საფრანგეთი. ლიგა 1. XXVI ტური: ზლატანიადა [VIDEO]

AutoSharing Option
უიღბლო და უფრო უიღბლო
ვისამ ბენ იედერი ერთ-ერთი ყველაზე უიღბლო ადამიანია - გაუტანო პსჟ-ს ორი გოლი და მაინც დამარცხდე, ძალიან დასანანია. თუმცა 23 წლის ფეხბურთელს საამაყოდ მაინც დარჩება ეს დუბლი. თანაც, ნელ-ნელა მას უკვე 9 გოლი მოუგროვდა.

მისი ორი გოლი კი იმიტომ არ გახდა საკმარისი, რომ "პარი სენ-ჟერმენს" ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჰყავს - შვედმა 3 ბურთი გაიტანა და ზლატანიადა მოაწყო. შუალედში ესეკიელ ლავეციც შეეშველა, რომელმაც კარგი მატჩი ჩაატარა. გამოვარჩევთ იოან კაბაისა და ბლეზ მატუიდის ბურთაობასაც. იბრამ პირველი გოლი პენალტით გაიტანა, ხოლო
მესამე იდეაში ასევე პენალტით, უბრალოდ, დამატებაზე. ასე რომ, დედაქალაქელები "მარსელთან" უპრინციპულეს დაპირისპირებას კარგ ხასიათზე შეხვდებიან.

ბენ იედირზე, ერთ-ერთი უიღბლოაო, იმიტომ ვთქვით, რომ ამ მხრივ მას პრინს ონიანგი თავისუფლად შეიძლება გაეჯიბროს და "აჯობოს" კიდეც. მონაკოში "ლუი მეორეზე" სულ სხვა მეფეები და პრინცები ჰყავთ. ამიტომაც 25 წლის კონგოელი პრინს ონიანგის დუბლი ფუჭი გამოდგა. მან ორჯერ გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ კლაუდიო რანიერის გუნდმა ეს ნაწვალები შეხვედრა მაინც მოიგო.

მე-5 დამატებულ წუთზე უკვე 10 კაცით დარჩენილ მეტოქესთან მონტეკარლოელებს გმირად ლეივინ კურზავა მოევლინათ. 21 წლის მცველისთვის ეს, არც მეტი, არც ნაკლები, მეხუთე გოლია სეზონში. ისე, თუ დააკვირდებით, ამ უხვგოლიან ტურში უამრავი გოლი გავიდა უშუალოდ ბოლო წამებზე.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ისევ ჟინიაკი
"სენტ ეტიენმა" ურთულესი თამაში მოიგო კორსიკაზე და ძვირფასი სამი ქულა მოიპოვა. ჰაერივით ესაჭიროებოდა 3 ქულა "მარსელსაც". "ველოდრომზე" 38 ათასზე მეტი გულშემატკივარი მივიდა საკუთარი გუნდის გასამხნევებლად და ლოდინად ნამდვილად ღირდა... 83-ე წუთზე მატიო ვალბუენამ იაქტიურა და დიმიტრი პაიეს უპასა, რომელმაც ბურთი საჯარიმოში გაუშვა, იქ კი "ლორიანის" ფეხბურთელები სიტუაციაში ვერ გაერკვნენ და ყველას ანდრე-პიერ ჟინიაკმა დაასწრო. ამ უკანასკნელმა უკვე მერამდენედ მოაგებინა "მარსელს", თანაც მან თავის ყოფილ გუნდს გაუტანა.

"ბორდოსა" და "ევიანის" მატჩში მთავარი ამბები მეორე ტაიმში მოხდა. საბოლოოდ, ჟირონდელებმა მაინც შეძლეს მოგება - მთელი სეზონის განმავლობაში უაღრესად სასარგებლო გრეგორი სერტიჩმა ანრი საივეს გაატანინა.

წესით, ამით უნდა ესარგებლა "ვალანსიენს", რომელიც "სოშოსთან" მოგების შემთხვევაში "ევიანს" ქულებით გაუთანაბრდებოდა, ბურთების სხვაობით აჯობებდა და შესაბამისად, გასავარდნ ზონას ასცდებოდა. არიელ იაკობსის გუნდი რამდენი ხანია, ამისთვის იღვწის.

მოსკოვის "სპარტაკიდან" ნათხოვარი აბდულ უარისი, წესით, მატჩის გმირი უნდა გამხდარიყო, რადგან მან 86-ე წუთზე შეხვედრაში თავისი მეორე გოლი გაიტანა და მასპინძლები წინ გაიყვანა, მაგრამ... ფლორიან მარანჟმა ვალანსიენელებს კარგი თამაში წყალში ჩაუყარა და გაათანაბრა. არადა, ფრე დიდად არცერთ გუნდს არ აძლევდა ხელს.

ისევ გაიბრწყინა რემი კაბელიამ, რომელმაც "აიაჩოსთან" შეხვედრაში ჯერ ანტონი მუნიეს გაატანინა, ხოლო ბოლოს თავადაც შეაგდო და ჩაძირულ კორსიკელებთან თავის გუნდს მოაგებინა. "გენგამმა" კი ამასობაში ათმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. მუსტაფა იატაბარემ შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-5 დამატებულ წუთზე შეაგდო. მას უკვე 7 ბურთი მოუგროვდა ამ სეზონში.

საკამათო სიტუაციაში გასული გოლის გაუქმებას აგრესიულად ითხოვდა დავიდ ოსპინა და მეოთხე არბიტრთან ჩხუბისთვის ნიცელთა კოლუმბიელმა მეკარემ წითელი ბარათი მიიღო. ბრეტონულ დერბიში კი "რენმა" ქვა-ქვაზე არ დატოვა "ნანტისგან" და ამით დამტკიცდა, რომ "იადონებს" სერიოზული კრიზისი აქვთ.

ლიგა 1. XXVI ტური

მონაკო-რეიმსი 3:2
გოლები: 1:0 ჟერმენი (8), 1:1 ონიანგი (53), 2:1 ტულალანი (63), 2:2 ონიანგი (71), 3:2 კურზავა (90+5)
მონაკო (4-3-3): სუბაშიჩი - ფაბინიო, რ. კარვალიო, აბიდალი, კურზავა - მოუტინიო, ტულალანი, კონდოგბია (61. კონდოგბია) - ჯ. როდრიგესი, რივიერი (61. ოკამპოსი), ჟერმენი (80. ბერბატოვი)
გაძევება: მანდი (84. რეიმსი)

მარსელი-ლორიანი 1:0
გოლი: 1:0 ჟინიაკი (83)
მარსელი (4-3-3): მანდანდა - ფანი, ნკულუ, ლუკაშ მენდეში, მორელი (72. მენდი) - პაიე, შეირუ, ა. აიუ - ვალბუენა, ტოვენი (59. ტოვენი), ჟინიაკი

ბასტია-სტ. ეტიენი 0:2
გოლები: 0:1 ბრანდაო (33), 0:2 ჰარეკი (90+4-ს.კ.)

გენგამი-ნიცა 1:0
გოლი: 1:0 იატაბარე (90)
გაძევება: ოსპინა (90. ნიცა)

ბორდო-ევიანი 2:1
გოლები: 1:0 ფობერი (52), 1:1 ბერიჟო (72), 2:1 საივე (82)

ვალანსიენი-სოშო 2:2
გოლები: 1:0 უარისი (51-პენ.), 1:1 კორშია (54), 2:1 უარისი (86), 2:2 მარანჟი (89)

მონპელიე-აიაჩო 2:0
გოლები: 1:0 მუნიე (54), 2:0 კაბელია (90+4)

ტულუზი-პსჟ 2:4
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (32-პენ.), 1:1 ბენ იედერი (44), 1:2 ლავეცი (56), 1:3 იბრაჰიმოვიჩი (68), 2:3 ბენ იედერი (72), 2:4 იბრაჰიმოვიჩი (89)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, ალექსი, ტიაგო სილვა, მაქსველი - ტიაგო მოტა, მატუიდი, ვერატი (66. კაბაი) - ლუკასი (66. პასტორე), ლავეცი (90+1. რაბიო), იბრაჰიმოვიჩი

ნანტი-რენი 0:3
გოლები: 0:1 ნტეპი (16), 0:2 კონრადსენი (63), 0:3 ტოივონენი (90)

ლილი-ლიონი 0:0

ბომბარდირები: 22 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 13 - ედინსონ კავანი (პსჟ), ალექსანდრ ლაკასეტი (ლიონი); 12 - ვენსან აბუბაქარი (ლორიანი), ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 10 - ბაფეტიმბი გომისი (ლიონი);

გადადებული მატჩი
25 თებერვალი:
ბორდო-ლორიანი

მომდევნო ტური
28 თებერვალი:
ევიანი-ნანტი
1-ლი მარტი:
სტ. ეტიენი-მონაკო, ლორიანი-ბასტია, რეიმსი-ვალანსიენი, ნიცა-ტულუზი, რენი-გენგამი, სოშო-ბორდო
2 მარტი:
აიაჩო-ლილი, ლიონი-მონპელიე, პსჟ-მარსელი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული