დრაქსლერი პსჟ-ში: "ვოლფსბურგს" 42 მილიონი, გერმანელს 12 მილიონი წელიწადში

AutoSharing Option
იულიან დრაქსლერის "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლა გადაწყდა და ნელ-ნელა ტრანსფერის სხვადასხვა დეტალი ხდება ცნობილი.

ყველაფერი ბოლომდე ოფიციალურ სახეს იანვარში მიიღებს და 23 წლის გერმანელს მინდორზე პარიზელთა მაისურით მალე ვნახავთ.

თავდაპირველად ამბობდნენ, რომ პსჟ "ვოლფსბურგს" 36 მილიონ ევროზე გაურიგდა, ანუ ზუსტად იმ თანხაზე, რამდენიც 2015 წლის ზაფხულში "მგლებმა" გელზენკირხენის "შალკეს" გადაუხადა, მაგრამ ახლა როგორც ირკვევა, დრაქსლერი პარიზელებს 42 მილიონი ევრო დაუჯდებათ. პლუს, პსჟ-ს შესაძლოა, 6 მილიონის დამატება მოუხდეს ბინუსების სახით.

ცნობილი გახდა დრაქსლერის ხელფასის ოდენობაც - გერმანელი შემტევი თვეში მილიონ ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ დრაქსლერის ხელში ჩაგდება "არსენალს" და "ლივერპულსაც" სურდათ, ხოლო წინა ზაფხულს, "ვოლფსბურგში" გადასვლამდე მას ტურინის "იუვენტუსი" ეპატიჟებოდა.

დრაქსლერს "მგლებში" წინა სეზონი კარგი ჰქონდა, მაგრამ მიმდინარეში არც კლუბისთვის და არც პირადად მისთვის საქმე კარგად არ აეწყო. დრაქსლერმა დიდი ხნის წინ თქვა, რომ "ვოლფსბურგის" დატოვებას აპირებდა, მაგრამ ბოლო პერიოდში მასსა და უფროსობას შორის სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა. იულიანი შემადგენლობიდან მოკვეთილიც კი იყო.

პარიზელებზე ვსაუბრობთ და აქვე ისიც ვთქვათ, რომ "პარკ დე პრენსზე" ახალი ვარსკვლავის გამოჩენის მერე შესაძლოა, ერთ-ერთი ძველი ვარსკვლავი წავიდეს. 28 წლის ანხელ დი მარიას აგენტები ჩინურ კლუბთან აწარმოებენ მოლაპარაკებას.

არგენტინელის აგენტი ჟორჟე მენდეში ცდილობს, მორიგი სარფიანი ტრანსფერი გაჩარხოს. აზიელები დი მარიასაც დიდ ფულს სთავაზობენ და პსჟ-საც. საბოლოო ჯამში, ალბათ, თავად დი მარიას გადასაწყვეტი იქნება, ამ ასაკში დატოვოს ევროპა თუ არა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული