სოკრატესი - ლეგენდა, ექიმი, ფილოსოფოსი, რევოლუციონერი

AutoSharing Option
თუ ფეხბურთელი ხარ, არ არის აუცილებელი იყო სულელი მდიდარი, რომელიც ორ სიტყვას ვერ აბამს ერთმანეთზე. გემოვნების დეფიციტი, ნაყიდი დიპლომი, ლამაზი, მაგრამ უტვინო ცოლი, უმიზნო არსებობა და რეპი ცხოვრების საუნდტრეკად - თანამდეროვე ფეხბურთელთა დიდი ნაწილი სწორედ ასე ცხოვრობს.

დრო მხოლოდ როკს ცვლის რეპზე და აგრეთვე, იცვლება ვარცხნილობები. ბრაზილიელი სამპაიო დე სოუზა ვიეირა დე ოლივეირა ან უბრალოდ, სოკრატესი - ყოველ წამს ამსხვრევდა ამ წარმოდგენას თავისი არც ისე გრძელი, მაგრამ საგულისხმო ცხოვრებით.

სოკრატესი 1982 წლის ბრაზილიის ნაკრების კაპიტნის სამკლავურს ატარებდა. ეს იყო ბრწყინვალე
გუნდი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი ვერ მოიგო, მაგრამ ყველას დაამახსოვრა თავი. 1982 წელს, იტალიელებთან დამარცხების შემდეგ, ტიროდნენ არა მხოლოდ ბრაზილიელი ფეხბურთელები, მათი ფანები და მთლიანად ბრაზილია, არამედ თითქმის მთელი მსოფლიო.

"ფეხბურთი - ეს ხელოვნებაა, ფეხბურთელები უნდა ქმნიდნენ მოედანზე. ვან გოგსა და დეგას რომ სცოდნოდათ - მათი ნამუშევრები მსოფლიო აღიარებას მოიპოვებდნენ, მაშინ ისინი არ შექმნიდნენ მათ. უნდა დატკბე ხელოვნებით და არ იფიქრო გამარჯვებაზე", - ფილოსოფიურად იტყვის მოგვიანებით სოკრატესი.

* * *
ფეხბურთელის მშობლებმა ბავშვებს მეცნიერებისა და წიგნების მიმართ სიყვარული ჩაუსახეს: სოკრატესის ერთ-ერთ ძმას ანტიკური შემოქმედის - დრამატურგი სოფოკლეს სახელიც კი დაარქვეს. მამა რაიმუნდომ ვაჟს თავში ჩაუნერგა - ცხოვრება საზოგადოებისთვის სამსახურს უნდა მიუძღვნა. და სოკრატესი ადრეული წლებიდან ოცნებობდა პედიატრის დიპლომზე.

გასაკვირი არ არის, რომ რაიმუნდო ფეხბურთს დროის ფუჭ ფლანგვად მიიჩნევდა: როცა ბრაზილიის ნაკრების მომავალი კაპიტანი ეროვნულმა სპორტმა (უფრო სწორად, რელიგიამ) გაიტაცა, მამამ ბურთთან მიახლოება აუკრძალა. და სოკრატესმა მშობლების მოტყუება დაიწყო - საიდუმლოდ თამაშობდა. თან მამისთვისაც არ უღალატია, რადგან მთელი თავისი კარიერა საზოგადოებისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვან მოღვაწეობას მიუძღვნა.

11 წლის ასაკში, ბიჭი ნამდვილი მამაკაცების გუნდში მოხვდა: მან დიდი თხოვნების შემდეგ დაითანხმა მწვრთნელი ადგილობრივ ზრდასრულ ფეხბურთელებს შორის ევარჯიშა. და ბიჭს მაშინვე მიეცა თამაშის საშუალება რამდენიმე ძირითადი მოთამაშის ტრავმის გამო. ორი დღის შემდეგ, სოკრატესმა პირველი სათამაშო ფორმა და ბუცები მიიღო და კინაღამ შეიშალა ბედნიერებისგან.

მაგრამ, ბავშვობის ოცნება არსად გამქრალა და როცა "ბოტაფოგომ" 16 წლის იუნიორს პირველი პროფესიული კონტრაქტი შესთავაზა, თავხედმა მკაცრი პირობა წამოაყენა: კლუბმა ხელი არ უნდა შეუშალოს მის სწავლა-განათლებას სამედიცინო ინსტიტუტში. სოკრატესის გვერდით ვარჯიშობდნენ ბიჭები, რომელთათვისაც ოცნება - პროფესიული სპორტი - უკვე რეალობა იყო. მაგრამ ნახევარმცველი ყოველთვის ამბობდა, რომ მისთვის ფეხბურთი - მხოლოდ ჰობია.

თანაგუნდელებსა და თანაკურსელებს ზუსტად ესმოდათ მისი მისწრაფება. მოგვიანებით, სოკრატესი ყვებოდა, რომ მხოლოდ უნივერსიტეტსა და კლუბში მეგობრების მხარდაჭერამ გადაარჩინა და ჭკუიდან არ გადავიდა ხუთი წელი აუტანელი დატვირთვებისგან.

სამედიცინო ლიტერატურის შესწავლის, ღამღამობით მაკიაველის, პლატონის, კანტისა და ფროიდის წიგნების კითხვის პარალელურად, სოკრატესი სან პაულუს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ხოლო, როცა სწავლა დასრულებული იყო და სასურველი დიპლომი ხელში ეჭირა, ის "კორინთიანსში" გადავიდა, სადაც თითქმის მითიური გმირი გახდა.

* * *
ტრანსფერი გააფორმეს მაშინ, როცა ექიმი ფეხბურთელი უკვე 24 წლის იყო - კლუბმა, ფაქტობრივად უცნობი ფეხბურთელი შეიძინა. მაგრამ სოკრატესმა მოიკლა სწავლის წყურვილი და მთლიანად თავის ჰობიზე გადაერთო. ის მკვეთრი და თავშეუკავებელი იყო მოედანზე, სვამდა და ეწეოდა მოედნის მიღმა, თამაშებზე წვივსაფარს არ იკეთებდა... ქუსლით ბრმა გადაცემებს სოკრატესი რონალდინიომდე გაცილებით ადრე აკეთებდა.

გამორბენის გარეშე საფირმო პენალტი კი ნერვებს აწყვეტდა მეკარეებს. 1978-84 წლებში მან "კორინთიანსის" რიგებში 297 მატჩი ჩაატარა და 172 გოლი გაიტანა - შესანიშნავი შედეგია ფლანგის ნახევარმცველისთვის, რომელიც თითქმის ორი მეტრი სიმაღლისა იყო.

ნაკრებში ჩამოყალიბდა ფანტასტიკური ჯგუფი: ზიკო, სოკრატესი, ფალკაო, ედერი და სერეზო. მაგრამ ერთი რამ გამოარჩევდა პედიატრ-ფეხბურთელს ვარსკვლავებისგან და მან მოუტანა კაპიტნის სამკლავური. მეგობრებისგან განსხვავებით, სოკრატესი არასოდეს მალავდა თავის ზიზღს ბრაზილიაში გამეფებული პოლიტიკური რეჟიმის - სამხედრო დიქტატურის მიმართ.

სრულიად ბრაზილიის საყვარელი ფეხბურთელი მოუხელთებელი იყო პოლიტიკური დევნისთვის და ყოველთვის ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა. სოკრატესს პოლიტიკოსებისთვის მაგალითად მოჰყავდა ფეხბურთი, როგორც უმაღლესი დემოკრატიული ღირებულებების ეტალონი. დადიოდა მიტინგებზე და აგულიანებდაა ბრბოს. სოკრატესმა მოიზარდა ულვაშები, წვერი და თმა, რათა ჩე გევარას დამგვანებოდა. ექიმმა-ბომბარდირმა თავის თანაგუნდელებს შორის სოციალური დაჯგუფების შექმნას გაუწია ორგანიზება და "კორინთიანსი" წინააღმდეგობის სიმბოლოდ გადააქცია: თუ კლუბის ფერებს იცვამდი, მაშინ უკმაყოფილების მესიჯს უგზავნიდი რეჟიმს.

მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატიდან ბრაზილიის გამოვარდნის შემდეგ, სოკრატესმა "კორინთიანსში" კიდევ ორი წელი გაატარა. როცა ნახევარმცველი 30 წლის გახდა, ერთი სეზონით "ფიორენტინაში" წავიდა, კიდევ ორ ბრაზილიურ გუნდში ირიცხებოდა და კარიერა 35 წლის ასაკში დაასრულა.

ჰობისთან გამოთხოვების შემდეგ, სოკრატესმა საქმეს მიხედა: მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი, ფეხბურთში მიღებული თანხის დიდი ნაწილი ერთ-ერთი კლინიკის რეკონსტრუქციაში ჩადო და ყოფილი ფეხბურთელი იქვე ექიმად მუშაობდა, საკუთარ კაბინეტში კი სოკრატეს ბიუსტი დაიდგა.

რაოდენ პარადოქსულიც არ უნდი იყოს, სამხედრო რეჟიმის მძლეველმა ალკოჰოლიზმი ვერ დაამარცხა. სასმელმა სოკრატესი 57 წლის ასაკში დაამარცხა. იმავე დღეს, "კორინთიანსმა" ისტორიაში მეხუთე ჩემპიონობა გაიფორმა. მოთამაშეები ტიტულს ასე ზეიმობდნენ - ხელებს ზემოთ სწევდნენ და ცას უყურებდნენ - ასე აღნიშნავდა ყოველ გოლს სოკრატესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
დიდი კაცი ყველა გაგებით.
goga kakabaze
10:42 26-06-2017
0
eseti statiebi gagxdit ufro sainteresos vidre xart, thx
0

სიახლეები პოპულარული