ლიგა 1. V ტურის წინ: ბლანი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენი" თავიდანვე ერთპიროვნულად გალიდერდა და ქულების დაკარგვას არც "ბორდოსთან" საშინაო შეხვედრაში აპირებს. ლორან ბლანი ყოფილ გუნდს არც ისე ძნელად ამარცხებს ხოლმე და თანაც, ჟირონდელები სეზონს საუკეთესო ფორმაში ნამდვილად ვერ შეხვდნენ.

ვილი სანიოლს რამე აქვს მოსაფიქრებელი, თორემ წინა სეზონში კარგად დაწყებულ საქმეს წყალში ჩაყრის.

"პარკ დე პრენსი", სავარაუდოდ, გადაჭედილი იქნება, რადგან გუნდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩი შეინარჩუნა და თან პუბლიკა ანხელ დი მარიას პირველ საშინაო შეხვედრას ელის პსჟ-ის მაისურით.

ჯაბა კანკავას "რეიმსი" მეორე ადგილზეა და ახლა "ტულუზთან" სტუმრად შეეცდება, სულ მცირე, ქულის
მოპოვებას. იმედია, ქართველ ფეხბურთელსაც ვიხილავთ ძირითად შემადგენლობაში.

"ლიონი" საკუთარ "ჟერლანზე" შეებმება "ლილს" და ეს მატჩი, წესით, ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს, ისევე, როგორც "მონპელიესა" და "სენტ ეტიენის" დაპირისპირება.

"რენი", რომელმაც ასევე კარგად დაიწყო, "ნანტს" სტუმრობს. ბრეტანელებმა იციან, რომ "იადონებთან" გასვლაზე თამაში რთულია და ეს მათთვის ერთგვარი გამოცდაც იქნება - თუ ევროზონისთვის ბრძოლას სერიოზულად აპირებენ, არ უნდა წააგონ.

სერიოზულად ვინც ნამდვილად აპირებს ბრძოლას, ეს "მონაკოა".

მონეგასკები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ გავიდნენ და ახლა სრული კონცენტრაცია ლიგა ერთზე აქვთ. დებიუტანტი "გაზელეკ აიაჩო" ჯერჯერობით, უმაღლეს ლიგას ალღოს ვერ უღებს და "ლუი მეორის" ბინადრებს კარგი შანსი აქვთ, 3 ქულა მოიპოვონ და სწორ გზას დაადგნენ.

დიდ ინტერესს იწვევს "ანჟერიც", რომელიც ჯერჯერობით, წაუგებელია და ჯერაც მოუგებელ "ლორიანს" სტუმრობს.

"მარსელი", რომელმაც 4 მატჩიდან 3 წაგებას მოუყარა თავი, "ბასტიას" მასპინძლობს. "ველოდრომის" ბინადრები, წინა სეზონისგან განსხვავებით, ცუდად იწყებენ, მაგრამ თუ ასევე წინა სეზონისგან განსხვავებით, კარგად დაამთავრებენ, ფანები ამაზე სიხარულით მოაწერენ ხელს. იქამდე კი ხელი მიჩელმა მოაწერა "მარსელთან" კონტრაქტს და დებიუტიც ძალიან ლამაზი და ხმაურიანი ჰქონდა - 6:0.

თუმცა ამის მერე ესპანელი გასვლაზე "გენგამთან" დამარცხდა, რომელსაც იქამდე მოგება არ ჰქონდა და გოლიც კი არ გაეტანა. მიჩელმა დაინახა, რომ ყველაფერი არც ისე მარტივადაა და სამუშაო ძალიან, ძალიან ბევრი აქვს.

ლიგა 1. V ტური
11 სექტემბერი
პსჟ-ბორდო 22:30

12 სექტემბერი
ლიონი-ლილი 19:00
ტრუა-კაენი 22:00
ლორიანი-ანჟერი 22:00
მონპელიე-სტ. ეტიენი 22:00
ნიცა-გენგამი 22:00
ტულუზი-რეიმსი 22:00

13 სექტემბერი
გაზ. აიაჩო-მონაკო 16:00
ნანტი-რენი 19:00
მარსელი-ბასტია 23:00

ბომბარდირი: 4 - ნაბილ ფეკირი (ლიონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული