარსელი" მოდიან. ამ სამ გუნდს ერთი სიტყვა აერთიანებს - არასტაბილურობა. "მწვანეებს" ძალიან სიმპათიური გუნდი ჰყავთ და თუ ამ სეზონში მაინც გაძლეს ბოლომდე, ევროპალიგის საგზურს მაინც გამოჰკრავენ ხელს. "მარსელს" ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს დასაძლევი, თორემ შემადგენლობა მშვენიერია, ისეთი, წესით, სამეულისთვის რომ უნდა იბრძოდეს. ფრანსის ჟიიომ კი ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, როგორც ჩანს, თავისი გაიტანა და "ბორდოს" კრიზისი დააძლევინა. ვნახოთ, როგორ იბურთავებენ ჟირონდელები მეორე წრეში.

ძალიან საინტერესოა "ნანტი". მიშელ დერ ზაქარიანს გულის სიღრმეში მართლაც შორს მიმავალი გეგმები აქვს, მაგრამ ამისთვის გუნდი ცოტა უფრო პრაგმატული და მენტალურად ძლიერი უნდა გახადოს.

სეზონის კიდევ ერთი მოულოდნელობა, სახელად "რეიმსი", ალბათ, საბოლოოდ ათეულში რომ დარჩეს, ამითაც ძალიან ბედნიერი იქნება. მის მეზობელ "ლორიანს" რაც შეეხება, კრისტიან გურკუფი სასწაულების ჩადენას აგრძელებს - მან ჩინებულად აათამაშა ვენსან აბუბაქარი, ხოლო ჟერემი ალიადირს გაახსენა, თუ რატომ ითვლებოდა ერთ დროს ის გამორჩეულ ტალანტად. ბოლო 6 მატჩის შედეგით, ბრეტონელები ერთპიროვნული ლიდერები არიან, მაგრამ "ლორიანმა" მიგვაჩვია, რომ ასეთ დიდებულ სერიას სერიოზული ჩავარდნა მოსდევს ხოლმე და პირიქით. საბოლოოდ, კი გუნდი მშვიდად ინარჩუნებს ადგილს ლიგა 1-ში.

აუცილებლად უნდა ველოდოთ "ლიონის" წინსვლას. გუნდის თამაშში სასიკეთო ძვრები აშკარაა და სადაც რემი გარდმა ამ ურთულეს მონაკვეთს გაუძლო, ნელ-ნელა შედეგსაც "დადებს".

იმედგაცრუებები
"ტულუზს", "გენგამს" და "ბასტიას" ერთგვარი "ბუფერული ზონა" აქვთ შექმნილი და ალბათ, სეზონის ბოლომდე ასე იქნება. პირველი ორი სრულიად არაპროგნოზირებადი გუნდია და ნებისმიერ წუთში უნდა ელოდო სიურპრიზს - ძლიერთან არწაგებას ან სუსტთან ვერმოგებას. "ბასტიას" შემთხვევაში კი საქმე მარტივადაა - კორსიკაზე ყველას უნდა ეშინოდეს ჩასვლა.

"ტულუზი" ვახსენეთ და შეუძლებელია, არ ითქვას, რომ 22 წლის მარტინ ბრაიტვაიტი "ესბიერგისთვის" გადახდილ 2 მილიონ ევროს ბოლო ევროცენტამდე ამართლებს. თუ არ გჯერათ, დანიელის სტატისტიკას მოგაშველებთ - 5 გოლი და 4 საგოლე პასი. "ბასტიაში" კი "ლილიდან" ნათხოვარი ჯანი ბრუნო ყოჩაღობს.

ბრწყინვალე სეზონის მერე "ნიცას" ეს ჩემპიონატი ჩაუვარდა, მაგრამ ცხრილის ზედა ნახევრისკენ უცილობლად დაიძრება. გარდისა არ იყოს, სადაც კლოდ პუელმა აქამდე შეინარჩუნა პოსტი, მისი ასე ადვილად დამთმობი აღარაა.

ფილიპ მონტანიეს "რენი" და რენატო კაბელიას შემყურე "მონპელიე" სეზონის მთავარ იმედგაცრუებებად უნდა დავასახელოთ. ევროსაგზურებს ეს გუნდები ჩემპიონატიდან ნამდვილად ვეღარ მოიპოვებენ და ასეთი თამაშით თასზეც გაუჭირდებათ. გავარდნა კი ახალგაზრდა ტალანტებით დაკომპლექტებულ ბრეტონელებსა და საფრანგეთის 2012 წლის ჩემპიონს, ძნელი წარმოსადგენია, დაემუქროთ. მათ შორის მყოფი "ევიანი" კი ისე ყოჩობს ხოლმე ლიდერებთან და ამ რამდენიმე წლის წინ შექმნილმა კლუბმა უკვე ისე აუწყო ფეხი ჩემპიონატს, რომ ადგილის შენარჩუნების პრობლემა ალბათ არ შეექმნება.

ანუ რა გამოვიდა - ბოლო სამეული უკვე ჩამოვწერეთ და გავწირეთ? სიმართლე ითქვას, "აიაჩოს" გადარჩენის ნამდვილად აღარ გვჯერა. სედრიკ ბაკამბუს იმედად დარჩენილ "სოშოსა" და "მონაკოსთან" სასწაულით მომგებ "ვალანსიენს" კი კიდევ ბევრი სასწაული და საოცრება დასჭირდებათ ჭაობიდან ამოსასვლელად.

საინტერესო სტატისტიკა
* ჩატარდა 189 მატჩი ("სტ.ეტიენისა" და "ევიანის" გადადებული შეხვედრა 8 იანვარს გაიმართება), გასულია 460 გოლი, რაც საშუალოდ თამაშში 2,43 ბურთს უდრის; მასპინძლებმა 86-ჯერ იმარჯვეს (46%), სტუმრებმა 49-ჯერ (26%), ხოლო ფრედ 54 შეხვედრა დასრულდა (29%). ყველაზე პოპულარული ანგარიში 1:1-ია, რომელიც 27-ჯერ დაფიქსირდა.

* ძირითად ცხრილში ყველა ნული შევსებულია. უფრო თუ დავწვრილმანდებით - საკუთარ კედლებში წაგება არ აქვს პსჟ-ს, ხოლო შინ ფრედ "ნანტსა" და "ლილს" არ უთამაშიათ. გასვლაზე არავის დაზავებია "ლორიანი", ხოლო სტუმრად მოუგებლები: "მონპელიე", "ბასტია", "სოშო" და "აიაჩო" დარჩნენ. ყველაზე მეტი მოგება (13) პსჟ-ს აქვს, ისევე, როგორც ყველაზე მეტი გატანილი გოლი (44) და ქულა (44). ყველაზე ცოტა წაგებაც (1) პარიზელებს აქვთ. ყველაზე ცოტა გოლი "ლილმა" გაუშვა (8), ყველაზე ბევრი კი "სოშომ" (39). გატანა კი განსაკუთრებით "აიაჩოს" უჭირს, კორსიკელებმა მხოლოდ 13 ბურთი გაახერხეს, მათ ყველაზე ნაკლები (9) ქულა აქვთ და "სოშოსთან" ერთად ყველაზე ბევრი (12) მარცხი. ცხადია, საუკეთესო ბურთების შეფარდებაც პსჟ-ს აქვს (+31), ხოლო უცუდესი "სოშოს"(-24). ყველაზე მეტი (11) ფრე "მონპელიეს" აქტივშია, ყველაზე ნაკლები (2) "ნანტის".

სეზონის I ნახევრის სიმბოლური ნაკრები
მეკარე
ვენსან ენიეამა
(ლილი) - საფრანგეთის ჩემპიონატში უკვე წლებია, ძალიან ძნელია სუსტი მეკარე იპოვო. ბოლოადგილოსანი "აიაჩო" რომ "აიაჩოა", კორსიკელებსაც კი გილერმო ოჩოას დარი ბრწყინვალე გოლკიპერი ჰყავთ. ერთის ამორჩევა ყველაზე ძნელი ამ პოზიციაზეა, მაგრამ ვენსან ენიეამას მაგიურ თამაშს ვერ გავექცევით. 31 წლის ნიგერიელი მართლაც დაფრინავდა და სანამ თავისიანისგან გაუშვებდა, კინაღამ ლიგა ერთის ისტორიაში უხანგრძლივესი მშრალი სერია შემოგვთავაზა, სულ ცოტა დააკლდა. მან 19 მატჩში 14-ჯერ შეინახა კარი მშრალად და სულ 8 გოლი გაუშვა.

დაცვა
დანიელ ვასი
(ევიანი) - ეს 24 წლის დანიელი პირველი სეზონი არ არის, რაც კარგად გამოიყურება. ვასს მთელი მარჯვენა ფლანგის კონტროლი შეუძლია და მას აუცილებლად მოისურვებენ უფრო ძლიერი და ამბიციური გუნდები. ამ პოზიციაზე საუკეთესოობის პრეტენზია აქვს გრეგორი ვან დერ ვილსაც (პსჟ).

ერიკ აბიდალი (მონაკო) - გუნდი არ შემცდარა, რომ ამ მრავალნანახ და მრავალგამოვლილ ადამიანს კაპიტნობა ანდო. სიმბოლურად, ჩვენც ის შეგვიძლია დავაყენოთ ამ პოზიციაზე, თორემ იგივე წარმატებით შეიძლებოდა მისი თანაგუნდელისა და მეწყვილის, რიკარდო კარვალიოს დასახელებაც. პორტუგალიელიც მშვენივრად ათამაშდა და შეუცვლელად იყო მინდორზე პირველი წრის მანძილზე. არც ნიკოლა ნკულუა (მარსელი) ცუდი კანდიდატურა.

ტიაგო სილვა (პსჟ) - მართალია, ბრაზილიელს რაღაც პერიოდი გაუცდა, თუმცა შეუძლებელია, არ აღფრთოვანდე მისით. პარიზელთა კაპიტნის დამაჯერებელი თამაში მართლაც მომხიბვლელია. არც მისი თანამემამულეები და თანაკლუბელები - ვეტერანი ალექსი და ნორჩი მარკინიოსი ჩამოუვარდებიან ვინმეს რამეთი. ამ პოზიციას დაუფიქრებლად მივანდობდით "სენტ ეტიენის" კაპიტანს ლოიკ პერენსაც, რომელიც ბრწყინვალე სეზონს ატარებს.

პაპე ნდიაი სუარე (ლილი) - ეს მარცხენა მცველი ბრწყინვალედ გამოიყურება და შეტევაშიც სასარგებლოა. სუარემ "ლილს" ორი მატჩი მოაგებინა და სულ 3 გოლი აქვს გატანილი. 23 წლის სენეგალელი მეტოქის შეტევისთვის ხელის შეშლასაც წარმატებით ახერხებს. ამ პოზიციაზე "ლიონის" გამოცდილი ანრი ბედიმოს გაფიქრებაც სერიოზულად შეგვიძლია. სხვათა შორის, მის აქტივში უკვე 5 საგოლე პასია.

ნახევარდაცვა
ბლეზ მატუიდი
(პსჟ) - "სენტ ეტიენის" ყოფილი ფეხბურთელი დიდებულად გამოიყურება და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა. მადრიდის "რეალს" ძალიან უნდა მისი ხელში ჩაგდება და მატუიდიც პარიზელებთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს, მაგრამ იგი მინიმუმ ზაფხულამდე კლუბის განკარგულებაშია. ნახევარდაცვის ცენტრში მის თანაგუნდელ ტიაგო მოტასაც განიხილავდა კაცი, ასევე "ლილის" ხერხემალ - რიო მავუბას.

გრეგორი სერტიჩი (ბორდო) - მწვრთნელ ჟიიოსთან ერთად, სერტიჩი "ბორდოს" წარმატების მთავარი შემოქმედია. 24 წლის ნახევარმცველის პროგრესი და გარდაქმნა სახეზეა.

რომენ ამუმა (სენტ ეტიენი) - ექსკაენელი ბრწყინავს. მან იმ 14 შეხვედრაში, რომელიც ძირითადში დაიწყო, 6 გოლი გაიტანა და 4-ჯერ სხვებს გაატანინა. ამუმა რომ არა, ამ პოზიციაზე უცილობლად ფლორიან ტოვენს მოვახვედრებდით.

ჯეიმს როდრიგესი (მონაკო) - კოლუმბიელი ნელ-ნელა ეგუება ლიგა 1-ს და პოტენციალის გამოვლენას იწყებს. იგი ამჟამად 7 საგოლე პასით ჩემპიონატის საუკეთესო მეპასეა. "პორტუს" ყოფილმა მოთამაშემ "მონაკოსთვის" ყველაზე რთულ დროს ითავა ლიდერობა.

თავდამსხმელები
ვენსან აბუბაქარი
(ლორიანი) - ამ ფეხბურთელის თამაში აღფრთოვანებას იწვევს. 11 გოლი, აქედან მხოლოდ 1 პენალტით და 7 შემთხვევაში მისი გოლი მატჩში პირველი იყო "ლორიანისთვის". ბონუსად კი 2 საგოლე გადაცემაც, ანუ გუნდის გოლების ნახევარში 21 წლის კამერუნელი მონაწილეობდა. ჩვენი ვალია, არც სხვა შედეგიანი თავდამსხმელი დავჩაგროთ. მაგალითად, პირველ რიგში 8 გოლის გამტან ფილიპ ჯორჯევიჩს გამოვარჩევდით. "ნანტის" სერბზე უკვე ნადირობაა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ) - იბრას ერთადერთი კონკურენტი თუ ეყოლება - მისი თანაკლუბელი ედინსონ კავანი. ურუგვაელი ამჟამად 3 ბურთით ჩამორჩება ზლატანს. იბრაკადაბრას ანგარიშზე კი, 15 გოლის გარდა, 6 საგოლე გადაცემაა. ცოტაც და ის მეპასეთა სიასაც სათავეში ჩაუდგება. ცხადია, იბრაჰიმოვიჩი თავისი კარგი თამაშით, ჯადოსნური გოლებითა და გამოხდომებით, ლიგა 1-ის ყველაზე მასშტაბურ ფეხბურთელად რჩება.

მწვრთნელი
რენე ჟირარი
(ლილი) - ლორან ბლანის ფილოსოფია, მიდგომები და სტილი ძალიან დასაფასებელია. ეს ადამიანი, სათამაშო კარიერისა არ იყოს, მწვრთნელობის ჟამსაც დიდ სიმპათიებს იმსახურებს. ალბათ, სეზონიც მისი ტრიუმფით დასრულდება და დიდი შანსია, ბლანმა პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზეც ხმამაღალი სიტყვა ათქმევინოს...

თუმცა პირველი წრის ბოლოს, თუ ყველაფერს კარგად გადავხედავთ, შევაჯამებთ და გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ იმ რესურსით, რომელიც "ლილს" აქვს და იმ კონკურენციის ფონზე, რომელიც ჩემპიონატშია, ის, რაც ჟირარმა გააკეთა, თითქმის შეუძლებელი გახლდათ.

ამ მართლაც ჭკვიან ტაქტიკოსს უყვარს "შეუსრულებელი მისიები" და ამ პატარა აღიარებასაც იმსახურებს. უსამართლობა იქნება, კრისტოფ გალტიეს შრომაც რომ არ დავაფასოთ, ახალგაზრდა სპეციალისტი სტაბილურად კარგად მუშაობას აგრძელებს და ერთ დღესაც შესაძლოა, "სენტ ეტიენი" საბოლოოდ ააღორძინოს და იქ დააბრუნოს, სადაც არის კიდეც "მწვანეების" ადგილი. მწირ რესურსზე თუ მიდგა საქმე, მაშინ საერთოდ სასწაულია ის, რასაც კრისტიან გურკუფი წლებია "ლორიანში" აკეთებს.

პირველი ხუთეული I წრის შემდეგ
თ მ ფ წ ბ ქ
1. პსჟ 19 13 5 1 44-13 44
2. მონაკო 19 12 5 2 31-13 41
3. ლილი 19 12 4 3 22-8 40
4. ბორდო 19 8 7 4 27-21 31
5. სტ. ეტიენი 18 9 3 6 27-20 30

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული