"თუ ვინისიუსი გაუძლებს საზოგადოების ზეწოლას, ის უმაღლეს დონეს მიაღწევს. პერსპექტიული ბიჭია, მაგრამ ნუ იჩქარებთ. კიდევ ბევრი აქვს გასავლელი. ვფიქრობ, ხალხს ეს ესმის", - განაცხადა სპეციალისტმა. მისი მიმართვა გასაგებია: დააკვირდით ამ ბიჭს, მაგრამ ნუ აჰკიდებთ დროზე ადრე დიდ ტვირთს.
მაგრამ მადრიდის "რეალი" არასდროს არავის უსმენდა. ნორჩმა ჟუნიორმა "უფროსების" დონეზე მხოლოდ
პრესის ცნობით, ტრანსფერი შედგა, მაგრამ მადრიდულ გუნდში თამაშს ჟუნიორი მხოლოდ მომავალი წლის ზაფხულში დაიწყებს: 2018 წლის 12 ივლისს ვინისიუსს 18 წელი შეუსრულდება და დიდი ალბათობით, 2019 წლის ზაფხულამდე ჟუნიორი "ფლამენგოში" ითამაშებს იჯარის წესით. 45 მილიონი ბიჭისთვის, რომელსაც 2019 წლამდე ვერ ვიხილავთ "სანტიანგო ბერნაბეუზე"? მაინც ვინ არის ეს ჟუნიორი?
10 წლამდე ვინისიუსი ბურთს სან გონსალუს ქუჩებში აგორებდა და დაიმსახურა შეთავაზებები პრესტიჟული ბრაზილიური კლუბებისგან. უკვე მაშინ ჟუნიორი გამოირჩეოდა თანატოლებს შორის. ამიტომაც "ფლამენგოში" ჩარიცხვის შემდეგ ასაკით უფრო დიდ ჯგუფებთან ვარჯიშობდა. 15-წლამდელთა ნაკრებში ის 13 წლისა მოხვდა და ორი წლის შემდეგ გაიბრწყინა სამხრეთ ამერიკის იუნიორთა ჩემპიონატზე, როცა ექვს მატჩში ექვსი გოლი გაიტანა.
მთავარი პრომოუშენი ამავე ტურნირზე შედგა, ოღონდ 17-წლამდელთა კატეგორიაში. ბრაზილიელები ჩემპიონები გახდნენ, ჟუნიორმა 7 გოლი გაიტანა და საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მიიღო. მისი თამაშის ვიდეოები სწრაფად გავრცელდა ინტერნეტით და ევროპიდან შეთავაზებები დროის ამბავი იყო.
პირველი "ფლამენგოსთან" კავშირზე "მანჩესტერ იუნაიტედი" გავიდა, მაგრამ გაოგნებული და იმედგაცრუებული დარჩა მოთხოვილი თანხით. "რეალს" ციფრები არასოდეს აშინებდა, ამიტომაც მაისის დასაწყისში ვინისიუსმა სამედიცინო შემოწმება გაიარა მადრიდიდან ჩასული ექიმების მეთვალყურეობით. იმ მომენტში, ჟუნიორს "ფლამენგოს" პირველ გუნდში ერთი წუთიც არ ჰქონდა ნათამაშები.
დებიუტი 14 მაისს შედგა. საჭირო იყო ბიჭის გასინჯვა. ამიტომაც ჟუნიორი 9 წუთით შეუშვეს მოედანზე "ატლეტიკო მინეიროს" წინააღმდეგ. ამ დროში ბიჭმა ერთი ზუსტი გადაცემა შეასრულა, უსარგებლოდ მიდიოდა ფინტებზე და ბურთს კარგავდა. 21 მაისს, ვინისიუსი ისევ შეცვლაზე შევიდა მოედანზე, მაგრამ ისევ ვერაფრით გამოიჩინა თავი.
World Soccer-ის ჟურნალისტმა ტიმ ვიკერიმ ჟუნიორი ლულინიას შეადარა. 10 წლის წინ ამ ბიჭმაც გაიბრწყინა იუნიორთა ნაკრებში და "კორინთიანსის" მთავარ გუნდში მოხვდა. დღეს ლულინია სამხრეთ კორეაში თამაშობს - მხოლოდ ეს ვიცით მის შესახებ.
"ნეიმარი სწორად მოიქცა. "სანტოსიდან" "ბარსელონაში" გადასვლისას, ის აღარ იყო თინეიჯერი. ნეიმარი სტაბილურად თამაშობდა სასტარტო შემადგენლობაში და მას ზურგს უმაგრებდა სამი ჩემპიონობა და ლიბერტადორესის თასი. როცა ახალგაზრდა ფეხბურთელები ადრე მიდიან ტოპ-კლუბებში - ეს დიდი შეცდომაა. გამგზავრებამდე ნეიმარმა და რობინიომ თავიანთი შესაძლებლობები ბრაზილიაში დაამტკიცეს. ისინი მზად იყვნენ. აი, ვინისიუსს კი გრძელი გზა ელის", - მიაჩნია სოკრატესის ბიოგრაფიის ავტორს, ენდრიუ დოუნის.
ჟუნიორის ყველაზე ცხადი მინუსი - ასაკია. გარდა იმისა, რომ ბიჭი ვერ დაიკვეხნის გამოცდილებით პროფესიულ ფეხბურთში, ის ყოველთვის არ ფიქრობს - რას ლაპარაკობს. ამას წინათ, Fox Sports Brazil-ის ეთერში ვინისიუსმა აღიარა, რომ ლეო მესის ფანია, ხოლო FIFA2017-ში "ბარსელონათი" თამაშობს. "რეალის" გულშემატკივრებს მოუწევთ ამასთან შეგუება.
"რეალი" ერთხელ უკვე შეცდა, როცა სკოლის მოსწავლე მარტინ ედეგორი მილიონერად აქცია. ყველამ იცის, რა გამოვიდა აქედან: ნორვეგიელი "ჰერენვეენში" ჩაიკარგა. ვნახოთ, რა იქნება ჟუნიორის შემთხვევაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"