"ფრანს ფუტბოლი" - როცა მატუიდი პოგბასა და გრიზმანზე უკეთესია

AutoSharing Option
"ფრანს ფუტბოლმა" ბევრისათვის გასაკვირი არჩევანი გააკეთა - საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელად ბლეზ მატუიდი დასახელდა. მატუიდიმ აჯობა ფრანგული ფეხბურთის უპირველეს ვარსკვლავებს, პოლ პოგბასა და ანტუან გრიზმანს.

როცა ამ ზაფხულს "პარი სენ-ჟერმენმა" ანხელ დი მარია იყიდა, ყველამ ჩათვალა, რომ დი მარია ძირითად შემადგენლობაში ადგილს სწორედ მატუიდის წაართმევდა. არა იმიტომ, რომ ბლეზი ცუდად გამოიყურებოდა; უბრალოდ, იმიტომ, რომ ის არასოდეს ღირებულა 60 მილიონი ევრო.

პასუხი დიდებული იყო. სეზონის პირველ 7 შეხვედრაში მატუიდიმ 4 გოლი გაიტანა. არადა, მას შეტევების დაგვირგვინება სულაც არ ევალება. მან სექტემბერში ორჯერ
გაიტანა საფრანგეთის ნაკრებში.

სერბეთთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული გუნდის დამრიგებელმა დიდიე დეშამმა განაცხადა, რომ ბლეზი თვისობრივად ახალ, უფრო მაღალ დონეზე გავიდა.

მატუიდის საფეხბურთო ნიჭი ჯერ კიდევ "სენტ ეტიენში" გამოჩნდა. "პარი სენ-ჟერმენმა" ის 2011 წელს იყიდა. ფეხბურთელში პარიზელებმა 8 მილიონი ევრო გადაიხადეს. მატუიდის კლოდ მაკელელე უნდა შეეცვალა, რომელმაც დიდი ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა.

მატუიდიმ მინდვრის ცენტრში შესანიშნავი წყვილი შექმნა მარკო ვერატისთან და ტიაგო მოტასთან. მან ძირითადში დამკვიდრების შანსი არ მისცა იოან კაბაის, ვინც იძულებული გახდა, ინგლისში დაბრუნებულიყო.

2014 წელს მატუიდი კინაღამ ინგლისში აღმოჩნდა. მისი გადაბირება "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა, დევიდ მოიესმა მოიწადინა.

"ჩვენ გვჭირდებოდა მატუიდი, რათა გუნდის თამაში კიდევ უფრო ენერგიული გამხდარიყო. მას მეტწილად მარცხენა ფლანგზე უნდა ემოქმედა", - თქვა მოგვიანებით ფილ ნევილმა.

"სენ-ჟერმენმა" ლიდერი არ გაყიდა. კლუბმა და ფეხბურთელმა ახალ კონტრაქტზე ძალიან სწრაფად მოილაპარაკეს.

მატუიდის გადაბირება სხვადასხვა დროს უნდოდათ "ჩელსის" და "ევერტონს". ფრანგები გუნდის ლიდერს ვერ შეელიენ. მატუიდი ახლა 28 წლისაა. ის ისეთ ასაკშია, რომ ფორმის პიკს სულ მალე მიაღწევს და საფრანგეთის ნაკრების ლიდერთაგანი იქნება ევროპის მომავალ ჩემპიონატზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული