როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა მასპინძლების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა - 3:0.
ანგარიში უკვე მე-19 წუთზე ესეკიელ ლავეციმ გახსნა. მეორე ტაიმის დასაწყისში სხვაობა ორბურთიანი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გახადა, ორიოდე წუთის შემდეგ კი თავად სტუმრებმა დალაშქრეს საკუთარი კარი - ავტოგოლის ავტორი გარი კაგელმახერი გახდა.
ამ გამარჯვებით პსჟ-მა გაიმყარა ლიგა 1-ში ლიდერობა. ლორან ბლანის შეგირდების აქტივში - 55 ქულაა.
* * *
"ვალანსიენის" წაგებით "ევიანმა" უნდა ისარგებლოს, საინტერესო იქნება ევიანელთა რიგებში ტულიო დე მელოს ხილვა, რომელიც ამ კლუბში ლილელთაგან გადავიდა იჯარით.
ისე, "ლილს" "კაენთან" სათასო შეხვედრაში ნერვების წყვეტა და დიდი ენერგიის დახარჯვა კი მოუხდა და საბოლოოდ, პენალტების სერიაში იძალა. ვნახოთ, გადაღლილები იქნებიან თუ არა ჟირარის ბიჭები. "ევიანი" კი 9-თამაშიანი (აქედან 2 თასზე) მოუგებელი სერიის შეწყვეტას შეეცდება.
120 წუთი იწვალა "ნიცასთან" სათასო შეხვედრაში "მონაკომაც", თუმცა კლაუდიო რანიერის გაცილებით გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს. იტალიელმა შესაძლოა, ამჯერად ძირითადში დააყენოს დიმიტარ ბერბატოვი. გუნდმა სწორედ შეცვლაზე შესული ბულგარელის მიერ 115-ე წუთზე გატანილით მოიგო.
მონტეკარლოელთა მეტოქეს "ბასტიას" სათასო ბატალია არ ჰქონია, მაგრამ შუა კვირაში კორსიკელებმაც ითამაშეს. მათ "ტულუზს" გადადებულ მატჩში სძლიეს და საგარეო შეხვედრებში 9-თვიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს. გაიბრწყინა ჯიბრილ სისემ, რომლისაც "მონაკოს" განსაკუთრებულად უნდა ეშინოდეს.
"ბასტიასთვის" ერთადერთი ცუდი ამბავი ის გახლდათ, რომ ტულუზელებთან გამარჯვებას მათი ძირითადი მეკარე მიკაელ ლანდრო შეეწირა. ვეტერანი გოლკიპერი დაახლოებით 6 კვირა იუქმებს.
ყველაზე ტიტულოვანები
"სენტ ეტიენისა" და "მარსელის" დაპირისპირებას თამამად შეგვიძლია ტურის ცენტრალური შეხვედრა ვუწოდოთ. საფრანგეთის მასშტაბით ორი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ერთმანეთს "ჟოფრუა გიშარზე" შეებმება.
ამჟამად მათ შორის სხვაობა 2 ქულაა, "მწვანეების" სასარგებლოდ, რომლებიც თავის მხრივ, "ლილსა" და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის საგზურს სამით ჩამორჩებიან.
ერთი სიტყვით, ამ პაექრობაში ფრე მხოლოდ მათ კონკურენტებს აწყობთ, წაგება კი კატასტროფა იქნება, განსაკუთრებით, "მარსელისთვის". ასე რომ, გუნდებს ერთადერთი ვარიანტი რჩებათ - გამარჯვება! და ისინიც აუცილებლად მოსაგებად ითამაშებენ.
ამასობაში ევროთავგადასავლების კიდევ ერთი მაძიებელი "ლიონი" ბოლოადგილოსან "აიაჩოს" მასპინძლობს "ჟერლანზე" და თუ ვერ მოიგო, საბოლოოდ დაუქნევს ხელს ისედაც 7 ქულაში მყოფ ლიგის ევროსაგზურს. კორსიკელებს კი ამ ხუმრობა-ხუმრობაში უკვე სამი მატჩია, არ წაუგიათ.
მეზობლები
"რეიმსისა" და "ბორდოს" საინტერესო თამაშში გამარჯვებული ხუთეულისთვის ბრძოლის კარგ შანსს დაიტოვებს, ხოლო დამარცხებული პირიქით, მცირეს. ასე რომ, ეს შეხვედრა ერთგვარი ფილტრია.
მსგავსად თანაბარი წყვილებია "რენი"-"მონპელიე", "ლორიანი"-"ტულუზი" და "ნიცა"-"ნანტიც" - ერთმანეთს სულ სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი გუნდები ხვდებიან.
ცალკე ვთქვათ "სოშო"-"გენგამზე": მონბელიარელებს სურთ, დარჩენაზე ოცნება ოდნავ უფრო რეალური გახადონ და გაიხანგრძლივონ. ამიტომაც არცთუ კარგ ფორმაში მყოფი მეტოქის დამარცხებას ყველანაირად შეეცდებიან და გულშემატკივრების მხარდაჭერაც არ დააკლდებათ.
გენგამელებს კი კრიზისის დაძლევაში ეგებ სათასო გამარჯვება და იქ მეოთხედფინალში გასვლა დაეხმაროთ. მათ ლიგა ერთში უკვე 9 მატჩია, არ მოუგიათ და ახლა ამ უიღბლო სერიის შეწყვეტის მშვენიერი შანსი აქვთ.
საფრანგეთი. ლიგა 1. XXV ტური
14 თებერვალი
პსჟ-ვალანსიენი 3:0
გოლები: 1:0 ლავესი (18), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (50), 3:0 კაგელმახერი (საკ.კარ. 3:0).
15 თებერვალი
ბასტია-მონაკო 20:00
ნიცა-ნანტი 23:00
ლორიანი-ტულუზი 23:00
რეიმსი-ბორდო 23:00
რენი-მონპელიე 23:00
სოშო-გენგამი 23:00
16 თებერვალი
ლიონი-აიაჩო 17:00
ევიანი-ლილი 20:00
სტ. ეტიენი-მარსელი 00:00
ბომბარდირები:
19 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 13 - ედინსონ კავანი (პსჟ), ალექსანდრ ლაკასეტი (ლიონი); 12 - ვენსან აბუბაქარი (ლორიანი); 11 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 9 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ემანუელ რივიერი (მონაკო), ფილიპ ჯორჯევიჩი (ნანტი), ბაფეტიმბი გომისი (ლიონი), რემი კაბელია (მონპელიე).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"