საფრანგეთის თასის ფინალი: პსჟ-ის პოკერი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"პარი სენ-ჟერმენმა" "ოსერი" დაამარცხა და სეზონი ჰეთ-თრიკით დაასრულა; ხოლო თუ სტარტზე მოგებულ საფრანგეთის სუპერთასსაც ჩავუთვლით, მაშინ - პოკერით.

მართალია, პარიზელებმა მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხეს, მაგრამ მათ გამარჯვებაში ეჭვი, ალბათ, არავის ეპარებოდა, რადგან უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და გოლი, ადრე თუ გვიან, გავიდოდა.

ოსერელებმა რაც შეეძლოთ გააკეთეს და სადამდეც მოახერხეს, გაძლეს, ნორმალური მომენტი კი ჟან-ლუკ ვანუშის გუნდს არ შეუქმნია. სამაგიეროდ, პსჟ ანიავებდა შანსებს, დედაქალაქელები ხან თავად სცოდავდნენ, ხანაც მეტოქის მეკარე დონოვან ლეონი ყოჩაღობდა.

საბოლოოდ, ბლანის ბიჭებმა ნავსის გატეხვა 63-ე წუთზე შეძლეს -
გრეგორი ვან დერ ვილის მორიგ მშვენიერ პასს ედინსონ კავანის თავური მოჰყვა. ის ერთი გოლი, რომელიც ურუგვაელს ლიგა ერთში ზლატან იბრაჰიმოვიჩთან გატოლებამდე დააკლდა, აქ გაიტანა. ამბობენ, კავანი მიდისო და თუ ასეა, მშვენიერი გამომშვიდობება გამოუვა.

ჩვენ კი ისიც ვთქვათ, რომ პსჟ-ის გამარჯვებით ევროპალიგის საკვალიფიკაციო საგზური "ბორდოს" შეხვდა. ჟირონდელებმა ეს დაიმსახურეს. ვილი სანიოლიც ამ აზრზეა, იგი ძალიან გახარებული დარჩა. ბლანმა კი ერთბაშად ორი კურდღელი დაიჭირა - მორიგი ტიტული მოიგო და ყოფილ გუნდსაც გაუმართა ხელი.

ოსერი-პსჟ 0:1
გოლი: 0:1 კავანი (64)
ოსერი (4-2-3-1): ლეონი -აგილარი, პიუგრენიე, ფონტეინი, ჯელაბი - მულუმბა (88. ვინსენტი), აიტ ბენ იდრი - ბერტიე (80. ნაბაბი), სმარიტანი, ბაბი (82. ვიალე) - დიარა
პსჟ (4-3-3): დუშეზი - ვან დერ ვილი - ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მაქსველი - ვერატი, ტიაგო მოტა, მატუიდი - ლუკასი (73. ლავეცი), კავანი, იბრაჰიმოვიჩი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული