მჩ 2018. შესარჩევი. ს.ამერიკა. XIV ტურის წინ: როცა უკანდასახევი გზა მოჭრილია

AutoSharing Option
სამხრეთ ამერიკაში წინ უმნიშვნელოვანესი ტურია, რომელიც 28 მარტს გაიმართება (საქართველოს დროით, უკვე 29 მარტი იქნება).

ტიტეს შეუჩერებელი ბრაზილია ფანებით გამხნევებული შეეცდება, ეკვადორის დამარცხებით აღმაფრენაში მყოფ პარაგვაის ფრთები დააჭრას. ჩილემ შინ ვენესუელას უცილობლად უნდა მოუგოს, მაგრამ ვენესუელელებზე მათი მოულოდნელი ბოლო ადგილით არ უნდა ვიმსჯელოთ, ამ გუნდს ბევრად მეტი შეუძლია, ვიდრე ეს ამ შესარჩევ ციკლში შედეგებიდან ჩანს. თუმცა ჩილელებს უკანდასახევი გზა, უბრალოდ, არ აქვთ.

ბოლივია შესაძლოა, ბოლოსწინაზეა, მაგრამ იქ თამაში როგორი რთულიც არის, იცით და არგენტინასაც მწარედ ახსოვს, მაგ
რამ სასწორზე ძალიან ბევრი რამ დევს და ედგარდო ბაუსას გუნდმა როგორმე სამი ქულა უნდა მოიპოვოს.

ჩილესთან მატჩში გონსალო იგუაინმა ყვითელი ბარათი მიიღო და "პიპიტას" დისკვალიფიკაციის გამო უწევს ბოლივიასთან სტუმრობის გამოტოვება. ედგარდო ბაუსას ერთ-ერთი ფავორიტი - ლუკას პრატო - დაშავებულია. სერხიო აგუერო ნაკრებში თავის ადგილს ვერაფრით პოულობს და მოკლედ, ბევრს ეგონა, რომ მაურო იკარდის ამჯერად მაინც დაუძახებდნენ. მით უმეტეს, ბაუსას ცოტახნისწინანდელი სიტყვების მერე, რომელიც როგორც ჩანს, პატივცემულმა ედგარდომ უკან წაიღო - აქაოდა, იგუაინსა და პრატოს რამე თუ დაემართათ, იკარდის დავუძახებო.

"ინტერის" ფორვარდი სერია "ა"-ში 20 გოლით იწონებს თავს, მაგრამ მან ისევ ვერ მიიღო მიწვევა და სანაცვლოდ, ბაუსამ "რივერ პლეიტის" 24 წლის თავდამსხმელ ლუკას ალარიოს უხმო. იკარდის დელიკატური საკითხის შესახებ მოგეხსენებათ - მან მაქსი ლოპესს ცოლი "წაართვა" და, როგორც ამბობენ, ლიონელ მესისა და მის ძმა-ბიჭებს მაუროს დანახვაც არ უნდათ. თუმცა ოფიციალურად ამას ყველა უარყოფს და მათ შორის, ბაუსაც.

"მე მას ველაპარაკე და ვუთხარი - მშვიდად იყავი, თუ იგუაინს ან პრატოს რამე დაემართება, დაგირეკავ-მეთქი. ის ბედნიერია და წყნარად ელოდება თავის შანსს, არანაირი პრობლემა არ გვაქვს. გავუმეორე, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამოვიძახოთ და ვუთხარი, რომ ნაკრებში მასთან პრობლემა არავის აქვს. ჩემი აზრით, იგი ძალიან კარგი ფორვარდია, მაგრამ არ არის მოთამაშე, რომელიც კოლექტიურ, გუნდურ თამაშსა და სქემაში იდეალურად ჯდება.

ამ ასპექტში პრატო საუკეთესოა, მაგრამ მას იმდენი ვერ გააქვს, რამდენიც იგუაინს. იკარდი მეტოქის საჯარიმოსთან ძალიან სახიფათოა და ახლა ძალიან თავდაჯერებულია, კარგად გამოიყურება. სამაგიეროდ, ის არ არის ფეხბურთელი, რომელიც ბურთის დაჭერაში დიდად გეხმარება. გამოვიძახებთ თუ არა მაუროს 9 ივნისს ბრაზილიასთან მატჩისთვის? შეიძლება, არ ვიცი" - განუცხადა ცოტა ხნის წინ "ლა ნასიონს" ბაუსამ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ არათუ ერთ-ერთი, არამედ ორივე დააკლდა - როგორც პრატო, ასევე იგუაინი - ერთგვარი დანაპირები არ შეასრულა და იკარდი დააიგნორა.

პერუ შეეცდება, ჩავლილი მატარებლის დევნა ბოლო ძალ-ღონით გააგრძელოს, რისთვისაც ურუგვაი უნდა დაამარცხოს, მაგრამ თუ ოსკარ ტაბარესის გუნდმა ზედიზედ მესამე მატჩი წააგო, გვარიანად გაირთულებს საქმეს და ურუგვაელები ძალიან ფრთხილად იქნებიან. აი, ეკვადორი-კოლუმბია კი, უბრალოდ, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იქნება და წაგებული ალბათ, საბოლოოდ მუნდიალს მიღმა დარჩება.

29 მარტი
ბოლივია-არგენტინა 00:00
ეკვადორი-კოლუმბია 01:00
ჩილე-ვენესუელა 02:00
ბრაზილია-პარაგვაი 04:45
პერუ-ურუგვაი 06:15

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბრაზილია 13 9 3 1 32-10 30
2. ურუგვაი 13 7 2 4 25-15 23
3. არგენტინა 13 6 4 3 15-12 22
4. კოლუმბია 13 6 3 4 16-15 21
5. ეკვადორი 13 6 2 5 23-18 20
6. ჩილე 13 6 2 5 21-18 20
7. პარაგვაი 13 5 3 5 13-18 18
8. პერუ 13 4 3 6 20-22 15
9. ბოლივია 13 2 1 10 10-32 7
10. ვენესუელა 13 1 3 9 16-31 6

ბომბარდირები: 9 - ედინსონ კავანი (ურუგვაი); 7 - ფელიპე კაისედო (ეკვადორი); 6 - არტურო ვიდალი (ჩილე); 5 - ნეიმარი (ბრაზილია), გაბრიელ ჟესუსი (ბრაზილია), ჯოზეფ მარტინესი (ვენესუელა), ალექსის სანჩესი (ჩილე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული