მეკარე როჟერიო სენიმ კარიერაში 108-ე გოლი გაიტანა

AutoSharing Option
კოპა ლიბერტადორესის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი ორი მატჩი გაიმართა. ბრაზილიის ბოლო ჩემპიონატის მესამეადგილოსანმა "გრემიომ" სტუმრად "ლდუ კიტოსთან" წააგო, სერია "ა"-ში მეოთხეზე გასულმა და კოპა სუდამერიკანას გამარჯვებულმა "სან პაულომ" კი "ბოლივარს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით მოიგო.

აქამდეც არაერთხელ გვითქვამს, რომ "ლდუ კიტო"-"გრემიოს" წყვილი საკვალიფიკაციო ეტაპზე ცენტრალური დაპირისპირება იყო. ზოგადად, ორმატჩიან დუელში პირველი შეხვედრის 0:1 წაგება კარგი და სასიამოვნო შედეგი არ არის, მაგრამ მეტოქის და გარემო პირობების გათვალისწინებით, ეს მარცხი "გრემიოსთვის" კატასტროფა არ უნდა იყოს. "ლდუ კიტო" საკმაოდ ძლიერი გუნდია, ხოლო ეკვადორის დედაქალაქში
გაიშვიათებული ჰაერის გამო თამაში აბსოლუტურად ყველა გუნდს უჭირს.

მატჩის ერთადერთი გოლი 76-ე წუთზე კარლოს ფერაუდმა გაიტანა. საინტერესოა, რომ გაშვებულ გოლამდე ერთი წუთით ადრე სტუმართა კარში მარსელო გროე ჩადგა, რომელმაც 75-ე წუთზე დიდა შეცვალა, ვისაც ახალ კლუბში დებიუტი ჰქონდა. სტუმართა რიგებში პირველი მატჩები ჩაატარეს კრისმა, ვილიან ჟოზემ და ედუარდო ვარგასმა, მაგრამ ვერც მათ და ვერც ელანო-ზე რობერტო-მარსელო მორენოს ტრიომ მასპინძლებს გოლი ვერ გაუტანეს.

"სან პაულოს", ერთი შეხედვით, სუსტი მეტოქე შეხვდა, მაგრამ კიტოსი არ იყოს, თამაში ლა პასშიც ძალიან ძნელია, თუ უფრო ძნელი არა (ლა პასი ზღვის დონიდან 3600 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, კიტო – 2800 მეტრის სიმაღლეზე). შესაბამისად, ბრაზილიელებს პირველ შეხვედრაში სერიოზული ფორის შექმნა მართებდათ და "სან პაულომ" ამ ამოცანას თავი 100-პროცენტით გაართვა.

ძალიან კარგი მატჩი ჩაატარეს შემტევმა ფეხბურთელებმა – ლუიშ ფაბიანომ ორი გოლი გაიტანა, ჟადსონმა და ოსვალდომ თითო გოლს თითო საგოლე პასიც დაუმატეს, ხოლო გუნდის დებიუტანტი ალოიზიო ("ფიგეირენსედან" გადმოვიდა) საგოლე გადაცემით დაკმაყოფილდა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში ლეგენდარულმა როჟერიო სენიმ დააფიქსირა, რომელმაც 63-ე წუთზე პენალტი გამოიყენა. 40 წლის მეკარემ კარიერიაში 108-ე გოლი გაიტანა და ბომბარდირ მეკარეთა სიაში ლიდერის პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა (მეორეზე ხოსე ლუის ჩილავერტია 62 გოლით, მესამეზე კი ბულგარელი დიმიტარ ივანკოვი – 42 გოლით).

ლიბერტადორესის თასი. საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩები.

ლდუ კიტო-გრემიო 1:0
გოლი: 1:0 ფერაუდი (76).

სან პაულო-ბოლივარი 5:0
გოლები: 1:0 ოსვალდო (8), 2:0 ლუიშ ფაბიანო (21), 3:0 ლუიშ ფაბიანო (45), 4:0 ჟადსონი (60), 5:0 როჟერიო სენი (63-პენ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიბერტადორესის თასის გათამაშება დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული