საფრანგეთი. ლიგა 1. XX ტურის წინ: წავედით მეორე წრეზე

AutoSharing Option
ლიგა 1-ში პირველი წრე დასრულდა და პირველი სამეულიც აშკარად გამოიკვეთა და წინ გაიქცა. 1994-1995 წლების სეზონის მერე პირველად მოხდა ისე, რომ ამ ეტაპისთვის სამმა გუნდმა 40 ან მეტი ქულა მოაგროვა.

მე-10 ტური საკმაოდ საინტერესო მატჩით დაიწყო - "მონპელიემ" "მონაკოს" უმასპინძლა. მონპელიელები გასავარდნ ზონასთან ზედმეტად სახიფათოდ ახლოს არიან და ქულები ჰაერივით სჭირდებათ.

როლან კურბისის შეგირდებს ქულა "მილანიდან" ნათხოვარმა ახალგაზრდა თავდამსხმელმა, მბაიე ნიანგმა მოუტანა, რომელმაც 69-ე წუთზე, გაცუდებული 11-მეტრიანის შემდეგ, ანგარიშში წონასწორობა მაინც აღადგინა, იქამდე კი სტუმრები 52-ე წუთზე ლეივინ კურზავას გოლით
იგებდნენ.

პარიზელებს შურისძიება სწყურიათ
ლიდერი პსჟ, აუტსაიდერ "აიაჩოს" სტუმრობს, რომელსაც პირველ წრეში საკუთარ კედლებში სენსაციურად ვერ მოუგო და შურისძიებას ახლა ეცდება. პარიზელები ზედიზედ მესამედ გახდნენ ზამთრის ჩემპიონები და თავისი ადგილის დათმობას ან ეჭვქვეშ დაყენებას აღარ აპირებენ.

გუნდმა წინა ტურში "ლილთან" არ წააგო და ჩემპიონატში საშინაო წაუგებელი სერია 22 მატჩამდე კი გაზარდა, რაც მესამე ყველაზე ხანგრძლივი სერიაა. "მონაკოს", მოულოდნელად შინ რომ არ დამარცხებულიყო, "ვალანსიენთან" და დაგეგმილი 3 ქულა მოუპოვებინა, ახლა პსჟ-ს დარად 44 ქულა ექნებოდა. ლორან ბლანის გუნდმა "ბრესტთან" თასზე გალაღება მოასწრო - 2:5.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და ერთი განსაკუთრებით კარგი გოლი გამოუვიდა. გუნდში გადმოსვლის დღიდან იბრას საშუალოდ ყოველ 78 წუთში ერთხელ გააქვს და "პარი სენ-ჟერმენის" გოლების 50%-ზე მეტში მონაწილეობს.

"მწვანეები", "ლილი", "ლომები" და სხვა
სამეული ვახსენეთ და მეოთხე ადგილმა რა დააშავა? ამ პოზიციაზე "სენტ ეტიენი" გადაბრძანდა, მას მერე რაც, რომენ ამუმას ერთადერთი გოლით (მისი მე-7 ბურთი სეზონში) მოუგო გადადებული მატჩი "ევიანს". სულ ცოტა ხნის წინ სადღაც მანდვე ტრიალებდა ახლა უკვე ათეულს მიღმა მყოფი "გენგამი" და ამ გუნდის ბოლოდროინდელი წარუმატებლობების მიუხედავად, "მწვანეებს" "სტად დუ რუდურუზე" იოლი გასეირნება სულაც არ ელით.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "გენგამის" ბოლო 9 მატჩში მაქსიმუმ 2 გოლი თუ გავიდოდა ხოლმე, ხოლო "სენტ ეტიენს" გასვლებზე უჭირს, უხვგოლიან თამაშს და გოლების წვიმას ნაკლებად უნდა ველოდოთ. ალბათ ძალიან დაძაბული შეხვედრა იქნება.

ჩემპიონატში "ველოდრომზე" მოგების მერე "კერკეტი კაკალი" "რეიმსი" იქ სათასო შეხვედრის ჩასატარებლად დაბრუნდა და დიდი ხანი გაძლო, სანამ დამატებით დროში ანდრე-პიერ ჟინიაკი "მარსელს" დუბლით მოაგებინებდა. მოკლედ რეიმსელებმა მომქანცველი ბრძოლა გადაიტანეს და ალბათ გაუჭირდებათ "ლილთან" საგარეო თამაშში. თუმცა თუ იმას გავიხსენებთ, რომ ლილელებს ბევრი მომენტის შექმნა და გოლის გატან უჭირთ, ხოლო "რეიმსი" ცოტას უშვებს.

ისე, სადაც სამართალია, ცოტას გაშვებაზე პირველ რიგში სწორედ "ლილი" უნდა ვახსენოთ, რომლის კარიც მეტოქეებმა 19 ტურში მხოლოდ 8-ჯერ აიღეს. მას მერე რაც ლიგა 1 20-გუნდიანი გახდა, ასეთი ან უკეთესი მაჩვენებელი პირველი წრის მერე მარტო ორ გუნდს ჰქონდა - 2004/2005 წლების სეზონში "ლიონს" (8 გაშვებული ბურთი) და 1989/1990 წლების სეზონში "ბორდოს" (6).

ჟინიაკს და კომპანიას "ევიანთან" საკმაოდ მძიმე საგარეო თამაში ელის. ბოლო ინფორმაციით "მარსელის" დროებითი მწვრთნელი ჟოზე ანიგო ისევ ვერ დაიხმარს მატიო ვალბუენასა და ანდრე აიუს. ჯორდან აიუ კი მოგეხსენებათ, სეზონის ბოლომდე "სოშოში" გაანათხოვრეს.

აბედი პელეს უმცროსმა ვაჟმა თქვა რომ მონბელიარელთა რიგებში გუნდის დასახმარებლად გადავიდა და ყველაფერს იღონებს ამისთვის. თუმცა სუპერგმირი არ ვარ რომ რაიმე ზებუნებრივი გავაკეთოო, ესეც დაამატა.

არადა "სოშოს" სწორედ ზებუნებრივი ძალები და აიუს მთელი კლასი დასჭირდება გადასარჩენად, მით უმეტეს ამ ტურში წარმატების მისაღწევდ - მონბელიარელები "ჟერლანზე" "ლიონს" სტუმრობენ და შეიძლება ითქვას ეს დამშეული "ლომების" (ორივე გუნდი მეტსახელი) დუელია, მაგრამ ფავორიტები ცხადია, მასპინძელი ლომები არიან.

საფრანგეთი. ლიგა 1. XX ტური
10 იანვარი
მონპელიე-მონაკო 1:1

11 იანვარი
აიაჩო-პსჟ 20:00
ბორდო-ტულუზი 23:00
გენგამი-სტ. ეტიენი 23:00
ლიონი-სოშო 23:00
რენი-ნიცა 23:00
ვალანსიენი-ბასტია 23:00

12 იანვარი
ნანტი-ლორიანი 17:00
ევიანი-მარსელი 20:00
ლილი-რეიმსი 00:00

ბომბარდირები:
15 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 12 - ედინსონ კავანი (პსჟ); 11 - ვენსან აბუბაქარი (ლორიანი); 9 - ალექსანდრ ლაკასეტი (ლიონი), რადამელ ფალკაო (მონაკო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული