ყველაფერი ფეხბურთელთა ხელშია

AutoSharing Option

2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებისგან საფეხბურთო ექსპერტები ბევრს არაფერს ელოდნენ, მაგრამ ის, რაც ამ გუნდს დაემართა, საყოველთაო აღიარებით, მაინც მოულოდნელი იყო. შიდა დაპირისპირებებმა ამლების ბანაკს დაატყო თავისი მსახვრალი ხელი - გუნდი ჯგუფში უკანასკნელ ადგილზე გავიდა, თანაც ისე, რომ ერთი თამაშის მოგებაც ვერ მოახერხა. ასეთი ჩავარდნის შემდეგ რაიმონ დომენეკს თანამდებობა დაატოვებინეს. ყველასგან მოძულებული მწვრთნელის ადგილას კი 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონთა კაპიტანი ლორან ბლანი დაინიშნა. ადამიანი, რომელმაც თავისი სამწვრთნელო კვალიფიკაცია ბორდოში მუშაობისას დაამტკიცა. ფრანგები ამჟამად ფიფა-კოკა კოლას რეიტინგში მე-19 საფეხურზე იმყოფებიან.
ეს, რა თქმა უნდა, მათ თავმოყვარეობაზე უარყოფითად მოქმედებს. ბლანის სამწყსოს ხვალ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ბრაზილიელები ''სენ დენიზე'' ნამდვილ გამოცდას მოუწყობენ. ამ შეხვედრის წინ ლორან ბლანი ფიფას ოფიციალურ საიტს ელაპარაკა.

- მოსიე ლორან, მოდი, ბრაზილიასთან გამოძახებული 23-კაციანი სიით დავიწყოთ. კოშელნის ნაკრებში ხმობა მოულოდნელი იყო.
- ლორანი კარგი ფეხბურთელია და მას სეზონის დაწყებიდან, ანუ ''არსენალში'' გადასვლის დღიდან ვაკვირდებოდი. კოშელნიმ ყურადღება თავისი თამაშით მიიქცია. რაღაც პერიოდის შემდეგ უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ იმსახურებდა ნაკრებში გამოძახებას, თუნდაც სიტუაციასთან შესაგუებლად. მერე რა, რომ ჯერ კიდევ 3 წლის წინ საფრანგეთის მესამე დივიზიონში ასპარეზობდა? ლორანმა სწრაფი პროგრესი განიცადა და არსენ ვენგერის ხელში პროფესიული ზრდის მეტი შანსი აქვს. მე მომწონს ამ ფეხბურთელის მინდვრის ხედვა და ბურთის დაჭერის უნარი.

- გუნდში არის სხვა სიურპრიზებიც. რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი გამოიძახეთ, რომლებიც არ არიან ფორმაში. რატომ?

- გამოძახებით რამდენიმე მათგანისთვის მინდოდა მიმენიშნებინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცუდად თამაშობენ, თუკი სანაკრებო ატმოსფერო მათში თავდაჯერებას გააღვიძებს, მზად ვარ, ეს შანსი მივცე. მათ ყოველთვის შეუძლიათ ჰქონდეთ ჩემი მხარდაჭერის იმედი.

- როცა თანამდებობაზე დაინიშნეთ, განაცხადეთ, რომ არ იცოდით რამდენი ხანი დაგჭირდებოდათ გუნდის ასაღორძინებლად. ახლა თუ გაქვთ ამ შეკითხვაზე პასუხი?
- ეს ყველაფერი ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. პასუხის გაცემა მხოლოდ მათ შეუძლიათ. ეს შეკითხვა ყველას აწუხებს და იმედია, სწორ პასუხებს მალე იპოვიან.

- ბრაზილიასთან თამაში ყოველთვის გამოცდას ჰგავს, თუნდაც ეს მატჩი ამხანაგური იყოს. ფიქრობთ, რომ თქვენი გუნდი ამ გამოცდისთვის მზადაა?
- რა თქმა უნდა, ეს იქნება ურთულესი თამაში. ჩემთვის ბრაზილია ფეხბურთის მექაა, რადგან წლიდან წლამდე ამ ქვეყანაში უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი იბადება. მათ წინააღმდეგ თამაშის პატივი ხშირად არ გვაქვს - მხოლოდ ამხანაგურ შეხვედრებსა თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე. ეს ჩემს ფეხბურთელებსაც ესმით და რასაკვირველია, სხვა შეხვედრებზე მეტად მოინდომებენ.

- ეს სულ სხვა სახის დაპირისპირება იქნება, არა ისეთი, ფიზიკურად ძლიერ ინგლისთან რომ გქონდათ ნოემბერში.
- ბრაზილიელები სხვა სტილში ირჯებიან და საინტერესო იქნება მათზე დაკვირვება. უნდა ვეცადოთ, რომ ისინი წნეხში მოვაქციოთ, რისი გაკეთებაც ძალიან ძნელი იქნება. თუმცა ფეხბურთის ხიბლი სწორედ ის არის, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

- განსხვავებით ბევრი ყოფილი მცველისგან, თქვენ მწვრთნელობისას შემტევ ტაქტიკას ანიჭებთ უპირატესობას.

- ყველაზე მეტად ფეხბურთში რასაც ვეძებ, ეს არის ბალანსი. მე არ ვარ თავზე ხელაღებული სპეციალისტი, თუმცა მიყვარს, როცა ბურთს ჩემი გუნდი ფლობს და მეტოქისთვის თამაშის პირობების კარნახსა და გოლების გატანას ცდილობს. ჩემმა ნებისმიერმა შეგირდმა ძალისხმევა საერთო საქმისკენ უნდა მიმართოს. სწორედ გუნდურობა აძლევს ფეხბურთს თავის ხიბლს. ჩვენ ძალიან ამბიციურები ვართ და ეს ამბიცია მუდამ უნდა გვახსოვდეს. ჩემს განკარგულებაში რამდენიმე ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია. მე ბოლომდე არც კი ვიცნობ მათ პოტენციალს და წარმოდგენა არ მაქვს, რამდენს შესწვდებიან ისინი. ერთადერთ რამეზეც გული მწყდება, მანდვილად არ გვაქვს იმდენი დრო, რომ ისინი ერთად ვავარჯიშოთ და სანაკრებო პროგრესს ამ გზით მივაღწიოთ.

- რომელ მატჩში დარჩით ყველაზე მეტად კმაყოფილი საკუთარი გუნდის ასპარეზობით?
- ბოსნიაში მოგებული მატჩში (2:0 ფრანგების სასარგებლოდ.რედ.), რადგან რამდენიმე დღით ადრე ჩვენ საშინაო შეხვედრაში ბელარუსებთან დასანანი მარცხი გვქონდა ნაწვნევი. მართალია, ბოსნიაში ბიჭების თამაშს ბრწყინვალე არ ერქვა, მაგრამ მონდომება კი ნამდვილად ეტყობოდათ, მათ სურდათ დაემტკიცებინათ, რომ უკეთეს დონეზეც შეეძლოთ თამაში. ჩემი გუნდის თამაშში რამდენიმე უცნობი შტრიხი დავიჭირე. ხსენებული მატჩის უმეტეს ნაწილს ჩვენ ვაკონტროლებდით. ერთი სიტყვით, შევძელით მეტოქისთვის ჩვენი თამაშის თავზე მოხვევა.

- საფრანგეთს საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გავლის შესანიშნავი შანსი აქვს. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის?
- რამდენიმე რთული დაპირისპირება უკვე გადავიტანეთ და რამდენიმე კიდევ წინ გველის. როცა დიდების გზას გსურთ დაუბრუნდეთ, ყველაფერი გეგმის მიხედვით არასოდეს გამოდის. სწორედ ამიტომ არის ბრაზილიასთან შეხვედრა ასეთი მნიშვნელოვანი. ჩვენ პროგრესი უნდა განვაგრძოთ და ლუქსემბურგთან 25 მარტის თამაშისთვის უფრო გავძლიერდეთ. უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში ყველაზე სუსტი მატჩი ჩვენ სწორედ მათ წინააღმდეგ ჩავატარეთ და ეს რა თქმა უნდა არ დაგვვიწყებია.

- თქვენი აზრით რა არის მწვრთნელის შრომის მთავარი დანიშნულება?
- ჩემი საქმეა, დავაგროვო გამოცდილება და გავუზიარო ის ჩემს შეგირდებს, რათა მათ ამით გაუიოლდეთ დავალებების შესრულება. როგორც მწვრთნელმა ნამდვილად ვიცი, რომ ფეხბურთელებისთვის დახარჯულ ენერგიას უკან ვერ დავიბრუნებ, მაგრამ იმ ცოტას, რასაც ვიღებ, ჩემთვის საკმარისია.

- რამდენიმე სიტყვით დაგვიხასიათეთ კარიმ ბენზემა, ფეხბურთელი, რომლისადმი ნდობას თქვენ მუდმივად გამოხატავთ.
- ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და ამის მიუხედავად, ამჟამად საფრანგეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია. ის წარმოუდგენლად დიდი ტალანტის პატრონია. სწორედ ამიტომ ვამტკიცებ, რომ მას თავისი პოტენციალი ჯერ ბოლომდე არ გამოუვლენია. ჯერ კიდევ ჩემს წინამორბედებს უნდა მიეცათ მისთვის იმის შანსი, რომ კარიმს ყველაფერი ეჩვენებინა, რისი შემძლეც იყო.

- რას იტყოდით საფრანგეთის U-20 ნაკრებზე, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი მოიგო და ამ ზაფხულს თავის კონტინენტს კოლუმბიაში გასამართ მსოფლიოს პირველობაზე წარადგენს.
- მინდა ვთქვა, რომ მშვენიერი თაობაა. ამ ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ. ერთია, რომ მხოლოდ რამდენიმე მათგანს აქვს დიდ ევროპულ გუნდში თამაშის რეგულარული პრაქტიკა. ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემაა. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია და კონკრეტულად მეც, ვაპირებთ, ნიჭიერ ყმაწვილებს გადაწყვეტილებების მიღებაში დავეხმაროთ. იმედი მაქვს, ისინი ამიერიდან ბევრად უფრო მეტს ითამაშებენ.

- დაბოლოს, საფრანგეთი-ბრაზილიის დაპირისპირება მუდამ ასოცირდება 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალთან. მართალია, დისკვალიფიკაციის გამო ის შეხვედრა გამოტოვეთ, მაგრამ მაინც გაიხსენეთ ის განცდები, რაც იმ საღამომ დაგიტოვათ.
- მხოლოდ კარგი მოგონებები შემომრჩა, რადგან საფრანგეთმა ის შეხვედრა მოიგო. ფეხბურთი მეტად გუნდური სპორტია და მთავარი ის არის, როცა ერთიანი მიზანი იმარჯვებს იმის მიუხედავად, კონკრეტული ფეხბურთელები რა დოზით მონაწილეობდნენ ამ მიზნის მიღწევაში.

ლევან ბიბილაშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული