ლიგა 1. XXXII ტურის წინ: ტური პსჟ-ის გარეშე

AutoSharing Option
თას
11 აპრილს "სტად დე ფრანსზე" "ბასტია" და "პარი სენ-ჟერმენი" ლიგის თასის ფინალში ითამაშებენ. ასე რომ, პსჟ-"მეცისა" და "ლიონი"-"ბასტიას" მატჩები გადაიდება. თუმცა მეორე შეხვედრა რამდენიმე დღეში, კერძოდ კი, 15 აპრილს გაიმართება, ხოლო პარიზელები აუტსაიდერი "მეცის" შესანსვლას 28 აპრილისთვის გადადებენ.

სანამ კორსიკელები პატარა სასწაულის მოხდენაზე ოცნებობენ და პსჟ-ის დამარცხებით, ლიგის თასის გარდა, ევროპალიგის საგზურის მოპოვებას შეეცდებიან, ვთქვათ საფრანგეთის თასზეც...

"პარი სენ-ჟერმენი" იქაც ფინალში გავიდა და 30 მაისს ლიგა 2-ის მკვიდრ "ოსერს" შეებმება იმავე "სტად დე ფრანსზე". პარიზელებმა ნახევარფინალში "სენტ ეტიენი" გაანადგურეს -
4:1, ხოლო "ოსერმა" მოქმედი გამარჯვებული "გენგამი" გამოთიშა ასპარეზობას. "მწვანეებს" 3 გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაუტანა, ანუ მან თავისი მე-100, 101-ე და 102-ე გოლები გაიტანა კლუბის მაისურით და პედრო პაულეტამდე სულ ცოტა დარჩა - პორტუგალიელი პსჟ-ის ყველა დროის ბომბარდირია 109 გოლით.

პაულეტას ამდენი ბურთის მოსაგროვებლად 211 მატჩი დასჭირდა, ხოლო იბრაკადაბრას 102 გოლი 124 შეხვედრაში აქვს გატანილი.

ჩემპიონატი
მთავარი მატჩი "სტად ჟაკ შაბან დელმაზეა". "ბორდო" "მარსელს" მასპინძლობს და ჩვენ კი ვამბობთ, რომ ჟირონდელები ხუთეულისთვის იბრძვიან, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში, იგივე მარსელელებთან სხვაობა 3 ქულამდე შემცირდება... ერთი ესეცაა, ვილი სანიოლს რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდება.

მარსელო ბიელსას კი, "ბორდოს" გარდა, "მონაკო" ჰყავს სანერვიულოდ, არგენტინელი სპეციალისტის ბედად, მონეგასკებმა "მონპელიესთან" გადადებული მატჩი ვერ მოიგეს, მაგრამ შემდეგ ფეხის დაცდენას "ველოდრომის" ბინადრებს, ალბათ, აღარ აპატიებენ.

მართალია, "მონაკო" კარგად ათამაშებულ "კაენს" სტუმრობს, დატვირთული გრაფიკი გამოუვიდა და ჩემპიონთა ლიგაზე ტურინის "იუვენტუსთან" მატჩისთვის ემზადება, მაგრამ კაენელებს, წესით, გავარდნა აღარ უნდა დაემუქროთ და ქულები დიდად არ სჭირდებათ, ხოლო ლეონარდო ჟარდიმს სამეულში მოხვედრას აუცილებლად სთხოვენ.

"სენტ ეტიენი" "ნანტს" მასპინძლობს და თუ არ სურს, რომ "ბორდოსა" და "მონპელიეს" წამოწევის შანსი მისცეს, "იადონებს" უნდა აჯობოს. ჟირონდელებზე უკვე ვთქვით და აი, მონპელიელებს რაც შეეხებათ, ისინი სერიოზულ კრიზისში მყოფ "ტულუზს" სტუმრობენ.

მასპინძლებისთვის მატჩი ძალიან დიდი მნიშვნელობისაა, მით უფრო, რომ მათ უშუალო კონკურენტებს შედარებით იოლი თამაშები აქვთ. "ოსერთან" ხსენებული მარცხით გულგატეხილი "გენგამი" კი ბრეტანულ დერბიში "რენის" ძლევით შეეცდება ხასიათის გამოსწორებას. წინა სეზონში თასი გენგამელებმა სწორედ "რენის" დამარცხებით მოიგეს და ნოსტალგიაც შემოაწვებათ.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXXII ტური
10 აპრილი
კაენი-მონაკო 22:30

11 აპრილი
სტ. ეტიენი-ნანტი 16:00
ევიანი-ლილი 19:00
ლანსი-ლორიანი 19:00
რეიმსი-ნიცა 19:00
რენი-გენგამი 19:00
ტულუზი-მონპელიე 19:00
ბორდო-მარსელი 23:00

15 აპრილი
ლიონი-ბასტია 20:30

28 აპრილი
პსჟ-მეცი 23:00

ბომბარდირები: 24 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 18 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 17 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 12 - კლაუდიო ბოვიუ (გენგამი), ნაბილ ფეკირი (ლიონი); 11 - დიეგო როლანი (ბორდო). ლუკას ბარიოსი (მონპელიე), ვისამ ბენ იედერი (ტულუზა); 10 - მაქს გრადელი (სენტ ეტიენი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული