საფრანგეთის თასი. 1/16-ფინალი: ფალკაო მუნდიალს გამოტოვებს

AutoSharing Option
სასწაულიც ამას ჰქვია - "პარი სენ ჟერმენი" ყველა ტურნირის მოსაგებად ვეღარ იბრძვის, რადგან გუნდი საკუთარ მოედანზე დამარცხდა "მონპელიესთან", რომელიც ძალიან ცუდ სეზონს ატარებს.

პარიზელთა მწვრთნელს, ლორან ბლანს, ეს მატჩი ალბათ გარკვეულ მოგონებებს აღუძრავდა - სწორედ მან გაიტანა 1990 წელს "მონპელიეს" მაისურით გამარჯვების გოლი საფრანგეთის თასის ფინალში და ეს ჯილდო გუნდს ისტორიაში პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად მოაგებინა. ბლანი მინდორზე ცოტა გადახალისებული შემადგენლობით კი იყო, მაგრამ თუ როგორია პსჟ-ის "გადახალისებული" შემადგენლობა, კარგად მოგეხსენებათ. აი, როლან კურბისმა მაქსიმალურად საბრძოლო თერთმეტეული გამოიყვანა და...

"მონპელიე"
დანიელ კონგრეს თავურით დაწინაურდა, რომელიც ფორმაში შესული სიაკა ტიენეს ჯარიმას მოჰყვა. 10 წუთში ედინსონ კავანიმ ლუკას დინის პასით გაათანაბრა და მალე ურუგვაელს მეორეც უნდა გაეტანა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. ხიფათი შექმნეს სტუმრებმაც - ვიქტორ უგო მონტანიომ კინაღამ გაიტანა, მას ნიკოლას დუშეზმა აუღო.

როგორც ჩანს, დედაქალაქელებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს სტუმრების შესაძლებლობები, რისთვისაც დაისაჯნენ კიდეც. ბლანმა 66-ე წუთზე ტიაგო მოტა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი შემოუშვა, ტაქტიკა გადააწყო და თავისი გუნდის გოლს ელოდა, მაგრამ მასპინძლებმა აქეთ გაუშვეს - 69-ეზე იმავე მონტანიომ შეაგდო, 29 წლის კოლუმბიელმა მძლავრი თავურით დუშეზს შანსი არ დაუტოვა. დარჩენილ დროში ბლანის შეგირდებმა ბევრი ვერაფერი გაახერხეს და საფრანგეთის თასს ხელი დაუქნიეს.

კორსიკაზე სამოყვარულო "ილ რუსმა" თასის მოქმედი მფლობელი "ბორდო" დაიფრინა. მატჩის გმირი მასპინძელთა მეკარე ფლორენ მენოცი გახდა, რომელმაც არაერთი რთული ბურთი მოიგერია და თავისი გუნდი პენალტების სერიამდე მიიყვანა, ხოლო იქ დავიდ ბელიონისა და ლამინა სანეს დარტყმები აიღო.

სირცხვილი ჭამა "ტულუზმაც", რომელმაც ედენ ბენ ბასატის გოლით პირველი ტაიმი კი მოიგო, მაგრამ რეალურად მეტოქე ბევრად უკეთ გამოიყურებოდა და "მულენსს" ეს მეორე ტაიმში დაუფასდა. მასპინძელთა გმირად სებასტიან და სილვა იქცა, რომელმაც დუბლი გაახერხა.

ფიასკოსთან ახლოს იყო "ლიონიც". რემი გარდის გუნდი "ლორიანის" გამომგდებ "იზიორთან" ვერ იგებდა ნეიტრალურ მოედანზე და 75-ე წუთზე აქეთ გაუშვა - ელიას მბაის ეფექტური გოლი გამოუვიდა. თუმცა "იზიორი" ნაადრევად ჩავარდა ეიფორიაში და უმალვე გაუშვა ჯიმი ბრიანისგან. მერე იოან გურკუფმა მორიგი ულამაზესი დარტყმა შემოგვთავაზა, ხოლო ბოლოს სტიდ მალბრანკმა ყველა კითხვის ნიშანი მოხსნა.

ყველაზე ადვილად "მონაკომ" მოიგო, მაგრამ "ლუი მეორეს" ბინადრებს ეს გამარჯვება შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეთ: რადამელ ფალკაომ ტრავმა მიიღო და ექიმებს ეჭვი აქვთ, რომ კოლუმბიელმა მუხლის ჯვარედინი მყესები დაიზიანა. თუ უარესი პროგნოზი გამართლდა, ფალკაო ვერც ამ სეზონში ითამაშებს და ვერც მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.

"როდესაც ქვედალიგელ გუნდს ეთამაშები, გასაგებია, რომ უხეშობა შეიძლება მეტი იყოს. ყველას სურს, ინგლისივით მეტი ფიზიკური ორთაბრძოლა იყოს დაშვებული, მაგრამ აქ ეს არ გამოდის და როდესაც ჯარიმაა, ის უნდა დაფიქსირდეს. თუ ფალკაოს ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა, ეს მსაჯის ბრალი იქნება, რომელიც უხეშად მოთამაშე ფეხბურთელებს ბარათებს არ უჩვენებდა. იმედია, რადამელის დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდება. შედეგით და თამაშით კი ძალიან კმაყოფილი ვარ"
- თქვა "მონაკოს" თავკაცმა კლაუდიო რანიერიმ.

იტალიელი სპეციალისტი ოპტიმისტურად კი არის განწყობილი და ყველას სურვილია, ფალკაოს ტრავმა მართლაც არ გამოდგეს ისეთი სერიოზული, როგორიც თავიდან ჩანდა, მაგრამ ექიმების წინასწარი პროგნოზი არც ისე დამაიმედებელია.

P.S. 23 იანვარს, გვიან გაირკვა ექიმთა დასკვნა - მეტად სამწუხაროა, მაგრამ კოლუმბიელი ფორვარდი მსოფლიოს ჩემპიონატამდე ვერ გამოჯანმრთელდება.

მონ აზერგი-მონაკო 0:3
გოლები: 0:1 ფალკაო (29), 0:2 რივიერი (63), 0:3 რივიერი (72)

ილ რუსი-ბორდო 0:0 (4:3 პენ.)

იზიორი-ლიონი 1:3
გოლები: 1:0 მბაი (75), 1:1 ბრიამი (76), 1:2 გურკუფი (81), 1:3 მალბრანკი (85)

მულენი-ტულუზი 2:1
გოლები: 0:1 ბენ ბასატი (31), 1:1 და სილვა (46), 2:1 და სილვა (86)

პსჟ-მონპელიე 1:2
გოლები: 0:1 კონგრე (20), 1:1 კავანი (30), 1:2 მონტანიო (69)
პსჟ (4-3-3): დუშეზი - ვან დერ ვილი, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, დინი - მატუიდი, პასტორე (77. ონგენდა), ვერატი (66. ტიაგო მოტა) - მენეზი (66. იბრაჰიმოვიჩი), ლუკასი, კავანი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული