საფრანგეთის ლიგის თასი.1/2-ფინალი: იბრაკადაბრას ფოკუსებით პსჟ ფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
ეს გუნდები ერთმანეთს დაახლოებით ორი კვირის წინაც შეხვდნენ და მაშინ "პარი სენ ჟერმენმა" ყველას ჯავრი "იადონებზე" იყარა - 5:0. ეს დაპირისპირება რადიკალურად განსხვავებული გამოვიდა. "სტად დე ლა ბუჟუარ ლუი ფონტენოზე" საკუთარი გულშემატკივრებით შეგულიანებულმა მასპინძლებმა მრისხანე მეტოქეს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს.

არადა, პარიზელთათვის ყველაფერი იდეალურად დაიწყო. მე-5 წუთზე კიდევ ერთი "იბრაკადაბრობა" ვიხილეთ - ნანტელთა მეკარემ რემი რიუმ ბურთი ცუდად მოიგერია, თან ბედად, მაინცდამაინც ზლატან იბრაჰიმოვიჩზე, რომელსაც ბურთის მიღება და დამუშავება აზრადაც არ მოსვლია - პირდაპირ დაარტყა და ოსტატურად გადაავლო თავზე გოლკიპერს.

უახლოესი
ნახევარი საათიც დედაქალაქელებისა იყო. მათ რამდენიმე მომენტი ჰქონდათ. თუმცა "ნანტი" ნელ-ნელა გამოფხიზლდა და გააქტიურდა კიდეც. ხან მარკო ვერატის მოუხდა ბურთის ცარიელი კარიდან გამოტანა, ხან ნიკოლა დუშეზმა იყოჩაღა, მაგრამ საბოლოოდ, ნანატრი და დამსახურებული გოლი მიშელ დერ ზაქარიანის გუნდმა მაინც გაიტანა - შეცვლაზე შესულმა ებრაელმა შემტევმა იტაი შეხტერმა მშვენივრად ითამაშა, გუნდის კაპიტანი ოლივიე ვენიო მოძებნა და 28 წლის მცველმაც ზუსტად დაარტყა.

ვენიოს კარიერის გოლები რომ გადავთვალოთ, ერთი ხელის თითები ბლომად მოგვრჩება და ამ იშვიათ შემთხვევას თითქოს მატჩი დამატებით დროში უნდა გადაეყვანა, მაგრამ... 90-ე წუთზე მთელი მეორე ტაიმის მანძილზე ჩაკარგულმა ზლატანმა თავისი მაინც გააკეთა და კიდევ ერთხელ აგრძნობინა დეჟა-ვუ მეკარე რიუს.

თუმცა ამ შემთხვევაში მცველები უფრო უნდა გავაკრიტიკოთ, რომლებსაც იბრა ეშმაკურად, პაუზით ჩამორჩა და ლუკასის იდეალურ გადაცემას შეაგება თავი. ფინალში გასული პსჟ-ის მეტოქის ვინაობა გუშინ ღამით, "ლიონისა" და ქვედალიგელი "ტრუას" დუელში ირკვეოდა...

მიშელ დერ ზაქარიანი (ნანტი): "ჩვენ არ გვინდოდა, თავიდანვე გავხსნილიყავით და ცოტა ჩავიკეტეთ, მეტოქეს ვუცდიდით. მეორე ნახევარში კი გავაქტიურდით. ბიჭებს ვუთხარი, ბურთი უფრო გამოეყენებინათ და წინ წასულიყვნენ. მთელი მატჩი ამ შემართებით რომ გვეთამაშა, შესაძლოა, ასეთი დასანანი მარცხი არც გვეწვნია. სამწუხაროდ, ორი გოლი გავუშვით, რომლებიც განსაკუთრებულმა ფორვარდმა გაგვიტანა. იბრაჰიმოვიჩს სულ ორი შანსი ჰქონდა და ორივე გამოიყენა".

ლორან ბლანი (პსჟ): "მეტოქეს პირველ ტაიმში ფეხბურთის თამაში არ უნდოდა, მეორეში კი სტილი შეცვალა და გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა. საერთო ჯამში, დამსახურებულად ვიმარჯვეთ და ფინალში გავედით, რომლამდეც ორ თვეზე მეტია. ამიტომ იქამდე სხვა მატჩებზე უნდა ვიფიქროთ".

"ძალიან ბედნიერები ვართ, ფინალში გავედით და სეზონში ჩვენს ერთ-ერთ მიზანს მივუახლოვდით. ორი გოლი გავიტანე, ვიმარჯვეთ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. ტიტულის მოსაპოვებლად კიდევ ერთი მატჩი უნდა მოვიგოთ"
- განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ნანტი-პსჟ 1:2
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (5), 1:1 ვენიო (81), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (90)
პსჟ (4-3-3): დუშეზი - ვან დერ ვილი, ტიაგო სილვა, ალექსი, მაქსველი - მატუიდი, ტიაგო მოტა, ვერატი (71. კაბაი) - ლუკასი, ლავეცი (71. მენეზი), იბრაჰიმოვიჩი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული