ლიგა 1. XIV ტურის წინ: ტერორმა ლიგა ვერ გააჩერა

AutoSharing Option
ტური მშვენიერ "ალიანც რივიერაზე" გაიხსნება, სადაც "ნიცა" "ლიონს" მასპინძლობს.

13 ნოემბრის ტრაგედიის გათვალისწინებით, ამ დღეებში საფრანგეთში ყველა ღონისძიება განსაკუთრებულია და მათ შორის, ჩემპიონატის მორიგი ტურიც, რომლის გადადებაზეც იყო მსჯელობა, მაგრამ გადაწყდა, რომ ლიგა 1 ჩვეულებრივად გაგრძელდებოდა.

კლოდ პუელის დაპირისპირება ყოფილ გუნდთან ყოველთვის საინტერესოა. მისი "ნიცაც" საინტერესოდ გამოიყურება ამ სეზონში და, როგორც ჩანს, მშვენიერ სერიას მიყოლილი ჩავარდნაც დაძლეულია. ნიცელები ახლა ლიონელებს 4 ქულით ჩამორჩებიან და ამ მატჩში გამარჯვებისთვის ითამაშებენ.

"ლიონს" კი მეორე ადგილის შენარჩუნება სურს და უბერ ფურნიე თავისას ეცდება, მაგრამ
არც ჩემპიონთა ლიგის მომავალი მატჩი დაავიწყდება. სხვათა შორის, ორივე გუნდს საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი აკლია, მაგრამ მთავარია, რომ წამყვანი შემტევები მწყობრში არიან, ნაბილ ფეკირის გამოკლებით.

"ნიცას" უკანასკნელი ურთიერთშეხვედრა მოგებული აქვს, იქამდე კი "ლიონმა" ზედიზედ სამჯერ იძალა. ამ გუნდების ბოლო 10 ურთიერთდაპირისპირებაში 34 გოლი გავიდა...

"ლორიანს" ჩემპიონატის უკანასკნელი 9 შეხვედრიდან 5 მოგებული აქვს, ამას თასზე გამარჯვებაც ემატება. მოკლედ, ბრეტანელები კარგ ფორმაში არიან, მაგრამ... მათი მეტოქე "პარი სენ-ჟერმენია".

ესეკიელ ლავეციმ და ანხელ დი მარიამ არგენტინის ნაკრებში ითამაშეს კარგად, ედინსონ კავანიმ ურუგვაისთან ერთად მიაღწია წარმატებას, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შვედეთი გაიყვანა ევროპის ჩემპიონატზე... ასე რომ, პსჟ-ის ფეხბურთელები ორმაგად შემართულები იქნებიან და ტრაგედიის ფონზეც ეცდებიან გუნდის გახარებას.

თითქოს ცოტა გამოღვიძებულმა "მონაკომ" წინა ტურში ისევ წააგო და ახლა ცხრილში თავის მეზობელ "ნანტს" უნდა აჯობოს "ლუი მეორეზე". მონეგასკების მძლეველი "ბორდო" "რენს" სტუმრობს. კორსიკული დერბი იქნება "ბასტიასა" და "გაზელეკ აიაჩოს" შორის.

ხოლო კაენში ძალიან უცნაური მატჩი გაიმართება - ვინმეს რომ ეთქვა, მე-14 ტურში "კაენი"-"ანჟერის" შეხვედრა მესამე-მეოთხე ადგილებზე მყოფი გუნდების დაპირისპირება იქნებაო, სხვა, ალბათ, ბოლოდან მესამე-მეოთხე ადგილებს იგულისხმებდა... მოკლედ, საინტერესო დუელი იქნება, ისევე, როგორც ჯაბა კანკავას "რეიმსის" სტუმრობა "მონპელიესთან".

რეიმსელებმა კარგი სტარტის მერე მიჯრით 6-ჯერ წააგეს, თანაც აქედან 4 შემთხვევაში გოლიც კი ვერ გაიტანეს და ახლა ქულები სჭირდებათ. ჯაბა მწყობრშია, მაგრამ გუნდს, წესით, ისევ არ ეყოლება პრინს ონიანგი, ანტუან კონტე და მოჰამედ ფოფანა, რაც დიდი დანაკლისია.

"ტულუზს" პირველი მატჩის მერე, ანუ 12 ტურია, არ უმარჯვია. გუნდი "გენგამს" ეწვევა, რომელსაც ოთხთამაშიანი მოუგებელი სერია აქვს. "სტად დუ რუდურუზე" საღიღინოდ არავის ეცლება, ეს კლასიკური ექვსქულიანი მატჩია.

გამარჯვების გარეშე მხოლოდ "ტრუა" შემოგვრჩა, რომელიც "ლილს" მასპინძლობს და ეგებ, ამჯერად მაინც გამოუვიდეს 3 ქულის აღება.

დასკვნითი და ცენტრალური შეხვედრა კი "ჟოფრუა გიშარზეა", იქ "სენტ ეტიენი" "მარსელს" სტუმრობს. "მწვანეები" 11 ტურია, არავის დაზავებიან, ხოლო მარსელელებს ბოლო 9 თამაშში მხოლოდ ერთი ფრე აქვთ.

სავარაუდოდ, ეს შეხვედრაც უკომპრომისო იქნება, ორივე მოგებაზე ითამაშებს. ისე, ამ კლუბების ბოლო 11 ურთიერთშეხვედრიდან არც ერთში არ უმარჯვია სტუმარს.

ლიგა 1. XIV ტური
პარასკევი. 20 ნოემბერი
ნიცა-ლიონი 23:30

შაბათი. 21 ნოემბერი
ლორიანი-პსჟ 20:00
მონაკო-ნანტი 23:00
გენგამი-ტულუზი 23:00
ტრუა-ლილი 23:00
მონპელიე-რეიმსი 23:00
ბასტია-გაზ. აიაჩო 23:00

კვირა. 22 ნოემბერი
კაენი-ანჟერი 17:00
რენი-ბორდო 20:00
სტ. ეტიენი-მარსელი 00:00

ბომბარდირები:
9 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), ბილე მუკანჯო (ლორიანი); 8 - მიში ბატშუაი (მარსელი); 7 - ატემ ბენ არფა (ნიცა), ედინსონ კავანი (პსჟ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული