ვიდეო: ლილი-პსჟ 0:1
საფრანგეთის ლიგა ერთი ბევრი მოულოდნელობით დაიწყო - არა, უფრო სწორად, ლოგიკურად დაიწყო, მარამ სენსაციურად გაგრძელდა. უშუალოდ პირველ შეხვედრაში მოულოდნელი არაფერი მომხდარა - ჩემპიონატი ლილში ადგილობრივი გუნდისა და "პარი სენ-ჟერმენის" მატჩით გაიხსნა და რა გასაკვირია, რომ პარიზელების გამარჯვებით დასრულდა.
თუმცა ლორან ბლანის გუნდს სამი ქულის მოსაპოვებლად სერიოზული ოფლისღვრა დასჭირდა, რისი მიზეზიც ახალგაზრდა ადრიან რაბიოს უყურადღებობაა, მან 5-წუთიან მონაკვეთში ორჯერ მიიღო ყვითელი ბარათი და 28-ე წუთზე პსჟ უკვე 10 კაცით დარჩა. საბოლოოდ, უიბრაჰიმოვიჩო პარიზელებს ლუკასმა მოაგებინა, რომელმაც კარგი კომბინაციის მერე, შეიძლება ცოტა ეგოისტურად, მაგრამ ოსტატურად ითამაშა და პირადად მისთვისაც მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.
პსჟ-ის მთავარ კონკურენტად "მონაკო" მოიაზრება, რომელმაც ასევე მოახერხა მოგება, თანაც "ზღვისპირეთის დერბიში". არადა, აგებდა და "ნიცასთვის" ფეხბურთელი რომ არ გაეძევებინათ, ვინ იცის, რა მოხდებოდა "ალიანც რივიერაზე".
მოულოდნელობებზე საუბარი კი "ველოდრომით" დავიწყოთ, სადაც თავდასხმაში შესუსტებული "მარსელი" "კაენთან" დამარცხდა და, რაც მთავარია, ამას მარსელო ბიელსას წასვლა მოჰყვა. როგორც ჩანს, ნერვიულმა არგენტინელმა უყურა რა თავისი აწ უკვე ყოფილი ბიჭების წვალებას, გადაწყვიტა, რომ გაჩერება აღარ ღირდა, პერსპექტივა ვერ დაინახა და ცუდი სატრანსფერო პოლიტიკის გამო უფროსობაზე გაბუტული წავიდა.
მან გადადგომის შესახებ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კაენელებმა კი სენსაციებს წინა სეზონშიც მიგვაჩვიეს და ასევე აგრძელებენ. ნორმანდიელთა ბანაკიდან შეხვედრის ერთადერთი და შესაბამისად, გამარჯვების გოლი გუნდის ახალწვეულმა ენდი დელორმა შეაგდო მშვენიერი დარტყმით.
სენსაციური საშინაო მარცხები იყო მონპელიესა და ბორდოშიც. როლან კურბისის "მონპელიე" ახალწვეული "ანჟერისაგან" განიგმირა ბრძოლის ველზე, ხოლო ვილი სანიოლის ჟირონდელებმა პირველი ტაიმი კი მოიგეს და 90-ე წუთამდე წინ იყვნენ, მაგრამ ბოლოს 2 გოლი გაუშვეს. "რეიმსს" შეცვლაზე შემოსულმა თეოსონ ჯორდან სიბატჩუმ მოაგებინა.
ევრზონის კიდევ ერთი მაძიებელი "სენტ ეტიენიც" ცუდად იწყებს. "მწვანეები" მათმა კაპიტანმა ლოიკ პერენმა წინ გაიყვანა, მაგრამ ტულუზელებმა ჯარიმიდან გატანილი ორი გოლით მოიპოვეს 3 ქულა. დომინიკ არიბაჟს საინტერესო გუნდი ეყოლება. ბრეიტვეიტმა შარშანწინდელი სეზონი ძალიან შთამბეჭდავად ჩაატარა, მაგრამ შარშანდელი ჩააგდო; ბენ იედერი კი, როგორც ჩანს, სტაბილურად გააგრძელებს გატანას.
ამბიციურმა ფილიპ მონტანიემ ვერც ეს სეზონი დაიწყო წარმატებულად. მისი "რენი" ჯოვანი სიომ დააწინაურა, მაგრამ სიო ამის მერე ბრეტანელთა კარისკენ უბერავდა და "ბასტიამ" მატჩი მოაბრუნა. კორსიკელები არც ათი კაცით დარჩენის მერე გატყდნენ. სხვათა შორის, ბრანდაო გააძევეს. 35 წლის ბრაზილიელმა ფორვარდმა წინა სეზონის სტარტზე ტიაგო მოტასთვის თავის ჩარტყმის გამო ხანგრძლივი დიკვალიფიკაცია მიიღო, ახლა კი წითელი ბარათით დაიწყო.
ჟილ სორბონის ავტოგოლმა "ნანტს" ბოლო წუთზე მოუტანა 3 ქულა "გენგამთან" საშინაო შეხვედრაში, თორემ ისე, მიშელ დერ ზაქარიანისა და ჟოსელინ გურვენეკის ტაქტიკური დუელი ლოგიკურ 0:0-მდე მიდიოდა. სამაგიეროდ, უგოლოდ ლიგა 2-დან აღზევებული წყვილის, "ტრუასა" და "გაზელეკ აიაჩოს" შეხვედრა დასრულდა.
სუპერთასის დაკარგვის მერე, "ლორიანთან" საშინაო შეხვედრაში 2 ქულის დაკარგვით გააგრძელა "ლიონმა". უბერ ფურნიეს შეგირდები ახალ სეზონს ფორმაში ვერ ხვდებიან.
ლილი-პსჟ 0:1
გოლი: 0:1 ლუკასი (57)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ორიე, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მაქსველი - რაბიო, მატუიდი, ვერატი (73. სტამბული) - ლუკასი (89. აგუსტენი), პასტორე (46. ტიაგო მოტა), კავანი
გაძევება: რაბიო (28. პსჟ)
ბასტია-რენი 2:1
გოლები: 0:1 სიო (39), 1:1 აიიტე (50), 2:1 კამანო (69)
გაძევება: ბრანდაო (78. ბასტია)
მარსელი-კაენი 0:1
გოლი: დელორი (27)
მონპელიე-ანჟერი 0:2
გოლები: 0:1 კამარა (4), 0:2 სუნუ (79)
ნანტი-გენგამი 1:0
გოლი: 1:0 სორბონი (89)
ნიცა-მონაკო 1:2
გოლები: 1:0 ჟერმენი (7), 1:1 სილვა (51), 1:2 კურზავა (62)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ენრიკე, რაჯი, კარვალიო, კურზავა - ტულალანი, პაშალიჩი (25. ბერნარდო სილვა) - დირარი (43. ელ შაარავი), მოუტინიო, კავალეირო - მარსიალი (72. კარილიო)
გაძევება: ბოსკალი (45. ნიცა)
ტრუა-გაზ. აიაჩო 0:0
ბორდო-რეიმსი 1:2
გოლები: 1:0 ხაზრი (41), 1:1დე პრევილი (80), 1:2 სიბატჩუ (87)
ტულუზი-სტ. ეტიენი 2:1
გოლები: 0:1 პერენი (18), 1:1 ბრეიტვეიტი (26), 2:1 ბენ იედერი (53)
გაძევება: პეშიჩი (87. ტულუზა)
ლიონი-ლორიანი 0:0
ლიონი (4-1-3-2): ლოპეში - რაფაელი (64. მორელი), ბიშევაცი, უმტიტი, ბედიმო - ტოლისო - მალბრანკი (55. მვუემბა), ფეკირი, ფერი - ბოვიუ (77. გეზალი), ლაკაზეტი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
09:30 10-08-2015
ლიგა 1. I ტური: ჩემპიონი ათი კაცითაც იგებს [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული