ლიგა 1. IX ტურის წინ: კლასიკი პარიზში

AutoSharing Option
ტურის და ჩემპიონატის მთავარი დაპირისპირება "პარკ დე პრენსზე" გველის - ფრანგული კლასიკი - პსჟ "მარსელის" წინააღმდეგ.

"ლილმა" შუა კვირაში "ნანტთან" საშინაო მატჩი წააგო და გასავარდნ ზონასთან ერთ ნაბიჯშია, ხოლო "მონპელიეს" ნაბიჯის გარეშეც იქ ვხედავთ. ერთი სიტყვით, ორივე გუნდმა მძიმედ დაიწყო და ქულები ორივეს სჭირდება.

ჯაბა კანკავას "რეიმსს" "ჟერლანზე" სერიოზული გამოცდა ელის, თანაც გაბრაზებულ "ლიონთან", რომელმაც ჩემპიონატში მარცხს ჩემპიონთა ლიგაზე წაგება მიაყოლა და ახლა უბერ ფურნიე თავისი ყოფილი გუნდის დაბრიყვებას შეეცდება.

"რენის" ბანაკში ნელ-ნელა ავიწყდებათ, ბოლოს როდის წააგეს და თუ ბრეტანელებმა
"ლუი მეორეზეც" არ დათმეს შეხვედრა მოგებას მოწყურებულ და დაგეშილ "მონაკოსთან", ფილიპ მონტანიეს ბიჭებმა შესაძლოა, საბოლოოდ ირწმუნონ საკუთარი ძალების და სეზონის ბოლომდეც კი შემორჩნენ ევროზონაში. ლეონარდო ჟარდიმს კი სხვა გზა აღარ რჩება, უნდა მოიგოს, თორემ მონეგასკები ისედაც ჩამორჩნენ.

"კაენს" ბოლო 4 მატჩში 3 მოგება აქვს და ახლა ეს გუნდი "სენტ ეტიენს" მასპინძლობს, რომელსაც მიჯრით 5-გამარჯვებიანი სერია წინა ტურში "ნიცამ" შეუწყვიტა. თავის მხრივ, ნიცელებს ახლა ზედიზედ 3 მოგება აქვთ და ისინი "ნანტს" დაუხვდებიან. ტურის დესერტი, ტკბილი ლუკმა და გვირგვინი კი "კლასიკია".

ფრანგული ფეხბურთის კლასიკა დედაქალაქში გაიმართება, ლორან ბლანის გუნდს "მარსელი" სტუმრობს. მიჩელს არ უმართლებს, მის გუნდში ისედაც არეულობაა და ესპანელმა სიტუაცია ჯერ ვერ დაალაგა. ახლა ამ პრინციპული მატჩის ჩატარება უწევს მრისხანე მეტოქესთან, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ცალი ფეხით მოუგო დონეცკში "შახტარს".

მარსელელთა მთავარი იმედი მიში ბატშუაი იქნება, რომელიც ნელ-ნელა უმატებს და ამ სეზონსაც არ იწყებს ცუდად. პარიზელთა კოზირების, ძლიერი მხარეებისა და გამორჩეეული, ფორმაში მყოფი ფეხბურთელების ჩამოთვლა კი შორს წაგვიყვანს.

"მარსელისთვის" ამ მატჩში არწაგება და მით უმეტეს, მოგება იდეალური საშუალება იქნება კრიზისის დაძლევისა და ხასიათზე მოსვლისთვის. თან ეს უკვე თავმოყვარეობის საკითხია - ბოლო 9 "კლასიკიდან" "მარსელმა" 8 მოიგო და ერთხელ ფრეს დასჯერდა. ბოლოს "ველოდრომის" ბინადრებმა პსჟ-ს 2011 წელს აჯობეს.

2 ოქტომბერი
ლილი-მონპელიე 22:30

3 ოქტომბერი
ლიონი-რეიმსი 19:30
ანჟერი-ბასტია 22:00
ტრუა-გენგამი 22:00
გაზ. აიაჩო-ტულუზი 22:00
ნიცა-ნანტი 22:00

4 ოქტომბერი
მონაკო-რენი 16:00
ლორიანი-ბორდო 19:00
კაენი-სტ. ეტიენი 19:00
პსჟ-მარსელი 23:00

ბომბარდირები: 6 - ატემ ბენ არფა (ნიცა), ედინსონ კავანი (პსჟ); 5 - მიში ბატშუაი (მარსელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული