ლილი მიდის... დასამტკიცებლად

AutoSharing Option

 

საოცარი ჩემპიონატია ფრანგული ლიგა 1 - სხვაგან სად ნახავთ ტურნირის შუაწელზე ლიდერი გუნდი ორ ტურში მე-10 ადგილზე ჩამოვარდეს! არადა, ზუსტად ასე დაემართა "მონპელიეს", რომელიც მე-14 ტურის შემდეგ "ლილის" და "რენის" კამპანიაში ლიდერობდა. "ლილი" ახლაც პირველია და დღეს ბოლოადგილოსან "არლს" ესტუმრება. ავინიონელები, როგორც აღზევდნენ, ისევე დაქვეითდებიან, მაგრამ, ნათქვამია, ერთხელ ცოცხიც გაისვრისო... არადა, რუდი გარსიას გუნდს ერთი წაფორხილების უფლებაც არ აქვს (ამის ნათელი მაგალითი "მონპელიეა"). საფრანგეთის უკიდურესი ჩრდილოეთის ქალაქის გუნდზე კი ცოტას კიდევ შევჩერდებით. მით უფრო, რომ 9-გოლიანი თრილერის შემდეგ ეს გუნდი

პოპულარული გახდა გულშემატკივრებში.  "ლილის" კარს გამოცდილი გოლკიპერი მიკაელ ლანდრო იცავს. დაცვის ოთხეული ასე გამოიყურება: მატიო დებიუში, ემერსონი, ორელიან ჩედჯუ და ადილ რამი. გუნდის შუახაზის "გამწევი ძალა" მეტისმეტად ახალგაზრდაა, მაგრამ მეტისმეტად ნიჭიერიც - 19 წლის ედენ ჰაზარდი. თუკი ჰაზარდი ევროგრანდებმა სეზონის ბოლომდე დაუტოვეს "ლილს", ჩათვალეთ, რომ ნორდელებს მაგრად გაუმართლათ. ჰაზარდი ვერას გახდებოდა, რომ არა მუშა ნახევარმცველები იოან კაბაიე და რიო მავუბა. ამ სამეულს დავუმატოთ ფლორან ბალმონი და ლუდოვიკ ობრანიაკი, საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილი პოლონელი, რომელიც პოლონეთის ნაკრებში თამაშობს. შეტევაში "ლილი" ხშირად სამი ფორვარდით თამაშობდა, მაგრამ ახლა კოტ დ'ივუარელი ჟერვინიო ტრავმირებულია და ჭაპანს სენეგალელი მუსა სოუ და ვეტერანი პიერ-ალენ ფრო გაწევენ. სოუ 13 გოლით ბომბარდირებში ლიდერობს, ჟერვინიოს ანგარიშზე 7 გოლია, ფრომ კი 4 გაიტანა.
მას შემდეგ, რაც "ლილი" ოქტომბრის ბოლოს შინ "მარსელთან" დამარცხდა, გუნდმა 6 მატჩიდან 4 მოიგო (გავიხსენოთ 6:3 "ლორიანთან") და 2 ფრედ დაასრულა. რუდი გარსია თავისიანებს აუტსაიდერთან თამაშის წინ აფრთხილებს: "ჩემმა ბიჭებმა კარგად იციან, რა მნიშვნელობა აქვს "არლთან" შეხვედრას, მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო მათ - არ მოეშვნენ, არ ჩათვალონ წინასწარ მატჩი მოგებულად. დარჩნელ მოტივირებულებად, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ისევ საშუალო ფრანგული გუნდი გავხდებით და დიდ მიზნებს ვერ დავისახავთ. რადგან ყველაფერი კარგად მიდის, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ 15 წუთით მეტი ძილი გვეკუთვნის, ან ისეთი საკვები, რომელიც სპორტმენისთვის საზიანოა. პროფესიონალობა სწორედ ყველა დეტალის ზუსტი დაცვაა. როცა მეკითხებიან, შეუძლია "ლილს" თუ არა ტიტულის მოპოვება ვპასუხობ - "ლიონმა" და "მარსელმა" ერთნაირი ანგარიშით, 3:1 მოგვიგო, მომავალი გამარჯვებული ამ ორ კლუბს შორის ეძიეთ".

"ლილის" ლიდერობა რომ მყიფეა უკვე ვთქვით - ჩრდილოელები მხოლოდ ერთი ქულით უსწრებენ "პარი სენ ჟერმენსა" და "რენს". დედაქალაქელები "ვალანსიენს" სტუმრობენ. ხოლო "რენი" ხვალ "ბორდოს" ჩააკითხავს.

ჩემპიონი "მარსელი" ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნილ "ოსერს" შეხვდება. ამ თამაშში "მარსელს" კი ეყოლება სულეიმან დიავარა, მაგრამ შემდეგ სენეგალელი ორ მატჩს გამოტოვებს. ასე ძვირი დაუჯდა მას ფრანგულ "კლასიკოზე" პსჟH-ს ნენესთან უხეშობა. სიტყვამ მოიტანა და ბარემ აქვე ვიტყვით, რომ "ბასტია" ლიგის თასის მომავალი სეზონიდან საერთოდ მოკვეთეს კორსიკელი ფანების უგვანო საქციელის გამო. "ოსერი" მარსელელებს ბენუა პედრეტის გარეშე დაუხვდება, ის ტრავმირებულია და ერთი თვე იუქმებს. პედრეტი "ოსერის" ლაზარეთის მთელ არმიას შეუერთდა: ენგბარი, იელენი, ნ'დინგა, ბერტო, ლიკატა, სანოგო - ყველა ტრავმირებულია. დიდიე დეშამს მხოლოდ ორი ფეხბურთელი დააკლდება ტრავმების გამო: ილტონი და სესარ ასპილიკუეტა. ლუჩო გონსალესმა და ედუარდ სისემ ლიგაზე დაისვენეს, სტეფან მ'ბია დისკვალიფიცირებული იყო, ანდრე-პიერ Hჟინიაკი კი მომჯობინდა. ეს კვარტეტი "ოსერთან" სასტარტო შემადგენლობაში იქნება. 

დღეს
არლი-ლილი 22:00
ბრესტი-მონპელიე 22:00
კაენი-ნიცა 22:00
ლორიანი-ლანსი 22:00
ნანსი-სოშო 22:00
ვალანსიენი-პსჟ 22:00
ოსერი-მარსელი 00:00

ხვალ
ლიონი-ტულუზი 20:00
მონაკო-სენტ ეტიენი 20:00
ბორდო-რენი 00:00

 თ მ ფ წ ბ ქ
1. ლილი 16 7 7 2 31:20 28
2. პსჟ 16 7 6 3 26:16 27
3. რენი 16 7 6 3 17:11 27
4. მარსელი 16 7 5 4 25:15 26
5. ლიონი 16 7 5 4 22:19 26
6. ბრესტი 16 7 4 5 19:14 25
7. სოშო 16 7 3 6 27:19 24
8. ბორდო 16 6 6 4 21:18 24
9. ტულუზი 16 7 3 6 17:16 24
10. მონპელიე 16 7 3 6 14:18 24
11. სტ. ეტიენი 16 5 7 4 21:19 22
12. ლორიანი 16 6 3 7 19:21 21
13. ოსერი 16 4 8 4 22:19 20
14. ნიცა 16 5 5 6 13:17 20
15. ვალანსიენი 16 4 7 5 18:17 19
16. ნანსი 16 5 4 7 18:26 19
17. მონაკო 16 2 9 5 15:15 15
18. ლანსი 16 3 6 7 15:27 15
19. კაენი 16 3 5 8 16:26 14
20. არლი 16 1 4 11 10:33 7

ბომბარდირები: 13 - მუსა სოუ (ლილი); 10 - იუსეფ ელ-არაბი (კაენი); 9 - ნენე (პსჟ); 8 - დიმიტრი პაიე (სენტ ეტიენი), კევინ გამეირო (ლორიანი); 7 - ჟერვინიო (ლილი), ბრაუნ იდეიე (სოშო), გრეგორი პუჟოლი (ვალანსიენი).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული