არგენტინა: რომერო, საბალეტა, ბურდისო, გ. მილიტო, ძანეტი, ბანეგა (72. იგუაინი), მასკერანო, კამბიასო (60. გაგო), მესი, ტევესი, ლავეცი (60. აგუერო).
კოლუმბია: მარტინესი, ცუნიგა, პერეა, იეპესი, არმერო, სანჩესი, მორენო (91. მოსკერა), აგილარი, გუარინი, რამოსი (89. სოტო), ფალკაო (87. გუტიერესი).
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: სერხიო რომერო (არგენტინა)
თ მ ფ წ ბ ქ
1.კოლუმბია 2 1 1 0 1-0 4
2. არგენტინა 2 0 2 0 1-1 2
3. ბოლივია 1 0 1 0 1-1 1
4. კოსტა რიკა 1 0 0 1 0-1 0
როდესაც ბარსელონელმა გაბრიელ მილიტომ უკან პასი მოუზომლად მიაწოდა საკუთარ გოლკიპერს და ის კოლუმბიელთა ფორვარდ ადრიან რამოსის ნადავლი გახდა, მთელმა არგენტინამ შიშისგან თვალები დახუჭა... მაგრამ ამის შემდეგ წლევანდელ
ასე გადარჩა არგენტინა და ეს ერთადერთი შემთხვევა არ იყო. ყველაფერს, რომ თავი გავანებოთ, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ოფიციალურად დაასახელეს სერხიო ბატისტას გუნდის გოლკიპერი სერხიო რომერო. თავად ეს ფაქტიც ბევრ რამეზე მეტყველებს.
ეს არგენტინელთა ზედიზედ მეორე ფრე იყო. მასპინძლებს, რა თქმა უნდა, პლეი ოფში გასვლის შანსები კიდევ აქვთ, თუმცა გუნდზე ზეწოლა მატულობს და კოსტა რიკასთან ქულების დაკარგვაც აღარ შეიძლება.
თავიდან, თითქოს, არგენტინამ შეუტია. სახიფათო იყო ესტებან კამბიასოს ჩაწოდება, თუმცა კოლუმბიელთა მეკარემ შეძლო სიტუაციის განმუხტვა. ლეო მესიმ ერთი-ორი კარგი პასი დაარიგა, მათ შორის იყო ბრწყინვალე გადაცემა ესეკიელ ლავეცის მიმართულებით, მაგრამ მასპინძელთა მარჯვენა გარემარბმა ვერ აჯობა მეკარე მარტინესს, რომელმაც ამჯერად ფეხით მოიგერია ბურთი. გავბედავთ და ვიტყვით, რომ ამაზე კარგი საგოლე შანსი არგენტინას აღარ ჰქონია.
მეორე ტაიმში საქმეში უკვე რომერო ჩაერთო, რომელმაც არმეროსა და ფალკაოს დარტყმები მოიგერია. ბატისტამ ამჯერადაც შეუშვა მოედანზე "ჯოკერი" სერხიო აგუერო, მაგრამ კუნმა ამჯერად თავი ვეღარ გამოიჩინა.
არგენტინის ნაკრები თავჩაქინდრული ტოვებდა სტადიონს, ხოლო გულშემატკივარი ტრიბუნებიდან "მარადონა, მარადონას" სკანდირებდა...
სერხიო ბატისტა (არგენტინის მწვრთნელი): "ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გვინდოდა და როგორც ამხანაგურებში გამოგვდიოდა. სულ სხვა თამაშს ველოდით და მივიღეთ მოსაწყენი სანახაობა. ჯერჯერობით კვლავ მჯერა ჩემი ფეხბურთელების და ვიცი, რომ ისინი მიზანს მიაღწევენ, მაგრამ შეტევაში ძალიან ზანტად ვიქცევით. შემდეგ თამაშში ორი საყრენით გამოვალთ და ერთ გარემარბს დავამატებთ, მგონი ეს ცვლილება საჭიროა. ახლა საჭიროა მოვუგოთ კოსტა რიკას, დავაგროვოთ 5 ქულა და მშვიდად გავიდეთ მეოთხედფინალში. მესიმ ვერ გაიბრწყინა იმის გამო, რომ ოპონენტებმა მას სივრცე შეუზღუდეს."
რადამელ ფალკაო (კოლუმბია): "არგენტინას რაღაც ნაღდად აკლდა ამ თამაშში, მაგრამ, ისიც ვიცი, რომ ეს გუნდი მოუმატებს. ორივე ნაკრებმა კარგად ითამაშა, თუმცა ჩვენ უფრო მეტი მომენტი შევქმენით, არგენტინელები კი მეტად აკონტროლებდნენ ბურთს. ჩემი აზრით, არგენტინის ნაკრები პლეი ოფში აუცილებლად გავა."
დაირო მორენო (კოლუმბია): "ვიცოდით, რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა, არგენტინის ნაკრები ხომ მსოფლიოში საუკეთესოთაგანია. მაგრამ ჩვენ გვახასიათებს ნებისმიერ მატჩზე ისე გასვლა, თითქოს, ის ფინალია. მწვრთნელიც სწორედ ამას გვეუბნება. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდული გუნდი ვართ, დღეს დავამტკიცეთ, რომ თამაშის კარგი ორგანიზება შეგვიძლია. საბოლოო ჯამში, ძალიან მჭიდრო, დინამიკური და თვალსასეირო მატჩი გამოვიდა, იმის მიუხედავად, რომ გოლი არ გასულა. კარლოს სანჩესმა გამაოცა, მან მესი ისე "დაიჭირა", არგენტინელს უხეშობაზე ხმა არ ამოეღება, კარლოსი დღევანდელი შეხვედრის ვარსკვლავი იყო."
კარლოს ტევესი (არგენტინა): "კოლუმბიელებმა გასაქანი არ მოგვცეს. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, როგორ შევეჩერებინეთ, თამაშისთვის 100 პროცენტით მზად იყვნენ. ჩვენ ვიცოდით, რომ ჯგუფურ ეტაპზე გაგვიჭირდებოდა, რომ მოგება ძალიან რთული იქნებოდა, მაგრამ, გპირდებით, ყველაფერს ჩვენს სასიკეთოთ შემოვატრიალებთ."
ლუის ენრიკე მარტინესი (კოლუმბია): "ეს შედეგი ჩვენი გუნდისთვის ძალიან კარგია. თავს მატჩის გმირად სულაც არ ვთვლი, არგენტინელებს ნაღდად არ ჰქონიათ ჩვენზე მეტი საგოლე მომენტი. მართალია, დაცვაში უფრო მეტ ხანს ვიყავით, მაგრამ ეს იმიტომ, რომ შანსს ველოდით. არგენტინის რატომ უნდა შეგვშინებოდა? ფეხბურთის თამაში ჩვენც ვიცით. გაგვიჭირდა, რადგან მასპინძლებთან შერკინება ყოველთვის ძალიან რთულია, ჩვენ ხომ მოგება გვსურდა."
ერნან დარიო გომესი (კოლუმბიის მწვრთნელი): "არგენტინას ღირსეული ვარსკვლავი ჰყავს, მესის თამაშის შემდეგ არ დაუწყია წუწუნი და წარუმატებლობაში დამნაშავეების ძებნა. თავისი კეთილშობილებითაც, ლეო ნამდვილი ვარსკვლავია."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"