ლიგა 1. XXVII ტური: ლიდერთა რისხვა ტური

AutoSharing Option
"კაენი" არავის და არაფერს აღარ უშინდება და ამ გუნდმა კიდევ უფრო დიდი სენსაცია გამოაცხო - ამჯერად, პატრის გარანდის ბიჭები "ველოდრომს" ესტუმრნენ და როდესაც ანდრე-პიერ ჟინიაკმა 63-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა, ვინღა წარმოიდგენდა, რომ სტუმრები ამ მატჩს მოიგებდნენ.

მათ ჯერ სამწუთიან მონაკვეთში ორჯერ გაიტანეს - თავი ისევ გამოიჩინა ემილიანო სალამ, ხოლო ბოლოსკენ ნიკოლა ბენეზემ ულამაზესი დარტყმით გამარჯვება მოუტანა "კაენს" და მარსელო ბიელსას ძალიან მტკივნეული მარცხი აგემა.

ლიდერი "ლიონი" არც ისე კარგ ფორმაში მყოფ "ლილს" სტუმრობდა. უბერ ფურნიესთვის მატჩი იდეალურად დაიწყო სწრაფი
გოლით, თუმცა რენე ჟირარმა დაგვიმტკიცა, რომ მას ლიდერების გამწარება ისევ შეუძლია და მისმა ბიჭებმა მეორე ტაიმში იყოჩაღეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, "პარი სენ-ჟერმენი" პირველ ადგილზე გადადიოდა...

"ლუი მეორეზე" ძალიან დაძაბული და, შეიძლება ითქვას, "ჩაკეტილი მატჩი" ვიხილეთ. ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე მყოფმა პარიზელებმა ლონდონიდან ტრიუმფით დაბრუნებულ "მონაკოზე" ვერ იძალეს. ლორან ბლანს დავიდ ლუისი ისევ საყრდენად ეყენა. პატარა ექსპერიმენტს მიმართა ლეონარდო ჟარდიმმაც, რომელმაც ნახევარდაცვის ცენტრში ასწია ფაბინიო, ხოლო ჟერემი ტულალანი ცენტრალურ მცველად ათამაშა.

საბოლოოდ, გუნდები უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს. პსჟ პირველზე ვერ გადავიდა, ხოლო მონეგასკებს მესამე ადგილთან 6 ქულა აშორებთ, მაგრამ ერთი მატჩი თადარიგში აქვთ.

ლუკას ბარიოსმა კვლავაც გაიტანა და "მონპელიეს" "ნიცასთან" საჭირო სამი ქულა მოუტანა, რითაც როლან კურბისის კლუბმა ხუთეულს მიუკაკუნა. მონპელიელების მიზნებსა და გეგმებს ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ ვერ მოიგეს თავიანთი შეხვედრები "ბორდომ" და "სენტ ეტიენმა", არადა, ჟირონდელებიც იგებდნენ და "მწვანეებიც", მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.

"სენტ ეტიენმა" მატჩის მიწურულს გაუშვა. ეს გოლი "ტულუზისთვის" ჰაერივით საჭირო იყო. მართალია, ალენ კაზანოვას გუნდმა მაინც "ჩაყვინთა" გასავარდნ ზონაში, მაგრამ წაგების შემთხვევაში, საქმე კიდევ უფრო მძიმედ იქნებოდა.

წარუმატებლობებს წერტილი დაუსვეს "ნანტმა" და "რენმა", ხოლო "ბასტიას", პირიქით, დაუმარცხებელი სერია შეუწყდა ლორიანში - კორსიკელებს უკანასკნელი 14 შეხვედრის განმავლობაში ძირითად დროში არც ერთი წაეგოთ... "იადონებს" 7 ტური გამარჯვების გემო არ გაესინჯათ და ეს არომატი "გენგამთან" თამაშში დაიბრუნეს. ბრეტანელებს რაც შეეხებათ, 10 ტური არ მოეგოთ (4 ფრე, 6 წაგება) და აუტსაიდერ "ლანსს" აჯობეს.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXVII ტური
მარსელი-კაენი 2:3
გოლები: 1:0 ა. აიუ (45), 2:0 ჟინიაკი (63), 2:1 სეუბე (67), 2:2 სალა (70), 2:3 ბენეზე (87)

ლილი-ლიონი 2:1
გოლები: 0:1 ტოლისო (3), 1:1 გეიე (56), 2:1 მარკოშ ლოპეში (60)

ბორდო-რეიმსი 1:1
გოლები: 1:0 ტილენი (18), 1:1 შარბონიე (32)

ლანსი-რენი 0:1
გოლი: 0:1 დუკურე (36)

ლორიანი-ბასტია 2:0
გოლები: 1:0 ბელუგუ (16), 2:0 ჯ. ბრუნო (85)

მეცი-ევიანი 1:2
გოლები: 0:1 კარასკო (29-ს.კ-ში), 1:1 სარი (45), 1:2 სუნუ (75)

ტულუზი-სტ. ეტიენი 1:1
გოლები: 0:1 გრადელი (45-პენ.), აკპა-აკპრო (88)

ნანტი-გენგამი 1:0
გოლი: 1:0 ბამუ (88)
გაძევება: ვისკარონდო (90. ნანტი)

მონპელიე-ნიცა 2:1
გოლები: 0:1 ბოტე (36-პენ.), 1:1 დაბო (44), 2:1 ბარიოსი (66)

მონაკო-პსჟ 0:0
მონაკო (4-3-3): სუბაშიჩი - ტურე (60. დირარი), უოლასი, ტულალანი, კურზავა - მოუტინიო, ფაბინიო, კონდოგბია - ბერნარდო სილვა, მარტიალი (66. ბერბატოვი), ფერეირა კარასკო (85. მატეუში)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, მაქსველი - ვერატი, დავიდ ლუისი, მატუიდი (75. რაბიო) - ლავეცი (76. ბაებეკი), პასტორე, კავანი

ბომბარდირები: 21 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 15 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 11 - კლაუდიო ბოვიუ (გენგამი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 9 - ნაბილ ფეკირი (ლიონი); 8 - შეიკ დიაბატე (ბორდო), ედინსონ კავანი (პსჟ), დანიელ ვასი (ევიანი), მატიე დუამელი (ევიანი), ვისამ ბენ იედერი (ტულუზი), პოლ-ჟორჟ ნტეპი (რენი)

მომდევნო ტური
6 მარტი:
ტულუზი-მარსელი

7 მარტი:
პსჟ-ლანსი, ბასტია-ნიცა, კაენი-ბორდო, ევიანი-მონაკო, რეიმსი-ნანტი, რენი-მეცი

8 მარტი:
სტ. ეტიენი-ლორიანი, გენგამი-ლილი, მონპელიე-ლიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული