ლიგა 1. XII ტურის წინ: ლიდერი იწყებს და...

AutoSharing Option
ფილიპ მონტანიეს "რენმა" სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, მაგრამ მერე და მერე, ცოტა აურია. ახლა კი ბრეტანელებს სერიოზული გამოცდა ელით, რადგან მათი მეტოქე პსჟ იქნება.

პარიზელები საგრძნობლად წინ არიან და მადრიდში "რეალთან" სტუმრობისთვისაც ემზადებიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ლორან ბლანის გუნდი ამ შეხვედრას აგდებულად მოეპყრობა.

დედაქალაქელების მთავარ მდევრად ყველანი "ლიონს" მოვიაზრებთ, რომელიც ერთადერთ მოუგებელ გუნდს, "ტრუას" სტუმრობს და უბერ ფურნიეს, გამარჯვების გარდა, ყველა სხვა გზა მოჭრილი აქვს.

ძალიან საინტერესო მატჩს ველოდებით "ჟოფრუა გიშარზე", სადაც "სენტ ეტიენთან" საპაექროდ ჯაბა კანკავას "რეიმსი"
ჩადის. ქართველი ნახევარმცველი ტრავმირებულია და შესაძლოა, ვერ ითამაშოს.

თავისი პირველი მოგებით ფრთაშესხმული "გაზელეკ აიაჩო" "ბორდოს" დაუხვდება. კორსიკელები თავისას კი ეცდებიან, მაგრამ ჟირონდელებს მძიმე სტარტი აქვთ და მოგება ძალიან სჭირდებათ.

დიდებული სერიის მერე, "ნიცა" სწორედ "გაზელეკთან" დამარცხდა ძალიან მოულოდნელად და საკუთარ "ალიანც რივიერაზე" "ლილის" მონელებას ეცდება. თუმცა ლილელებს თავდასხმაში თამაში სულ რომ არ მისდიოდეთ, მოსანელებლად და ჩასაყლაპად რთული მეტოქეები არიან.

რაოდენ გასაკვირადაც უნდა ჟღერდეს, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა "მონაკო"-"ანჟერია". ანჟერელებისგან ასეთ შთამბეჭდავ სტარტს არავინ ველოდით, ხოლო მონეგასკებისგან - ასეთ სუსტს. იქნებ ლიგა 2-დან აღზევებულ გუნდ-აღმოჩენას გასაღები "ლუი მეორის" ბინადრებმა მაინც მოარგონ.

თან "მონაკო" უკვე გვარიანად ჩამორჩა და გამარჯვება ესაჭიროება. 3 ქულა პირადად ლეონარდო ჟარდიმისთვისაც აუცილებელია, თორემ პრესაში მის შესაძლო მოხსნაზე ბევრს წერენ და თავად ახალგაზრდა პორტუგალიელიც ხვდება, რომ წყალი შეუდგა, თან საფრანგეთისკენ ამ პერიოდში დიდი წვიმიანობა იცის.

მიში ბატშუაის იმედად და ამარა დარჩენილი "მარსელი" კი "ნანტს" სტუმრობს. მიტჩელის გუნდის "იადონებთან" ვიზიტი ტურს დაასრულებს.

XII ტური
30 ოქტომბერი
რენი-პსჟ 23:30

31 ოქტომბერი
სტ. ეტიენი-რეიმსი 20:00
გენგამი-ლორიანი 23:00
ტრუა-ლიონი 23:00
გაზ. აიაჩო-ბორდო 23:00
ბასტია-კაენი 23:00
ტულუზი-მონპელიე 23:00

1 ნოემბერი
ნიცა-ლილი 17:00
მონაკო-ანჟერი 20:00
ნანტი-მარსელი 00:00

ბომბარდირები: 8 - მიში ბატშუაი (მარსელი); 7 - ატემ ბენ არფა (ნიცა), ედინსონ კავანი (პსჟ), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 5 - მარტინ ბრეიტვეიტი (ტულუზი), ბილე მუკანჯო (ლორიანი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული