ლიგა 1. XXIII ტურის წინ: დაუცდება ფეხი პსჟ-ს "ჟოფრუა გიშარზე"?

AutoSharing Option
ლიგის ერთპიროვნული ლიდერი საფრანგეთის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს, "სენტ ეტიენს" სტუმრობს. ტურის ცენტრალურ მატჩს ერთი დიდი ნაკლი აქვს, პსჟ მასპინძლებს 27 ქულით უსწრებს.

საფრანგეთის ლიგის თასის ფინალში გასვლით ფრთაშესხმული "ლილი" "ველოდრომზე" "მარსელთან" საჭიდაოდ ჩადის. დიახ, ლილელთა თამაშს უფრო ჭიდაობა შეეფერება. 22 ტურის მერე გუნდს მხოლოდ 17 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით ოდენ ბოლოადგილოსან "ტრუას" უსწრებს, ისიც მხოლოდ ბურთით.

სამაგიეროდ, "ლილზე" ნაკლები ოდენ "პარი სენ-ჟერმენს" აქვს გაშვებული - 10 გოლი. ამ მხრივ, მერე სწორედ ლილელები და "ანჟერი" მოდიან 18-18 მიღებული ბურთით.

ფრედერიკ ანტონეტის გუნდს 10 ფრე აქვს, მარსელელებს კი - 9... ყველაზე პროგნოზირებადი ამ კლუბებს შორის ზავია, მაგრამ "მარსელს" ზედიზედ სამჯერ ჰყავს "ლილი" დამარცხებული და მიჩელი ახლაც მოსაგებად ითამაშებს, ევროზონა არც ისე შორსაა. აღსანიშნავია, რომ "მარსელს" 15 მატჩია, ძირითად დროში შეხვედრა არ წაუგია და ბოლო 19 თამაშიდან ოდენ 1 დათმო.

"ანჟერი" ვახსენეთ და ერთ დროს მე-2 ადგილზე მყოფი კლუბი ახლანდელ მეორეადგილოსან "მონაკოს" მასპინძლობს. მონეგასკებს სურთ, პოზიციები გაიმყარონ და ამ თამაშში 3 ქულას უმიზნებენ. თანაც, ანჟერელებმა აურიეს, უკანასკნელი 4 მატჩიდან 3 წაგებული აქვთ.

"ტრუას" მოგება ეღირსა, მაგრამ სულ 11 ქულა აქვს და უსაფრთხო ზონას ამდენი ქულითვე ჩამორჩება. ასე რომ, თუ გუნდი გადარჩენაზე კიდევ სერიოზულად ოცნებობს, სულ მინიმუმ, "ნანტს" შინ უნდა მოუგოს. არადა, "იადონებს" უკვე 10 მატჩია, არ წაუგიათ - უშუალოდ ლიგა 1-ში 8 ტურია და აქედან 7 შეხვედრა ფრედ დაასრულეს...

ხუთი ტურია არ მოუგია "ლორიანს", ხოლო 6 ტურია არ უმარჯვია "რეიმსს". ეს გუნდები ახლა ერთმანეთში არკვევენ ურთიერთობას. რეიმსელებმა არ უნდა წააგონ, თორემ ჯაბა კანკავა და კომპანია ლამის გასავარდნ ზონაშია.

"გაზელეკ აიაჩოს" წინა ტურში ბოლო წამზე ავტოგოლით შეუწყდა 11-ტურიანი წაუგებელი სერია და ამ ტრაგედიის დავიწყებას "მონპელიესთან" ჯავრის ამოყრით შეეცდება, თანაც მონპელიელებს მიჯრით 4 წაგება აქვთ და გასავარდნი ზონის მიჯნაზე არიან, მეხუთეც თუ მიაყოლეს, ხოლო "ტულუზმა" შინ ასევე გადარჩენისთვის მებრძოლ "გენგამს" მოუგო... სიტუაციის დაძაბვა მერე ნახეთ.

ამასობაში, "მონპელიეს" ახალი მწვრთნელიც დაუნიშნეს - 49 წლის ფრედერიკ ჰანტცი - რომელიც 2010-14 წლებში "ბასტიაში" მუშაობდა.

კორსიკა ყურადღების ცენტრში "ლიონის" გამოც იქნება, რომელიც ნახსენებ "ბასტიას" სტუმრობს და ისევ კრიზისის დაძლევის მცდელობაშია. მ სეზონში პრეტენზიული "კაენი" "ნიცას" მასპინძლობს. კლოდ პუელმა თავისიანები მესამე საფეხურამდე ააცოცა და იქიდან ჩამოსკუპება სულაც არ სურს.

ნიცელთა ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი "რენია", რომელიც სტაბილურად ათამაშდა, მაგრამ ფილიპ მონტანიეს ახლა სერიოზული გამოცდა აქვს ჩასაბარებელი, თუნდაც არც ისე კარგ ფორმაში მყოფი "ბორდო" "შაბან დელმაზე" კარგი ტესტი უნდა იყოს.

"სენტ ეტიენი" ისევ გამწარებით იბრძვის სამეულისთვის და ისევ რაღაც აკლია, მაგრამ კრისტოფ გალტიეს გუნდს ჟინს და შემართებას ვერ წაართმევ, ხოლო "ჟოფრუა გიშარის" პუბლიკას - საოცარი ატმოსფეროს შექმნის უნარს. მეორე მხრივ, "მწვანეების" მეტოქე მრისხანე "პარი სენ-ჟერმენია" და ისინი დანდობას არ უნდა ელოდონ.

ლორან ბლანის გუნდს რეალურად უკვე განაღდებული აქვს ჩემპიონობა, მაგრამ დანარჩენებზე იმდენად ძლიერია, რომ მაინც ყველასთან ცალი ფეხით მოგება გამოსდის. თუმცა ერთიცაა, სადღაც ფეხი ყველას უცდება და ეგებ...

29 იანვარი
მარსელი-ლილი 23:30

30 იანვარი
ანჟერი-მონაკო 20:00
ტრუა-ნანტი 23:00
ლორიანი-რეიმსი 23:00
გაზ. აიაჩო-მონპელიე 23:00
ბასტია-ლიონი 23:00
ტულუზი-გენგამი 23:00

31 იანვარი
კაენი-ნიცა 17:00
ბორდო-რენი 20:00
სტ. ეტიენი-პსჟ 00:00

ბომბარდირები: 17 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 12 - მიში ბატშუაი (მარსელი); 11 - ბილე მუკანჯო (ლორიანი); 10 - ედინსონ კავანი (პსჟ), ატემ ბენ არფა (ნიცა); 8 - ანხელ დი მარია (პსჟ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული