საფრანგეთი. ლიგა 1. XV ტურის წინ: დატვი-რთული ტური

AutoSharing Option
ფოტოზე: ედინსონ კავანი და პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატს გამარჯვებულნი უბრუნდებიან

ისეთი ტურია, თითქმის ნებისმიერ მატჩს სერიოზულ ინტრიგას რომ გამოუძებნი. ყველაფერი "ველოდრომზე" დაიწყება, სადაც ლიდერი "მარსელი" პირველი ადგილის დაცვას შეეცდება, რისთვისაც მარსელო ბიელსამ "ნანტს" უნდა მოუგოს.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მიშელ დერ ზაქარიანის "ნანტს" უკვე 10 მატჩია, არ წაუგია, მარსელელები მძიმე ამოცანის წინაშე არიან.

შესაბამისად, "პარი სენ-ჟერმენს", რომელიც ლიგა 1-ს შაბათ დღეს გახსნის, უკვე ეცოდინება, რა ქნა "მარსელმა". თუმცა პარიზელების მიზანი, რასაკვირველია, მაინც მოგება იქნება, როგორც უნდა დასრულდეს ხსენებული მატჩი. ნიცელები არასტაბილურობით
გამოირჩევიან, მაგრამ თუ კლოდ პუელის გუნდს თამაში წაუვიდა, ნებისმიერისთვის საშიში მეტოქეა.

მთავარი მატჩი, რასაკვირველია, "ჟოფრუა გიშარზეა", სადაც "დერბი დუ რონი" გაიმართება. "იადონებისა" არ იყოს, "ლიონიც" 10-თამაშიანი წაუგებელი პერიოდით იწონებს თავს და სამეულში დაიდო ბინა.

როგორი მნიშვნელობის დაპირისპირებაა და როგორ არ უყვართ ერთმანეთი ლიონელებსა და სენტეტიენელებს, ალბათ, კარგად იცით.

"მწვანეებს" თავიანთი "მტერი" ბოლოს საკუთარ კედლებში 2007 წელს ჰყავთ დამარცხებული. მას მერე "ჟოფრუა გიშარზე" 15 მატჩი გაიმართა. აქედან 9 "ლიონმა" მოიგო, ხოლო 6 ფრედ დამთავრდა. მასპინძლებს საკუთარ სტადიონზე გამარჯვება დიდი ხანია, მოწყურებული აქვთ და შეეცდებიან, მეტოქეს საქმე გაუფუჭონ, თანაც ქულები თავადაც სჭირდებათ - როგორც იცით, კრისტოფ გალტიე ევროზონისთვის იბრძვის.

"სენტ ეტიენი" ბოლო დროს მძიმედ გამოიყურება და ზედიზედ 4 ფრე აქვს ნათამაშები. ლიონელთა მხრიდან, პირველ რიგში, კარგ ფორმაში მყოფ ალექსანდრ ლაკაზეტს უნდა დავაკვირდეთ, ვინც წინა ტურში მე-11 გოლი შეაგდო და ბომბარდირთა დავაში ანდრე-პიერ ჟინიაკს გაუტოლდა.

სერიებზე თუ მიდგა საქმე, "რენმა" უკვე 7 შეხვედრა განვლო დაუმარცხებლად და ისე ჩანს, თითქოს ფილიპ მონტანიემ საბოლოოდ გამოიყვანა კრიზისიდან "რენი". ბრეტანელებს ახლა ექნებათ სერიოზული ტესტი, როდესაც "სტად დე ლა რუტ დე ლორიანზე" "მონაკოს" უმასპინძლებენ, რომელსაც ახალ 2 ქულით უსწრებენ.

ლეონარდო ჟარდიმის ბიჭები კარგ ხასიათზე არიან, რადგან "ლევერკუზენს" გასვლაზე მოუგეს და ბოლო ტურში "ზენიტთან" საშინაო მატჩში ფრეც ჰყოფნით მერვედფინალში გასასვლელად.

ახლა მონეგასკებმა ლიგა 1-ს უნდა მიხედონ.

ჟირონდაში "ლილი" ჩაისეირნებს, რომელიც ახლა სახიფათო ზონასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ევროადგილებთან. ასე რომ, რენე ჟირარმა რამე უნდა მოიმოქმედოს. ხუთეულში მყოფ "ბორდოს" საკუთარი გეგმები აქვს, ვილი სანიოლმა უშუალო კონკურენტების ურთიერთშეხვედრებით უნდა ისარგებლოს და თავისი თამაში მოიგოს.

აუტსაიდერების დუელია "ევიანსა" და "გენგამს" შორის, ორივე გასავარდნ ზონაშია და ქულები ჰაერივით ესაჭიროება.

ვისამ ბენ იედერი და სხვა ტულუზელები 3 ქულის ჩაჯიბვას შეეცდებიან სუსტად მოთამაშე "ლორიანთან".

როლან კურბისის "მონპელიე" საპრიზო ადგილებთან მიახლოებას "კაენთან" საგარეო მოგებით ფიქრობს, კორსიკული "ბასტია" თავისი ახალი მწვრთნელების დუეტით მორიგ თავგადასავალს რეიმსში გადაიტანს, ხოლო ლიგა 1-ში დაბრუნებული "ლანსი" და "მეცი" ერთმანეთში გაარკვევენ ურთიერთობას.

საფრანგეთი. ლიგა 1. XV ტური
28 ნოემბერი
მარსელი-ნანტი 23:30

29 ნოემბერი
პსჟ-ნიცა 20:00
კაენი-მონპელიე 23:00
ლანსი-მეცი 23:00
რეიმსი-ბასტია 23:00
რენი-მონაკო 23:00
ტულუზი-ლორიანი 23:00

30 ნოემბერი
ბორდო-ლილი 17:00
ევიანი-გენგამი 20:00
სტ. ეტიენი-ლიონი 00:00

ბომბარდირები: 11 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი), ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 7 - ვისამ ბენ იედერი (ტულუზი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული