ლიგა 1. I ტურის წინ: "პარი სენ-ჟერმენი" სუპერფავორიტია

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენი", რომელმაც საფრანგეთის მასშტაბით წინა სეზონში ყველაფერი მოიგო, ლიგა ერთის ახალ გათამაშებას ლილში სტუმრობით გახსნის. ლორან ბლანის შეგირდებმა უკვე ეს სეზონიც მოგებით გახსნეს, როდესაც სუპერთასის შეხვედრაში იოლად აჯობეს "ლიონს" და ცხადია, ყველა დანარჩენ ტურნირზეც ფავორიტებად მიიჩნევიან.

თუმცა თავად პარიზელები არ მალავენ იმ ფაქტს, რომ მათთვის პრიორიტეტული ჩემპიონთა ლიგა იქნება. პრინციპში, წინა სეზონშიც ასე იყო.

ცალკე საუბრის თემაა ანხელ დი მარია, რომელიც დედაქალაქელებს შეუერთდა და ყველა ელოდება, რომ გუნდს ძალიან გააძლიერებს. არგენტინელი თანამემამულე ხავიერ პასტორესთან ერთად აქტიურად უნდა დაეხმაროს ზლატან
იბრაჰიმოვიჩსა და ედინსონ კავანის, ასევე, კიდევ ერთ არგენტინელს, ესეკიელ ლავეცის. ამას მარკო ვერატი და სხვანი ემატებიან, რაც მართლაც სერიოზულ მოლოდინს ქმნის.

"ლილს" რაც შეეხება, ამ გუნდმა წინა სეზონის მეორე წრეში გამოაჩინა, რომ გაცილებით მეტის პოტენციალი აქვს, ვიდრე თავიდან აჩვენებდა. კლუბში გარკვეული ცვლილებებია და პირველ რიგში, ახალ მწვრთნელზე, ერვი რენარზე უნდა ვთქვათ, რომელიც აფრიკის თასზე ზამბიასთან და კოტ დ'ივუართან ერთად, ტრიუმფის მერე, ისევ სამშობლოს დაუბრუნდა "სოშოში" წარუმატებელი მუშაობის შემდეგ. 46 წლის სპეციალისტი შესაძლებლობების გამოვლენას ლილელებთან ერთად შეეცდება.

"მონაკო", რომელიც ლეონარდო ჟარდიმმა თავის ჭკუაზე მოიყვანა და რამდენიმე ფრონტზე ბრძოლას მიაჩვია, "ალიანც რივიერაზე" ესტუმრება "ნიცას". თუ მონეგასკებს პირველობისთვის გაბრძოლება სურთ, კარგად უნდა დაიწყონ და არა ისე მძიმედ, როგორც წინა ჩემპიონატში. მათ რიგებში სტეფან ელ შაარავი რომ ჩაირიცხა, ალბათ, მოგეხსენებათ - "პატარა ფარაონი" "ლუი მეორის" ბინადრებს ნამდვილად გააძლიერებს.

"ლიონს" კი კლაუდი ბოვიუ შეემატა, ფეხბურთელი, რომელიც "გენგამში" საუცხოოდ თამაშობდა და ახლა ალექსანდრ ლაკაზეტთან ერთად ეცდება მეტოქეების დამწუხრებას. ლიონელთა ბანაკს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" მოსული ბრაზილიელი მცველი რაფაელოც შეემატა. თუმცა, თუ უბერ ფურნიეს გუნდი ისე უსუსურად ითამაშებს, როგორც ეს პსჟ-სთან სუპერთასის შეხვედრაში, არაფერი გამოვა.

ამასობაში, მარსელო ბიელსა "მარსელთან" ერთად ახალ ცხოვრებას იწყებს. "ველოდრომის" მკვიდრებში ბევრი ცვლილებაა და არგენტინელმა ყველაფერი თავიდან უნდა დაალაგოს, რაც ადვილი არ იქნება. მარსელელებისა არ იყოს, ევროამბიცია "ბორდოსაც" აქვს, სადაც ვილი სანიოლმა გუნდის ფეხზე დაყენება წარმატებულად დაიწყო.

ჟირონდელები "რეიმსს" მასპინძლობენ და ეცდებიან, რომ მოგებით დაიწყონ. ასევე საინტერესო დუელი უნდა იყოს "ტულუზი"-"სენტ ეტიენი". ვთქვათ ისიც, რომ აღზევებულთაგან ორნი, კერძოდ კი, "ტრუა" და "გაზელეკ აიაჩო" ერთმანეთს ხვდებიან, ხოლო "ანჟერი" "მონპელიეს" ესტუმრება.

7 აგვისტო
ლილი-პსჟ 22:30

8 აგვისტო
ნანტი-გენგამი 23:00
მონპელიე-ანჟერი 23:00
ნიცა-მონაკო 23:00
მარსელი-კაენი 23:00
ბასტია-რენი 23:00
ტრუა-გაზ. აიაჩო 23:00

9 აგვისტო
ბორდო-რეიმსი 19:00
ტულუზი-სტ. ეტიენი 19:00
ლიონი-ლორიანი 23:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული