მჩ 2018. ბრაზილიის ნაკრები: ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტე(ე)ბი

AutoSharing Option
* ბრაზილიის ნაკრები ერთადერთი გუნდია, რომელმაც ყველა მუნდიალზე მიიღო მონაწილეობა.
* ბრაზილიის ნაკრებმა შესარჩევი ციკლის დასრულებამდე 4 ტურით ადრე გაინაღდა მუნდიალის საგზური.
* 2018 წლის მუნდიალზე 32-დან მხოლოდ 2 საგზურია განაწილებული: მასპინძელი რუსეთი და ბრაზილია.

ბრაზილიის ნაკრები პირველი გუნდია, რომელმაც შესარჩევი ეტაპიდან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე თამაში გაინაღდა. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია თუ ნაკრების ბოლოდროინდელ კრიზისსა და საშინაო მუნდიალის ფიასკოს გავითვალისწინებთ.

"სელესაომ" რუსეთის საგზური საკვალიფიკაციო ეტაპის დამთავრებამდე 4 ტურით ადრე მოიპოვა და თან ეს შთაბმეჭდავი თამაშის ფონზე გააკეთა.

ამ ყველაფრის
შემოქმედი ადენორ ლეონარდო ბაკი ანუ იგივე ტიტეა. იტალიური ფესვების მქონე 55 წლის სპეციალისტის მიწვევა ადრეც ბევრს სურდა. ამბობდნენ, რომ მისი მიწვევა ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნებოდა, რადგან ერთ-ერთი იშვიათი წარმომადგენელი გახლდათ იმ მწვრთნელებისა, რომლებმაც ბრაზილიაში დროს ფეხი აუწყვეს და პრაგმატულ-ევროპული ფეხბურთის მქადაგებელნი არიან.

თუმცა, ალბათ, ასეთ ადამიანებს, ტიტეს მომხრეებსაც კი ვერ წარმოედგინათ, რომ იგი სასარგებლოს სასიამოვნოს ასე ოსტატურად შეუთავსებდა, თანაც, თავიდანვე ნაკრები ასე კარგად ითამაშებდა.

ტიტეს ხელში ბრაზილიამ 9 მატჩი ჩაატარა და ყველა მოიგო, აქედან 7-ში კი კარი მშრალად შეინახა, სულ გაიტანა 25 გოლი…. ამართლებს ტიტეს ორიგინალური და სარისკო გადაწყვეტილება კაპიტნის როტაციასთან დაკავშირებითაც.

სამკლაურის ხან რომელი და ხან რომელი მოთამაშისთვის გადაცემით ტიტე ცდილობს იმის ჩვენებას, რომ ნაკრებში ლიდერის თვისებებით დაჯილდოებული არაერთი მოთამაშეა და ფსიქოლოგიური, მენტალური მზაობის გაძლიერებას. ასე რომ, ახლა ბრაზილიაში ყველა კმაყოფილია და ფანებს შეუძლიათ იმღერონ კიდეც - ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტეებიო. ზოგი მეექვსე ჩემპიონობაზეც კი ალაპარაკდა, მაგრამ იქამდე ჯერ შორია…

Sportall.Ge

ტიტეს ვარსკვლავები
უპირველეს ყოვლისა, ნეიმარი უნდა ვახსენოთ, რადგან ბრაზილიელი "ბარსელონასა" და ნაკრების აწმყოცაა და მომავალიც. შეტევების სულისჩამდგმელი და ორგანიზატორია. არც პატარა ჯადოქარი ფილიპე კოუტინიო აკლებს და მისი თანაკლუბელი აგრეთევე ლივერპულელი რობერტო ფირმინოც უცვლელ წევრად იქცა ნაკრებისა. ამას ემატება "ჩელსის" ვილიანი, რომელიც ახლა საუკეთესო ფორმაში არ არის, მაგრამ დამატებითი იარაღია. დაცვა გამოცდილი ტიაგო სილვასა და მარსელოს გარშემოა აგებული, რომელთა გვერდითაც ახალგაზრდა მარკინიოსი და სხვანი იზრდებიან.

არ დაგვავიწყდეს, რომ ბოლო მატჩები ასე კარგად ბრაზილიამ ტრავმირებული გაბრიელ ჟესუსისა და დუგლას კოშტას გარეშე ჩაატარა. არადა, ისინი უკვე დამკვიდრდნენ ნაკრებში და ტიტეს დიდი სიმპათიებითაც სარგებლობენ. ჟესუსს 6 მატჩში 5 გოლიც აქვს გატანილი.

საიმედო დასაყრდენი
შედარებით მეორე პლანზე არიან, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელობის ფიგურებად გვევლინებიან ფეხბურთელები, რომლებსაც ტიტე ძალიან ენდობა, მაგრამ მართლაც მთავარი ვარსკვლავების ჩრდილში ექცევიან. ნათელი მაგალითი პაულინიოა. მას პრემიერლიგაში კარიერა არ აეწყო, ახლა კი ჩინეთში წავიდა. ბევრა იგი ჩამოწერა, მაგრამ ტიტემ - არა.

პაულინიომ ბოლო ორ მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ იგი საყრდენი ნახევარმცველია და გოლების გატანა ან შექმნა სულაც არ ევალება, მაგრამ ტიტეს სქემაში იდეალურად ჯდება. ბევრია სხვა ნახევარმცველებზე "სიტის" ფერნანდინიოზე, "რეალის" კაზემიროზე, ასევე ჩინეთში გადაბარგებულ რენატო აუგუსტოზე და "ზენიტის" ლიდერ ჟულიანოზე დამოკიდებული. არ გვავიწყდებიან გამოცდილი მცველები ფილიპე ლუიში, დანი ალვეში და მირანდა, რომლებსაც ტიტე პერიოდულად აკაპიტნებს. ვეტერანი რობინიოც აქვეა, თუ საჭირო იქნება.

და რასაკვიველია, მეკარე ალისონი. მართალია იტალიის სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ის არ თამაშობს და ვოიცეხ შჩესნის დუბლორია, მაგრამ ევროპის ლიგაზე და თასზე თავი მშვენივრად წარმოაჩინა და ბევრი თვლის, რომ რაც მალე გახდება "რომას" ძირითადი მეკარე მით უკეთესი "გლადიატორთათვის". ალისონი სულ რაღაც 24 წლისაა და მხოლოდ 1 წლით უფროსია კიდევ ერთ ნიჭიერ მეკარეზე ედერსონ მორაეშზე.

ვისია მომავალი?
ტალანტები ბრაზილიას არასდროს აკლდა და არც ამ თითქოს, რთულ პერიოდში აკლია. თუ მაგალითად გაბრიელ ჟესუსმა თავი უკვე დაიმკვიდრა, ახლო მომავალში იგივეს ველოდებით გაბრიელ ბარბოსასგან, იქვე არიან როდრიგო კაიო, ჟორჟე, "მონაკოს" ფაბინიო, რომელზეც გრანდები ნადირობენ ასევე, არასტაბილური, მაგრამ საოცრად ნიჭიერი ფელიპე ანდერსონი. არც რაფინია, ტიაგო მაია, უოლასი, ვენდელი და სხვანი გვავიწყდება.

შანსის მოლოდინში…
ტიტეს რესურსი ამით არ იწურება. მაგალითად, ოსკარს მის ხელში ჯერ არ უთამაშია, არც ჰალკს. ლუკას მოურა ჯერ მხოლოდ 24 წლისაა. თავიანთ შანსს ელიან ალექს ტეიშეირა, ლუის გუსტავო, დანილო და ალექს სანდროც.

ვის ენდობა ტიტე
აქვე გთავაზობთ სიას თუ ვინ თამაშობს ტიტეს ხელში ყველაზე ხშირად. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რამდენიმე მოთამაშეს სავარაუდოდ უფრო მეტი შეხვედრა ექნებოდა ჩატარებული ტრავმა რომ არა.

მეკარე: ალისონი (8)
დაცვა: მარკინიოსი (8), მირანდა (8), დანი ალვეში (7), მარსელო (6)
ნახევარდაცვა: პაულინიო (8), რენატო აუგუსტო (8), კაზემირო (4), ფერნანდინიო (4)
თავდასხმა: ნეიმარი (7), კოუტინიო (6), გაბრიელ ჟესუსი (6)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული