შრომისმოყვარეობა
აბუბაქარმა თანაგუნდელები, უპირველეს ყოვლისა, თავდაუზოგავი შრომით მოხიბლა. მას ძალიან წყნარ, მშვიდ და უაღრესად შრომისმოყვარე ადამიანად ახასიათებენ. კამერუნელი სულ
მიუხედავად იმისა, რომ აბუბაქარი ფიზიკურად ძალიან ძლიერია, იგი არც ტექნიკასთანაა მწყრალად. თუმცა მისი მთავარი ძალა სისწრაფე და მეურვეებისგან თავის დაღწევის საოცარი უნარია.
ვენსან აბუბაქარი: "ბევრი რამ სამშობლოში, კამერუნში ვისწავლე. ყოველდღე თავდაუზოგავად ვშრომობდი, რადგან სხვადასხვა ასპექტში დავხვეწილიყავი. შრომა საბოლოოდ ყოველთვის ფასდება".
"მაშინაც კი, როდესაც გუნდს ძალიან უჭირდა, პირადად იგი ჩინებულად თამაშობდა. ახლა კი ჩვენი საქმეები უკეთ მიდის და ეს ვენსანის დიდი დამსახურებაა" - განაცხადა ლორიანელთა ბურკინაფასოელმა ლეგიონერმა ალენ ტრაორემ.
სწორ დროს, სწორ ადგილას
სხვათა შორის, აბუბაქარი ლორიანელებს პირველად 3 წლის წინ შეუნიშნავთ, მაგრამ ფეხბურთელების აღმოჩენის, გახსნისა და მათი საუკეთესო თვისებების წინ წამოწევის ოსტატმა კრისტიან გურკუფმა მაშინ მიიჩნია, რომ ჯერ ადრე იყო...
"ჩვენ იგი დაახლოებით სამი წლის წინ შევამჩნიეთ, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ჯერ ადრე იყო ვენსანის მოყვანა და მისთვის კევინ გამეიროს შეცვლის დავალება. მიხარია, რომ ამ ზაფხულს ის "ლორიანში" მოვიდა" - ამბობს გურკუფი.
თავად აბუბაქარი კი ბრეტონული გუნდის ატმოსფეროთია აღფრთოვანებული: "როგორც კი აქ მოვედი, მივხვდი, რომ ეს ძალიან მეგობრული გუნდია. ერთმანეთთან ყველა ახლოსაა და კლუბში ოჯახური გარემოა".
"ვენსანისთვის თავდაჯერება ძალიან მნიშვნელოვანია. იგი იმ ტიპის ადამიანია, რომელსაც უნდა, რომ მხარდაჭერას გრძნობდეს. მას აქ ენდობიან და გარდა ამისა, ვფიქრობ, მას ჩვენი სათამაშო სტილიც შეეფერება. იგი ბრწყინვალე ფეხბურთელია და "ლორიანში" ზუსტად იმას იღებს, რაც სჭირდება" - დასძინა ბრეტონელთა თავკაცმა.
მომავალი და მიზანი
აბუბაქარი, რომლის კუმირიც ლეგენდარული ბრაზილიელი რონალდოა, ჯერ კიდევ ძალიან პატარა გახლდათ, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტი ჰქონდა, ანუ 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში. მისი ოცნება და მიზანი 2014 წლის მუნდიალზე გოლის გატანა და კამერუნის ნაკრებთან ერთად წარმატებით გამოსვლაა.
"ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატი აფრიკაში ჩატარდა. გამიმართლა, რომ ამ ყველაფრის მონაწილე ვიყავი. მეტიც, დანიასთან შეხვედრაში კინაღამ გოლიც გავიტანე და ეს დიდი მიღწევა იქნებოდა. ნაკრების რიგებში ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები" - ამბობს ახალგაზრდა ფორვარდი.
მინიმუმ სეზონის ბოლომდე აბუბაქარი "ლორიანის" ფეხბურთელია, მაგრამ რა იქნება შემდეგ, არავინ იცის. მას უკვე არაერთი მსურველი ჰყავს, ხოლო მოკრძალებული ბრეტონული გუნდი თავის გამორჩეულ ტალანტებს ვერ ინარჩუნებს ხოლმე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"