10:10 09-02-2015
საფრანგეთი. ლიგა 1. XXIII ტური: ლიდერების მძიმე ტური [VIDEO]
AutoSharing Option
ლიგა 1-ის წინა ტურში სულ 10 გოლი გავიდა, 24-ე ტური კი "ჟოფრუა გიშარზე" 6-გოლიანი თრილერით გაიხსნა. "სენტ ეტიენს" უკვე 4 მატჩია, არ მოუგია და კინაღამ ზედიზედ მესამედ წააგო. არადა, 57-ე წუთისთვის 2:0-ს იგებდა.
თუმცა ამის მერე იოან ტუზგარის ჯერი დადგა და ტუნისელმა დუბლი გაიფორმა. ხოლო 77-ე წუთზე ანტუან კომბუარეს "ლანსი" უკვე წინ გავიდა - "რენში" გაყიდული და იჯარით დაბრუნებული დიმიტრი კაბაიეს პასით პაბლო შავარიამ შეაგდო. "მწვანეებს" ქულა მევლუთ ერდინჩმა მოუტანა, თურქმა ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.
ფეხი ისევ დაუცდა "მარსელსაც", რომელიც სულაც აგებდა "რენთან" და ქულა გუნდს "მონაკოდან" იჯარით მოყვანილმა ლუკას ოკამპოსმა გაუხერხა. ახალგაზრდა არგენტინელმა ისეთი მშვენიერი გოლი შეაგდო, როგორც მის ტალანტს და კლასს შეეფერება. მეტი მარსელო ბიელსას ბიჭებმა ვეღარ გააკეთეს, ბოლოსკენ საერთოდაც 10 კაცით დარჩნენ.
მუნჯის ენა დედამ იცისო და რენე ჟირარმაც "მონპელიეს" 4-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყვიტა. ეს "ლილის" თავკაცისთვის მე-4 დაპირისპირება გახლდათ ყოფილი გუნდის წინაააღმდეგ და მესამედ მოიგო, ერთი კი ფრედ აქვს დასრულებული. გოლიც არ გაეშვა წინა სამ შეხვედრაში.
წინა ტური, მწირგოლიანობის გარდა, იმითაც გამოირჩა, რომ ვერც ერთმა სტუმარმა ვერ იმარჯვა. ახლა კი "ლილს" მხარი აუბა "ბორდომაც". ვაჰბი ჰაზრის ლამაზი დარტყმა და სწრაფი გოლი "ევიანთან" შეხვედრაში ერთადერთი და საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ ჟირონდელებს 5-თამაშიანი მოუგებლობისთვის წერტილი დაესვათ.
გასვლაზე იმარჯვა "ლორიანმაც" და ბრეტანელები შედარებით მოშორდნენ გასავარდნ ზონას. "რეიმსი" ბილე მუკანჯომ კი დააწინაურა, მაგრამ მერე "ლორიანმა" სამი უპასუხო გოლი გაიტანა და აქედან ერთი პორტუგალიელი რაფაელ გერეიროსი გახლდათ, რომელმაც უკვე მე-6 ბურთი მიიწერა და მცველისთვის ეს დიდებული შედეგია.
ვეღარ ამაგრებენ "კაენს", რომელმაც მიჯრით მეოთხედ მოიგო და "ტულუზი" გასავარდნ ზონასთან ყველაზე ახლოს დატოვა. კვლავაც გაიტანა ჟერემი ფერემ. კორსიკაზე გამართული "ექვსქულიანი" მატჩის ბედი კი მაშინ გადაწყდა, როდესაც ბოლოადგილოსანი "მეცი" კაცნაკლული დარჩა. ამას "ბასტიამ" ორი გოლი მოაყოლა.
"მარსელისა" არ იყოს, კონკურენტების მძიმე მატჩებით ვერ ისარგებლა ვერც "მონაკომ", რომელმაც სულაც წააგო. მონეგასკებს 8-ტურიანი დაუმარცხებელი სერია "გენგამმა" შეუწყვიტა და ცხრილის ზედა ნახევარში აინაცვლა. ასე გაიარა ჟოსელინ გურვენეკმა გზა ბოლო ადგილიდან ათეულამდე. არადა, ბრეტანელები 22-ე წუთიდან 10 კაცით იყვნენ და სწორედ კაცნაკლულებმა აიღეს მეტოქის კარი. ამჯერად, კლაუდიო ბოვიუს არ გაუტანია, იგი საგოლე პასს დასჯერდა.
უდავო ლიდერისა და გოლეადორის, ალექსანდრ ლაკაზეტის გარეშეც, "ლიონმა" საკუთარ "ჟერლანზე" მაინც დიდი ომი გაუმართა "პარი სენ-ჟერმენს" და პირველი ადგილი გმირულად დაიცვა, ხოლო ზლატან იბრაჰიმოვიჩის პენალტი რომ არა...
ერთი საინტერესო დეტალიც, ამ ტურამდე პირველ 6 ადგილზე მყოფი გუნდებიდან გამარჯვება ვერც ერთმა ვერ მოიპოვა.
საფრანგეთი. ლიგა 1. XXIII ტური
სტ. ეტიენი-ლანსი 3:3
გოლები: 1:0 ნ’გემო (18), 2:0 მოლო (57), 2:1 ტუზგარი (60), 2:2 ტუზგარი (69-პენ.), 2:3 შავარია (77), 3:3 ერდინჩი (83)
რენი-მარსელი 1:1
გოლები: 1:0 ტოივონენი (27), 1:1 ოკამპოსი (60)
გაძევება: ლემინა (84. მარსელი)
ბასტია-მეცი 2:0
გოლები: 1:0 კამანო (65), 2:0 ბუდებუზი (79-ენ.)
გაძევება: მილანი (50. მეცი)
კაენი-ტულუზი 2:0
გოლები: 1:0 პრივატი (17), 2:0 ფერე (72-პენ.)
ევიანი-ბორდო 0:1
გოლი: 0:1 ხაზრი (11)
მონპელიე-ლილი 1:2
გოლები: 0:1 რუ (9), 0:2 მ. ლოპეში (53), 1:2 დაბო (90)
რეიმსი-ლორიანი 1:3
გოლები: 1:0 მუკანჯო (42), 1:1 გასამა (49), 1:2 გერეირო (63), 1:3 ჟანო (85)
გენგამი-მონაკო 1:0
გოლი: ლევეკი (51)
მონაკო (4-3-3): სუბაშიჩი - ფაბინიო, უოლასი, რ. კარვალიო (37. აბდენური), კურზავა - კონდოგბია, ტულალანი, მოუტინიო (58. ბერნარდო სილვა) - ფერეირა კარასკო, დირარი (59. მარტიალი), ბერბატოვი
გაძევება: დიალო (22. გენგამი)
ნიცა-ნანტი 0:0
ლიონი-პსჟ 1:1
გოლები: 1:0 ნ’ჟი (31), 1:1 იბაჰიმოვიჩი (69-პენ.)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - მარკინიოსი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მაქსველი - ვერატი, ტიაგო მოტა, მატუიდი - ლუკასი (76. ლავესი), კავანი (80. კაბაი), იბრაჰიმოვიჩი
ბომბარდირები: 21 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 14 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 11 - კლაუდიო ბოვიუ (გენგამი); 10 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 8 - შეიკ დიაბატე (ბორდო), ედინსონ კავანი (პსჟ), დანიელ ვასი (ევიანი), ნაბილ ფეკირი (ლიონი)
მომდევნო ტური
13 თებერვალი:
მარსელი-რეიმსი
14 თებერვალი:
პსჟ-კაენი, ლანსი-ევიანი, ლილი-ნიცა, მონაკო-მონპელიე, ნანტი-ბასტია, ტულუზი-რენი
15 თებერვალი:
ბორდო-სტ. ეტიენი, მეცი-გენგამი, ლორიანი-ლიონი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული