ხუან სებასტიან ვერონი - ასე ბრუნდებიან ლეგენდები...

AutoSharing Option
ჩვენ გვინახავს არაერთი მოთამაშე-მწვრთნელი, აი, მოთამაშე-პრეზიდენტის ნახვა კი გვარიანი იშვიათობაა. ასეთი ჰყავს არგენტინულ "ესტუდიანტესს". თანაც, სახელსაც ხომ გააჩნია - ლეგენდარული ხუან სებასტიან ვერონი.

დიდებული არგენტინელი ნახევარმცველი, რომელსაც სხვადასხვა დროს უთამაშია "სამპდორიაში", "პარმაში", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ჩელსიში", მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. 2014 წელს ვერონი "ესტუდიანტესის" მოთამაშის რანგში შეეშვა ფეხბურთს, თუმცა იქვე დადო პირობა, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა, თუ გულშემატკივრები შეიძენდნენ სტადიონზე მშენებარე ლოჟის ადგილების 65 პროცენტს.

მოვიდა დანაპირების შესრულების დრო და 41 წლის ხუან სებასტიან ვერონმა კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. დაბრუნება შედგა
ორლანდოში მიმდინარე "ფლორიდის თასზე". ვერონი სასტარტო შემადენლობაში იყო ბრაზილიურ "ბაიასთან" შეხვედრაში. მან მინდორზე პირველი ტაიმი გაატარა.

ის მატჩი "ესტუდიანტესმა" 1:0 მოიგო. საინტერესოა, რას ფიქრობს ვერონი. ახლა მოვუსმინოთ ლეგენდარულ არგენტინელს. "თავს კარგად ვგრძნობდი თამაშის დროს. ვერ ვიტყვი, რომ დიდებულად, მაგრამ მართლა კარგად ვიყავი. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ ასე კარგად ვიქნებოდი.

რაღაც თვისებები რჩება და რაღაც იკარგება. რა თქმა უნდა, მე აღარ მაქვს ძველებური სისწრაფე, მაგრამ ამის კომპენსირება შეიძლება დიდი გამოცდილებით. ვაგრძელებ წვრთნას დიდი მონდომებით და მჯერა, რომ მინდორზე ჩემს კვალს დავტოვებ", - თქვა ვერონმა.

უკვე ცნობილია, რომ ვერონი მინიმალურ ხელფასს მიიღებს და მთელი ეს ფული "ესტუდიანტესის" უკეთესი ხვალინდელი დღისათვის დაიხარჯება. ეს ხუან სებასტიანის პირადი გადაწყვეტილებაა.

"თავის დროზე "ესტუდიანტესმა" ძალიან ბევრი გააკეთა ჩემთვის და ასე მგონია, რომ ამ კლუბის წინაშე ვალში ვარ. ეს ჩემი გადაწყვეტილება სხვა არაფერია, თუ არა კიდევ ერთხელ მადლიერების გამოხატვა იმ კლუბისა და იმ ხალხის მიმართ, ვინც მე გზა მიჩვენა დიდ ფეხბურთში.

თუ მე შემიძლია, მაგალითი ვიყო იმ ბიჭებისათვის, დღეს რომ აღებენ ჩვენი საკლუბო აკადემიის კარს, დაე, ვიყო. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. არანაკლები, ვიდრე ვგრძნობდი ევროპულ გრანდებში ასპარეზობის დროს.

ჩემი მიზანია, კარგად მომიგონონ, როცა წავალ. მე მინდა, ხალხმა ტაშით გამაცილოს. ეს იქნება ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო. მე მთელი კარიერის განმავლობაში სწორედ ამისთვის ვთამაშობდი.

არ არის იოლი მისია, მაგრამ ვგრძნობ, კიდევ შემიძლია ახალგაზრდებს რაღაც ვასწავლო. ეს გრძნობა არ მასვენებს და ძალიან მინდა, რომ ჩემი გამოცდილება გავცე. "ესტუდიანტესი" ჩვენი გულია.

მე მინდა, რომ ყველამ დამიმახსოვროს ისეთი, როგორიც რეალობაში ვარ. ჩვენ ყველა ბავშვობიდან მოვდივართ და ვალდებულებიც კი ვართ, რომ ძალიან უბრალოები ვიყოთ. ეს ჩვენი მოვალეობაა. მე არ მინდა მინდორზე პრივილეგია. პირიქით, მე სულ ბოლო ვიქნები, ოღონდ გუნდმა წარმატებას მიაღწიოს.

დღეს "ესტუდიანტესში" ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია. მათ უნდა ისწავლონ სწორად თამაში და განვითარება. მიმაჩნია, რომ ამისთვის რაღაც მეც შემიძლია გავაკეთო. ძველებურად ვგრძნობ ენერგიას და რატომ არ უნდა დავხარჯო ის მინდორზე? მოკლედ, დავბრუნდი და მაქსიმუმს გავიღებ კლუბის წარმატებისათვის. ამაზე საპატიო მიზანი ჩემთვის არ არსებობს. ჩვენ ყველანი დიდი კლუბის ნაწილნი ვართ. ეს თითოეულ მომენტში უნდა გვახსოვდეს", - განაცხადა ვერონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაზე მაგრად ამ კაცმა მაგარ ლაციოში დაგვამახსოვრა თავი ალეკო,გეხსენებინა მაინც :)
hala madrid
12:00 20-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული