20-წლამდელთა კოპა ამერიკა: ბევრი გოლი და ბევრი წითელი

AutoSharing Option
არგენტინაში მიმდინარე ახალგაზრდულ კოპა ამერიკაზე ფინალური ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩები გაიმართა. მაყურებელმა ბევრი გოლი და ასევე ბევრი წითელი ბარათი იხილა.

თავიდან მოედანზე ჩილეს და პარაგვაის ნაკრები გუნდები გამოვიდნენ. ეს გუნდები ერთმანეთს პირველ ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდნენ და იმ შეხვედრაში გამარჯვება ჩილეს დარჩა (3:2). ამჯერად პარაგვაელებმა რევანშის აღება შეძლეს, მაგრამ პირველი ტაიმი ჩილემ გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკოლას კასტილიოს გოლით მოიგო. შეხვედრა ძალიან უხეში გამოდგა, რაზეც არბიტრის მიერ ფეხბურთელებისთვის ნაჩვენები 10 ყვითელი და 2 წითელი ბარათი მეტყველებს.

მეორე ტაიმში უპირატესობას პარაგვაი დაეუფლა,
რაც სამ გოლში გამოიხატა. მორიგი ბურთი გაიტანა დერლის გონსალესმა, ვისაც უკვე 4 გოლი აქვს გატანილი. "ბენფიკას" ფეხბურთელმა 81-ე წუთზე საგოლე პასიც ჩაიწერა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

პირველი მატჩის მსგავსად, პირველ ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს პერუ და ურუგვაიც შეხვდნენ. ის მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა, ამჯერად კი გამარჯვება ურუგვაის დარჩა. მორიგი გოლები გაიტანეს დიეგო როლანმა და ნიკოლას ლოპესმა. როლანმა ხუთი მატჩიდან მხოლოდ ეკვადორს ვერ გაუტანა, ნიკოლას ლოპესმა კი თავი ურუგვაის მიერ ჩატარებულ ხუთივე შეხვედრაში გამოიჩინა – "რომას" უნიჭიერესი შემტევი, უდავოდ, ტურნირის ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია.

ბოლო, მესამე შეხვედრა კი კოლუმბიას და ეკვადორს შორის შედგა. ზემოთ ჩამოთვლილ ფეხბურთელებთან ერთად, ამ კოპა ამერიკის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი კოლუმბიელი ხუან კინტეროც გახლავთ – "პესკარას" ფეხბურთელი სხვებს არ ჩამორჩა და თავისი გოლი მანაც გაიტანა. საბოლოოდ კოლუმბიამ 2:1 მოიგო და პირველი სამი ქულა ჩაიწერა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირზე შემორჩენილი 6 გუნდიდან, ახალგაზრდული კოპა ამერიკა მხოლოდ სამს აქვს მოგებული. ეს გუნდებია: ურუგვაი (7-გზის ჩემპიონი, ბოლოს 1981 წელს), კოლუმბია (2-გზის ჩემპიონი, ბოლოს 2005 წელს) და პარაგვაი (1971 წელს).

ფინალური ჯგუფი. I ტური.

ჩილე-პარაგვაი 1:3
გოლები: 1:0 ნ. კასტილიო (9), 1:1 დერლის გონსალესი (60), 1:2 მ. პერესი (77), 1:3 ლუსენა (81).
გაძევება: ლიჩნოვსკი (27) – გ. გომესი (22).

პერუ-ურუგვაი 1:3
გოლები: 0:1 ფორმილიანო (13), 1:1 რეინა (43), 1:2 ნ. ლოპესი (68), 1:3 როლანი (88).
გაძევება: დესა (27) – ე. ველასკესი (33).
კოლუმბია-ეკვადორი 2:1
გოლები: 1:0 ხ. ნიეტო (50), 2:0 კინტერო (70), 2:1 პარალესი (85).

მ ფ წ ბ ქ
1. პარაგვაი 1 1 0 0 3-1 3
2. ურუგვაი 1 1 0 0 3-1 3
3. კოლუმბია 1 1 0 0 2-1 3
4. ეკვადორი 1 0 0 1 1-2 0
5. პერუ 1 0 0 1 1-3 0
6. ჩილე 1 0 0 1 1-3 0

ბომბარდირები: 5 – ნ. ლოპესი (ურუგვაი); 4 – როლანი (ურუგვაი), დერლის გონსალესი (პარაგვაი); 3 – ნ. კასტილიო (ჩილე), ბორხა (კოლუმბია), ჯ. კორდობა (კოლუმბია), რეინა (პერუ), მ. პერესი (პარაგვაი), კინტერო (კოლუმბია).

მომდევნო ტური

24 იანვარი
ჩილე-ეკვადორი, პერუ-პარაგვაი, კოლუმბია-ურუგვაი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
20-წლამდელთა კოპა ამერიკა: ბრაზილიაც გავარდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული