ლიგა 1. XX ტურის წინ: რით გაგვაკვირვებს პსჟ მეორე წრეში?

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენი" პირველი წრის მერე, ანუ 19 ტურში ამდენივექულიანი უპირატესობით ლიდერობს. იშვიათია, შუა სეზონში ასეთი უპირატესობა ჰქონდეს ლიდერს. რა თქმა უნდა, აქ მოწინავე საფეხბურთო პირველობებს ვგულისხმობთ.

პარიზელებს ყველაზე მეტი გოლი აქვთ გატანილი და ყველაზე ცოტა გაშვებული, ბურთების სხვაობა ფენომენალურია - +39. რას შეიძლება ელოდოს "პარკ დე პრენსზე" საბრალო "ბასტია", თავად განსაჯეთ, კორსიკელებს გასვლაზე თამაში ისედაც უჭირთ ხოლმე.

თუ პსჟ ერთადერთი წაუგებელი კლუბია, ლიგა 1-ში გვყავს კინკილა მოუგებელიც, უკვე გამოტირებულ-ჩამოწერილი "ტრუა", რომელიც "ლიონს" სტუმრობს და "ჟერლანის" ბინადრებმა ამ შეხვედრაშიც თუ ვერ
იმარჯვეს... მეორე მხრივ, პარადოქსია, მაგრამ ლიონელებს ჩემპიონატის უკანასკნელ 6 შეხვედრაში იმდენი ქულა აქვთ აღებული (1), რამდენიც "ტრუამ" წინა ტურში და საერთოდ, ამ კლუბს ზედიზედ 3 შეხვედრაა, არ წაუგია, ფრეები მიაყოლა და მერე თასზეც იმარჯვა დამატებით დროში.

თასზე "ლიონმაც" იხეირა, სამოყვარულო გუნდს 7:0 მოუგო და კარგი განწყობა შეიქმნა. ამჟამად კლუბი მე-9 ადგილზეა, რაც კატასტროფული შედეგია მისთვის. პირველი წრის ჩაგდებას უბერ ფურნიე შეეწირა. ვნახოთ, რას იზამს მისი შემცვლელი ბრუნო ჟენესიო, რომელიც "ლიონის" მეორე გუნდიდან დააწინაურეს.

სეზონის ორი აღმოჩენა "ანჟერი" და "კაენი" ერთმანეთში გაარკვევენ ურთიერთობას. მეორე ადგილზე გადასული "მონაკო" თავის "ლუი მეორეზე" 9-ტურიანი წაუგებელი სერიით (6 მოგება, 3 ფრე) თავმომწონე "გაზელეკ აიაჩოს" დაუხვდება.

მაღლა აცოცებული "ნიცა" ფორმაში შესულ "ლილს" სტუმრობს. მძიმე გასვლა აქვს ევროთავგადასავლის მაძიებელ "სენტ ეტიენსაც", რომელიც "ნანტს" ეწვევა. "იადონებს" მიჯრით 5 ფრე აქვთ და 7 ტურია, არ უმარჯვიათ.

მოხსნის პირას მყოფი ვილი სანიოლი "ბორდოს" "მონპელიესთან" საპაექროდ ჩაიყვანს, ხოლო ჯაბა კანკავას "რეიმსი" შედარებით გამოფხიზლებულ "ტულუზს" მასპინძლობს. ინტერესს იწვევსა "რენისა" და"ლორიანის" ბრეტანული დერბიც.

ტურის ბოლო მატჩი კი "ველოდრომზეა", სადაც ოდნავ ფერზე მოსული "მარსელი", რომელსაც ყველა ტურნირის ჩათვლით 10 შეხვედრაა არ წაუგია, უფერულ "გენგამს" ეკვეთება. ბრეტანელებს ძალიან გაუმართლათ, რომ ბოლო 2 ტურში ტულუზელები ფრეებს დასჯერდნენ, თორემ უკვე გასავარდნ ზონაში იქნებოდნენ. ჟოსელინ გურვენეკის ამალა ისევ კრიზისშია და ზედიზედ 5 ტურია აგებს.

8 იანვარი
პსჟ-ბასტია 23:30

9 იანვარი
ლიონი-ტრუა 20:00
ანჟერი-კაენი 23:00
მონაკო-გაზ. აიაჩო 23:00
მონპელიე-ბორდო 23:00
რეიმსი-ტულუზი 23:00
რენი-ლორიანი 23:00

10 იანვარი
ნანტი-სტ. ეტიენი 17:00
ლილი-ნიცა 20:00
მარსელი-გენგამი 00:00

ბომბარდირები: 15 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 11 - ბილე მუკანჯო (ლორიანი), მიში ბატშუაი (მარსელი); 10 - ედინსონ კავანი (პსჟ); 7 - ატემ ბენ არფა (ნიცა), ვალერი ჟერმენი (ნიცა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული