ლიგა 1. XXVIII ტურის წინ: ვისთვის სეირნობა, ვისთვის ომი

AutoSharing Option
"ლიონისა" და პსჟ-ის დაპირისპირება, მიუხედავად სატურნირო მდგომარეობისა (დედაქალაქელები მეტოქეს 34 ქულით(!) უსწრებენ), საფრანგეთში ყოველთვის მოვლენაა და ასე იქნება ახლაც. ტურს სწორედ ცენტრალური მატჩი დააგვირგვინებს.

მიუხედავად იმისა, რომ "ნიცას" 3 მატჩია, არ მოუგია, კლოდ პუელის გუნდი მე-3 ადგილს ინარჩუნებს, მაგრამ ლიგა 1-ში ისეთი სიმჭიდროვეა (მაგალითად, მეთერთმეტეადგილოსანი "მარსელი" ნიცელებს სულ 5 ქულით ჩამორჩება), რომ თუ "ალიანც რივიერას" ბინადრებმა ამჯერადაც ვერ იძალეს, აუცილებლად ჩამოქვეითდებიან. მეტოქე, თითქოს, არც ისე ძლიერი "ბასტიაა", მაგრამ კორსიკელებს უკანასკნელი 4 მატჩიდან 3 მოგებული აქვთ.

მშვენიერ ფორმაში არიან "მონპელიე" და
"ლილიც", რომლებიც ერთმანეთში დაძაბულ და სავარაუდოდ, ძალიან "ჩაკეტილ" მატჩს გამართავენ. "გენგამი" ცუდი სერიისთვის წერტილის დასმას "ანჟერთან" საშინაო შეხვედრაში შეეცდება, ხოლო "ტრუა" ერთხელაც გაიბრძოლებს - "ლორიანთან" მატჩში.

ჯაბა კანკავა და მისი მეგობრები "ბორდოს" დაუხვდებიან. "რეიმსს" მეტი თავდაჯერებისთვის მოგება არ აწყენდა, მაგრამ ჟირონდელები ევროზონისთვის იბრძვიან და ქულები მათაც ესაჭიროებათ.

"ტულუზს" მოუგებელი სერია გაუგრძელდა და თუ ჭაობიდან ამოძრომა სურს, "რენი" უნდა დაამარცხოს. თანაც უშუალო კონკურენტ "გაზელეკ აიაჩოს", რომელიც ისევ კრიზისშია, "მარსელის" სახით სახუმარო მეტოქე არ ჰყავს და დიდი შანსია, ქულები დაკარგოს.

ტრადიციულად, სამეულისთვის თავგანწირვით მებრძოლი "სენტ ეტიენი" "ჟოფრუა გიშარზე" "კაენის" წაქცევას ისახავს მიზნად. კაენელებს 27 მატჩში ყველაზე ცოტა, მხოლოდ 3 ფრე აქვთ. მეტოქეებთან დაზავება იდეაში, არც "მწვანეებს" უყვართ. ახლა ორჯერ ზედიზედ კი აქვთ ფრე ნათამაშები, მაგრამ ჯამში სულ ხუთჯერ.

ყველა ტურნირის ჩათვლით, "ნანტს" 15 მატჩია, არ წაუგია და ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლის შანსიც კი გაუჩნდა. მიშელ დერ ზაქარიანის შეგირდებსა და "იადონების" ფანებს სურთ, რომ ოცნება გააგრძელონ და შესაბამისად, "მონაკოსთან" დიდ ომს გამართავენ. მონეგასკები კი უახლოეს მდევრებთან 8-ქულიანი უპირატესობით მეორე ადგილზე თავს კომფორტულად გრძნობენ და სადღაც ფრეც შეიძლება მისაღებ შედეგად ჩაითვალოს ამ შემთხვევაში.

"ჟერლანზე" კი "ლიონს" იმის იმედი ექნება, რომ 34 ქულით წინ გაქცეული "პარი სენ-ჟერმენი" ბოლომდე დახარჯვას არ ისურვებს და ფიქრებით ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსისთან" საპასუხო მატჩში იქნება, რომლამდეც ჯერ დროა, მაგრამ ლორან ბლანი მაინც დაზოგავს ძალებს. თუმცა ეს ლიონელებს არაფრის გარანტიას არ აძლევს.

26 თებერვალი
ნიცა-ბასტია 23:30

27 თებერვალი
მონპელიე-ლილი 20:00
გენგამი-ანჟერი 23:00
ტრუა-ლორიანი 23:00
რეიმსი-ბორდო 23:00
ტულუზი-რენი 23:00

28 თებერვალი
ნანტი-მონაკო 17:00
სტ. ეტიენი-კაენი 20:00
გაზ. აიაჩო-მარსელი 20:00
ლიონი-პსჟ 00:00

ბომბარდირები: 23 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 13 - მიში ბატშუაი (მარსელი); 12 - ბილე მუკანჯო (ლორიანი), ედინსონ კავანი (პსჟ); 11 - ატემ ბენ არფა (ნიცა); 10 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 9 - ანხელ დი მარია (პსჟ), ენდი დელორი (კაენი); 8 - ვისამ ბენ იედერი (ტულუზა), ვალერი ჟერმენი (ნიცა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული